Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 22 ივლისი


რუსეთის პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებები. „’ქართულმა ოცნებამ’ წმენდა დაიწყო“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობიდან დაითხოვა ხუთი მინისტრი, ხოლო ორი სხვა სამინისტროს ხელმძღვანელად გადაიყვანა.

რუსული გამოცემის თანახმად, მმართველი კოალიციის ხელმძღვანელობას პრეტენზია ჰქონდა რამდენიმე მინისტრთან, თუმცა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ იქნა მიღებული. არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა არაა კმაყოფილი მთავრობის მუშაობით. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ამომრჩეველთა ორმა მესამედმა მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში. ამასთან, სტატიაში ლაპარაკია იმაზეც, რომ მთავრობაში, საკადრო გადაადგილებების გარდა, ასევე ტარდება ღონისძიებები, რომელთა აფიშირებასაც საქართველოს ხელისუფლება ერიდება. კერძოდ, თითქოსდა იქმნება ანალიტიკური ჯგუფი, რომელმაც უნდა გამოიმუშაოს მოქმედების გეგმა იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდება. ამ ჯგუფმა ასევე უნდა მიადევნოს თვალი მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას, რომელიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე მოტანილია ქართველი ექსპერტების მოსაზრებები. ერთ-ერთის თანახმად, მთავრობას სჭირდება მეტი კოორდინაცია და ისეთი კადრების მოზიდვა, რომლებიც თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას და ოპერატიულად გადაწყვეტენ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს.

რუსეთის ბეჭდური მედია გაჯერებულია სტატიებით, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგ 777“-ს უკავშირდება. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ რუსეთის მიერ დასავლეთისათვის წარდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელია და რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე მსჯელობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ გამკაცრებაზე. გაზეთის თანახმად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ყველაზე მეტად დაზარალებული მხარის - ნიდერლანდების - პოზიციაზე. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაარწმუნებს უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებს, დაუშვას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი, მაშინ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს მკაცრი სანქციების შემოღებას. „კომერსანტი“ აქვე ციტირებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის გამონათქვამს, რომ რუსეთი რისკავს იქცეს გარიყულ სახელმწიფოდ.

„ნოვიე იზვესტია“ კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ ინიციატივაზე წერს. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ უცხოელებმა რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთისას უნდა გაიარონ ფოტოგრაფირებისა და დაქტილოსკოპიის პროცედურები. ინიციატივის ავტორ მიხეილ სერდიუკოვის თქმით, მოქალაქეთა დაქტილოსკოპია ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას და დაეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საეჭვო პიროვნებების დადგენასა და დანაშაულის გახსნაში.

თუმცა რუსი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ თითის ანაბეჭდების სავალდებულო აღების დაკანონება კონტრპოროდუქტიული იქნება. აი, რა უთხრა „ნოვიე იზვესტიას“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ კულიკოვმა: „გვყავს სპეცსამსახურები, რომელთაც კანონები და სხვა ნორმატიული აქტები აძლევთ საშუალებას უზრუნველყონ როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე უცხოელების უსაფრთხოება. რუსეთის კანონმდებლობა ასევე იძლევა ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლის წინაპირობას, ხოლო თუ 21-ე საუკუნეში გამოვიყენებთ ტოტალიტარულ მეთოდებს, მაშინ ისედაც მოკრძალებული ტურისტული ნაკადი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ზარალი მიადგება როგორც რუსეთის ბიუჯეტს, ასევე იმიჯს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG