Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 29 ივლისი


გაზეთი „კომერსანტი“ ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა, და აქვეყნებს სტატიას, სათაურით „მსოფლიოში არავინ განიხილავს რუსეთს პარტნიორად“. სტატიაში ციტირებულია ხიდაშელის მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. სტატიის ავტორი გიორგი დვალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხიდაშელი ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური პოლიტიკოსია და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით მკვეთრად აკრიტიკებს.

გიორგი დვალი ეხება ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტს და წერს, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთელი რიგი ანტირუსული განცხადებები გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად მარგველაშვილი შეეხო საზღვარზე არსებულ სიტუაციას და მას „ისტორიული უსამართლობა“ უწოდა.

საზღვრის თემა გააშუქა ასევე „ნეზავისიმაია გაზეტამ“. ჟურნალისტი ვლადიმირ გუნდაროვი წერს, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება ნავთობის მილსადენის გამო წარმოიქმნა, რომლის კონტროლირება ორივე მხარის ინტერესშია.

„კომერსანტში“ კი ვკითხულობთ, ნატოში შეშფოთებულები არიან იმით, რომ, თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაუქმდა, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდესო.

ნატოს თემას ეხმაურება „არგუმენტი ი ფაქტიც“, თუმცა სხვა კუთხით. ალექსანდრ გრუშკო, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე ნატოს გაფართოება ევროპისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

კიდევ ერთ სტატიაში „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას. აბაშიძის თქმით, თბილისი საზღვრების შეცვლას არ უნდა შეეგუოს. ჟურნალისტი კი, თავის მხრივ, წერს, რომ რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს.

რუსული პრესა ასევე აშუქებს პროცესს, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირებას მოჰყვა. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, ფასის მომატების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დიდი აქცია გაიმართა. ჟურნალისტი იური როკსი წერს, რომ საქართველოში ღრმად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ პოლიტიკურ პროცესებს ისევ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ამიტომ მომიტინგეები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ოფისებთან არ გადანაწილებულან და პირდაპირ ყოფილი პრემიერისკენ აიღეს გეზი. აქვე ვკითხულობთ, რომ მოსახლეობა აღშფოთებულია, რადგან, დაპირების თანახმად, პირიქით, ტარიფების დაწევას ელოდებოდნენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს მიტინგი, თავისი არსით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოხატული პირველი საზოგადოებრივი პროტესტია. იქვე მას მოჰყავს ოპოზიციური პარტიების წამომადგენელთა კომენტარები, რომლებშიც ისინი ამბობენ, რომ მსგავსი გამოსვლები შესაძლოა უფრო მასშტაბურ აქციებშიც გადაიზარდოს.

„არგუმენტი ი ფაქტი“ წერს ასევე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც გადაწყვიტა რეპერი ტიმათი ოდესაში არ შეუშვას და კონცერტის ჩატარების ნება არ მისცეს. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის არგუმენტი ის არის, რომ ტიმათიმ უკრაინა შეადარა რუსეთის უმცროს ძმას, რომელმაც სმა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG