Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს საყვედურობს გაშვილებული რუსი ბავშვების გამო


პაველ ასტახოვი
პაველ ასტახოვი
რუსეთის მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ბევრს ლაპარაკობენ რუსეთიდან გაშვილებული 3 წლის ბიჭის, მაქსიმ კუზმინის, დაღუპვის ფაქტზე, რაც 21 იანვარს აშშ-ში, ტეხასში, მოხდა. რუსეთის მთავრობის მიერ ამ ტრაგიკული შემთხვევის პოლიტიზების ფონია რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს მიუსაფარი და უდედმამო რუსი ბავშვების გაშვილებას აშშ-ების მოქალაქეებზე.

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის ოფისის ხელმძღვანელს პაველ ასტახოვს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მიმდინარე კვირაში არაერთხელ დადასტურდა. 18 თებერვალს მან „ტვიტერით“ გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთიდან გაშვილებული 3 წლის მაქსიმ კუზმინის დაღუპვის შესახებ.

ასტახოვის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოჰყვა დიდი ხმაური რუსეთის სახელმწიფო დუმაში, რომლის წევრებმაც მოუწოდეს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს აშშ-ის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილების პროცესი, რაც გაშვილების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებამდე დაიწყო და ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან რუსი კანონმდებლების მიერ მიღებულ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დაიბარეს ქვეყნის საგამომძიებლო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რომელმაც 20 თებერვალს მოახსენა რუს კანონმდებლებს, რომ ნაშვილები რუსი ბაშვების დაღუპვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული:

„ამერიკელი მოქალაქეების მიერ ნაშვილები რუსი ბავშვების უფლებათა დარღვევის მთელ რიგ აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ აღიძრა 11 სისხლის სამართლის საქმე. ეს შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, ამერიკული კანონმდებლობის ფარგლებში, განთავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან“.

როგორც ზემოთ ითქვა, ნაშვილები მაქსიმ კუზმინი 21 იანვარს დაიღუპა, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა პაველ ასტახოვმა კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიაქცია ამ ფაქტს ყურადღება. როცა ამ დაგვიანებულ რეაქციაზე შეეკითხნენ, ასტახოვმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მის ოფისში არსებული მონიტორინგის ჯგუფი დასავლეთის მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს სწავლობს და შესაბამის მტკიცებულებებს გაშვილებული რუსი ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე ამ გზით მოიპოვებს:

„საქმე ისაა, რომ სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატში ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლოს შევქმენით ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებს, უცხოურ - კერძოდ, დასავლეთის, აშშ-ის უფლებადამცველი ორგანიზაციების - საიტებს სწავლობს და ასე ღებულობს ინფორმაციას“.

ასტახოვი ბრალს სდებს აშშ-ის ხელისუფლებას იმაში, რომ იგი ვერ ახერხებს მიაწოდოს მის ოფისს ინფორმაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთიდან აშშ-ში გაშვილებული 60 ათასი ბავშვის ბედის თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის დიპლომატიური უწყება.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის მაქსიმ კუზმინი, რომელსაც ახალი მშობლების ოჯახში მაქს შატოს ეძახდნენ, 21 იანვარს დაიღუპა ტეხასში. ბიჭის დაღუპვის ფაქტებს ტეხასის ხელისუფლება იძიებს. აშშ-ის საელჩომ მოსკოვში განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰიუსტონში მდებარე რუსეთის საკონსულოს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მიაწოდა ინფორმაცია და მას შემდეგაც რეგულარულად აწვდის ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საყურადღებოა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის ოფისის ხელმძღვანელი პაველ ასტახოვი 2012 წლის ბოლოს თავად ედგა სათავეში რუსეთის სამთავრობო დელეგაციას, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავე ორმხრივი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გაშვილების პროცესის მოწესრიგების შესახებ. შეთანხმების რატიფიკაციაც 2012 წლის დეკემბერში მოხდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების საპასუხოდ „მაგნიტსკის შესწორება“ მიიღო, რატიფიცირებულმა შეთანხმებამ ძალა დაკარგა, რადგან რუსეთმა, თავის მხრივ, მიიღო საპასუხო „ანტიმაგნიტსკის კანონი“ და აკრძალა რუსი ბავშვების გაშვილება აშშ-ის მოქალაქეებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG