Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ სანქციებმა რუსეთი ჩინეთთან დააახლოვა


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინს 1 სექტემბრის ინტერვიუში, რომელიც მან რუსეთისა და ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოებს, „ტასსა“ და „სინჰუა“, მისცა, ჰკითხეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა გაგრძელებასაც ევროკავშირი მარტამდე აპირებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს წაახალისებს ჩვენს ბიზნესმენებს ჩინეთთან სტაბილური კავშირები დაამყარონო.

მან თქვა, 2010 წლიდან მოყოლებული, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა და 2014 წელს, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო ტენდენციებისა, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც 88,4 მილიარდ დოლარს მიაღწიაო.

პუტინს არ უხსენებია წლევანდელი მონაცემები: წლის პირველ ნახევარში, ბლუმბერგის ცნობით, სავაჭრო ბრუნვა 29 პროცენტით შემცირდა და 30,6 მილიარდ დოლარამდე დავიდა. შესაბამისად, ნაკლებ სავარუდოა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეძლონ და მოახერხონ 2015 წლისათვის დაგეგმილი 100 მილიარდდოლარიანი ბრუნვის მიღწევა.

პუტინმა ჩინეთთან კავშირების გამყარება 2014 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერამ ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სანქციები გამოიწვია.

ეკონომისტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ამ მიდგომის გონივრულობას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩინეთს ეკონომიკის განსავითარებლად ბევრი სხვადასხვა წყარო აქვს, მას არ სჭირდება რუსეთზე დაყრდნობა და, შესაბამისად, ორი ქვეყნის ურთიერთობაში დიდი უპირატესობა აქვს.

ინტერვიუში პუტინი მოკლედ შეეხო 30-მდე ორმხრივ დოკუმენტს თუ ბიზნესშეთანხმებას, რომლებსაც განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის პეკინში ვიზიტისას 2 და 3 სექტემბერს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ჩინეთისთვის მაღალსიჩქარიანი რკინიგზა იქნება, რომლის განსავითარებლადაც ითანამშრომლებენ რუსეთი და ჩინეთი.

ამას გარდა, თანამშრომლობის საკითხები შეეხება მეცნიერებას, ტექნოლოგიას და ფინანსებს. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, ორივე ქვეყანა იმუშავებს საიმისოდ, რომ სავაჭრო ტრანზაქციები ეროვნულ ვალუტებში განვახორციელოთ და არა ამერიკულ დოლარშიო. ამჟამად ნავთობი მსოფლიოში ამერიკულ დოლარში იყიდება, რაც ამყარებს დოლარის სტატუსს, როგორც მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტისას. ჩინეთიც და რუსეთიც აცხადებს, რომ მომავალში შეეცდებიან სტატუს-კვო შეიცვალოს.

კომენტარები იმის შესახებ, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკისათვის მთლად ცუდი არ აღმოჩნდა, პუტინმა მანამდეც გააკეთა. სოჭში, სტუდენტებთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ რუბლის გაუფასურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული დასავლეთის სანქციებთან და, ასევე, ნავთობის ფასის დაცემასთან, რუსეთის ექსპორტს აიაფებს და, შესაბამისად, უფრო კონკურენტულს ხდის გლობალურ ბაზარზე.

პუტინმა სტუდენტებს ისიც უთხრა, რუსეთს არ უცდია რუბლის დაცემის შეჩერება ცენტრალური ბანკის ინტერვენციით, რადგან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ამას არასაბაზრო გზებით არ არეგულირებსო. რომ გვეცადა რუბლის გაუფასურების შეჩერება, ჩვენს ოქროს რეზერვს სწრაფად გავფლანგავდითო, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG