Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სრებრენიცის რეზოლუციას ვეტო დაადო


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო

რუსეთმა შეასრულა პირობა, რომელიც სერბიასა და ბოსნიელ სერბებს მისცა, და ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელშიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად იყო მოხსენიებული. უშიშროების საბჭოს ოთხმა ქვეყანამ - ანგოლამ, ჩინეთმა, ნიგერიამ და ვენესუელამ - თავი შეიკავა 8 ივლისის კენჭისყრაზე, დანარჩენმა ათმა ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა.

სანაცვლოდ, სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 11 ივლისს ის დაესწრება ცერემონიას, რომელიც სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს აღნიშნავს. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა, ის დაარწმუნეს, რომ არ დაუშვებდნენ გაეროში სერბიისა და სერბების რესპუბლიკის „დამამცირებელი“ რეზოლუციის მიღებას.

ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბიას შეუძლია აღიაროს, რომ გარკვეულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც სახელები გააჩნიათ და რომლებიც უნდა გასამართლდნენ იმ დანაშაულებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. თუმცა, დასძინა მან, კოლექტიური ბრალეულობა ამ ტრაგედიასთნ დაკავშირებით არ არსებობსო.

ალექსანდრ ვუჩიჩი ლაპარაკობდა 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში მომხდარ მოვლენებზე, როდესაც სერბმა მებრძოლებმა 8 ათასი მუსლიმი კაცი და ბიჭი დახოცეს. ამ მოვლენების მეოცე წლისთავის აღსანიშნავად დიდმა ბრიტანეთმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც დაგმობილია სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაულები და შესულია მოწოდება ძალისხმევისაკენ, მთელ მსოფლიოში თავიდან იქნეს აცილებული გენოციდი. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სრებრენიცაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარება არის "წინაპირობა შერიგებისათვის".

რუსეთმა კი რეზოლუციის პროექტის წარდგენისთანავე განაცხადა, რომ მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებდა, რადგან რეზოლუცია ანტისერბული ბუნებისაა და მოვლენებს არასწორად ასახავს.

უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭი 7 ივლისს უნდა ეყარა, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო იმ მიზნით, რომ საშუალება მიეცათ რუსეთისთვის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ისთვის, კომპრომისული ენა მოეძებნათ.

მოსკოვს მომზადებული აქვს ალტერნატიული რეზოლუციის ტექსტი, სადაც არც გენოციდია ნახსენები და არც სრებრენიცა, თუმცა რუსულ ვერსიაზე კენჭისყრის თარიღი ჯერ არ დაუდგენიათ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG