Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპასუხო სანქციები


ავტორი: ირინა გურული

გასულ კვირას რუსეთმა სანქციებს სანქციით უპასუხა და აკრძალა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომელთაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ემბარგო დაწესდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადასა და ნორვეგიიდან ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების იმპორტზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. შეზღუდვა არ შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და ბავშვთა კვებას.

რა გავლენას მოახდენს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკასა და ფასებზე, აისახება თუ არა იგი საქართველოში პროდუქციის ფასზე?

რა თქმა უნდა, ხელოვნური ბარიერები ვაჭრობაში, უპირველეს ყოვლისა, ფასების ზრდას იწვევს იმ ბაზარზე, რომელიც ამ ბარიერებს აწესებს. შეზღუდვა იმპორტზე განაპირობებს მიწოდების კლებას, იზრდება ინფლაციური მოლოდინებიც და, შესაბამისად, ეს ყველაფერი გაზრდის ფასებს როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე რუსეთში.

რუსეთის პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მწარმოებელ კომპანიებს პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო ზომების მიღება მოსთხოვა, რათა ფასების მატება თავიდან იქნეს აცილებული, თუმცა იმპორტის შეზღუდვით გამოწვეული დანაკლისის შევსება არ იქნება მარტივი, რადგან დიდ ქალაქებში -მაგალითად, მოსკოვში - 60 პროცენტზე მეტი სურსათი იმპორტირებულია, თან, წარმოების მასშტაბების რეალური ზრდა უახლოეს პერიოდში, ცხადია, არარეალისტურია. შესაბამისად, გარკვეული სამომხმარებლო შოკი გარდაუვალია. თუმცა თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ბაზარზე თანდათანობით პროდუქცია ჩინეთის, სამხრეთ ამერიკისა და სხვა, მესამე ქვეყნების პროდუქციით ჩანაცვლდეს, მათ შორის, საქართველოდანაც, თუმცა, არსებული პოლიტიკური ურთიერთგანწყობებიდან და რუსული ბაზრის არაპროგნოზირებულობიდან გამომდინარე, - ამასთან, საქართველოს ევროპულ ბაზართან დაახლოების ფონზე, - ამ მხრივ განსაკუთრებული ოპტიმისტური არ ვიქნებოდით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთის მიერ აღნიშნული შეზღუდვის შემოღება სხვადასხვა ქეყანაში სხვადასხვა მასშტაბის ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს. რუსეთისთვის უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომწოდებელი ქვეყნებია: ბელარუსი, ბრაზილია, უკრაინა, გერმანია და თურქეთი. ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსეთის ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მხრივ, აშშ-ს შემდეგ, სიდიდით მეორეა (მთლიანი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის 10%, ზოგიერთი ქვეყნისთვის - 20 პროცენტამდე). 2013 წელს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია იყო ყველი, ღორის ხორცი, ალკოჰოლური სასმელები, ვაშლი, მსხალი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ღორის ხორცის იმპორტზე რუსეთმა შეზღუდვა მიმდინარე წლის იანვრიდან დააწესა. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ემბარგო შტატების ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ავსტრალიაში კი შიშობენ, რომ შეზღუდვები გავლენას იქონიებს რძის პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში, რადგან რუსეთი გადაერთვება დანაკლისის ახალი ზელანდიიდან შევსებაზე. 2013 წელს ავსტრალიიდან რუსეთში 310 მლნ დოლარის ღირებულების ხორცი და რძის პროდუქტები შევიდა.

თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე აკრძალვა სხვადასხვაგარად იმოქმედებს, განსაკუთრებით უარყოფითი ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელია იყოს საბერძნეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მწარმოებლებისთვის. ამასთან, ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ დაზარალდნენ რძის პროდუქტების მწარმოებლები და მეთევზეები. შესაბამისად, სანქციის შედეგად მოსალოდნელია ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების კლება.

დაბოლოს, საქართველოში 2014 წლის 6 თვეში შემოსული იმპორტიდან რუსეთზე დაახლოებით 5,7 პროცენტი მოდის. ცხადია, რუსულ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ნაწილობრივ აისახება იმპორტზე - ნაწილობრივ, იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე, უფრო მეტად კი მის ფასზე, მით უმეტეს, თუ რუსეთის მიერ გაწყვეტილ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და საპასუხოდ საქართველოს მხარის მიერ დაწესებულ საბაჟო გადასახადსაც გავითვალისწინებთ. შესაბამისად, საქართველოში ნავარაუდევია რუსული წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების ზრდა, ხოლო ევროკავშირის პროდუქციაზე ფასების კლება, რაც, თავის მხრივ, დიდი ალბათობით გამოიწვევს საქართველოში რუსულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას.

XS
SM
MD
LG