Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები კრემლის პროპაგანდას აანალიზებენ


გლობალურ მედიასაშუალებებს შორის ცოტას თუ უკავშირდება ისეთი მწვავე და განსხვავებული შეფასებები, როგორიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეარხ „რაშა თუდეის“, დღევანდელი სახელით, RT-s, რომელსაც აშშ-ის წამყვანმა დიპლომატმა „კრემლის რუპორი“ უწოდა უკრაინის კრიზისში.

ახლა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ერთ-ერთ წამყვან სკოლაში, სტუდენტები სწავლობენ არხის გადაცემებს და ონლაინ გამოქვეყნებულ ტექსტებს პროექტისთვის, რომელიც ცდილობს ზუსტად თქვას, გამართლებულია თუ არა არხის კრიტიკა იმისათვის, რომ ის კრემლის პროპაგანდას ავრცელებს.

პროექტში ჩართული სტუდენტები ფიქრობენ, რომ არხის მაუწყებლობის შინაარსი სისტემურად და გამართული მეთოდოლოგიით არავის შეუსწავლია, ხოლო კონკრეტული მონაცემების მიღებისთვის სწორედ ასეთი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი.

ამ მიზნით სტუდენტების ჯგუფმა მიმდინარე თვეში ახალი ბლოგი აამოქმედა, სახელწოდებით “RT Watch”. ეს ბლოგი ნაწილია პროექტისა, რომელსაც ითვალისწინებს ვეტერანი ამერიკელი ჟურნალისტის, ენ კუპერის მიერ წაკითხული კურსი. კუპერი 1980-იან წლებში საგარეო პოლიტიკის საკითხებს აშუქებდა და აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს მოსკოვის ბიუროს პირველი ხელმძღვანელი იყო.

სტუდენტებმა დეტალურად გააანალიზეს „რაშა თუდეის“ მიერ გაშუქებული რამდენიმე ახალი ამბავი. მათ შორის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე, ხუმრობა, რომელსაც ტელეარხმა წაუმძღვარა სათაური, როგორც იქნა „რაშა თუდეი“ და აშშ-ის მედია რაღაცაზე თანხმდებიანო.

ბლოგი ასევე აანალიზებს ტელეარხის მიერ რუსული რუბლის პრობლემების გაქარწყლების მცდელობას და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები დასავლეთის ქვეყნებმა „გამოჩეკეს“ საიმისოდ, რომ მათ მთელი მსოფლიოს ხალხში ისლამის სიძულვილი გამოიწვიონ.

„ტელეარხის სტატიაში კადიროვის თეორიები პირდაპირ, ყველანაირი სკეპტიციზმის გარეშე იყო გადმოცემულიო“, წერდა კეისი მიჩელი, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, 24 თებერვლის ბლოგპოსტში.

პროექტის შესახებ მიჩელმა რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა: „როცა ვინმეს RT-ს უხსენებ, სულ ერთია, რამდენად იცნობს ის ამ ტელეარხს, რეაქცია, როგორც წესი, ნერვიულია ხოლმე. და ეს მეც მახასიათებდა, მას უაპელაციოდ ვგმობდი. ახლა კი ვცდილობთ რამდენიმე კვირის განმავლობაში დავადგინოთ, რამდენად არის ეს დაფუძნებული რეალობაზე და სწორია თუ არა ასეთი რეაქცია, როცა ხალხს „რაშა თუდეიზე“ ეკითხები რამეს. იმედი გვაქვს, რომ ცოტა უფრო მეტად ანალიტიკური თვალით ვუყურებთ ტელეარხს და ვადგენთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. და თუ დავადგენთ, რომ ის მართლაც უაპელაციოდ უნდა დავგმოთ - მაშინ იყოს ასე“.

ინგლისურენოვანი არხი 2005 წელს დაარსდა. თავიდან მას სრული სახელი, „რაშა თუდეი“ ერქვა, შემდეგ კი სახელი შეამოკლეს და RT დატოვეს. არხი გვევლინება მაღალი პროფილის პლატფორმად, რომელიც რუსეთის მთავრობის პოზიციას ავრცელებს. არხის თქმით, ის აჩვენებს „ალტერნატიულ პერსპექტივას მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებზე და საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს რუსეთის თვალსაზრისს“.

ამ არხს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები - ისინი აცხადებენ, რომ არხი დამახინჯებით აშუქებს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირებას და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს კიევსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აპრილში არხს უწოდა კრემლის „პროპაგანდის რუპორი“, რომელიც ამყარებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფანტაზიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ამ კრიტიკას გამოეხმაურა არხის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი - მან „გაკვირვება“ გამოხატა: „ასეთ რთულ და უხერხულ დროს“ კერის „ჩვენი არხის გარდა სხვა სადარდებელი არა აქვსო“.

ლექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ენ კუპერმა რადიო თავისუფლებას კვლევის მიზნები ასე აღუწერა: „ვფიქრობ, RT-ს შესახებ ბევრს სმენია, შესაძლოა არხი რამდენჯერმე ჩაურთავს კიდეც, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ არხის შესახებ მათი წარმოდგენა დიდწილად საზრდოობს მეინსტრიმულ მედიაში წაკითხული სტატიებით, რომლებშიც ამ არხს, როგორც წესი, ‘კრემლის პროპაგანდის სტრუქტურად’ მოიხსენიებენ. ამ სტატიებში ეს შეფასება არგუმენტებითაა ხოლმე გამყარებული, მაგრამ, ჩემი აზრით, რეალობა ამით არ ამოიწურება. საქმე უფრო რთულ სურათთან გვაქვს“.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევა სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი პროექტში სტუდენტების ახალი ჯგუფი ჩაერთვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG