Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 26 აგვისტო


„რუსეთი „სარკინიგზო პროვოკაციაში“ დაადანაშაულეს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენასა და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქციაზე: ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ადგილი აქვს აშკარა პროვოკაციას და არ მიიჩნევს საჭიროდ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკების დაწყებას აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. სტატიაში მოტანილია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს საქართველოს საზოგადოების ნაწილის პროვოკაციაზე წამოგებას, მეორე მხრივ კი, უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე.

„კომერსანტი“ მკითხველს ასევე სთავაზობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოსაზრებას. „პრობლემა ისაა, რომ „რკინიგზის თემატიკაზე“ საუბრისას მხარეები გვთავაზობენ იმთავითვე არარეალურფორმატებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - უთქვამს ზურაბ აბაშიძეს „კომერსანტისათვის“, რომელიც იქვე აზუსტებს, რომ ქართველ დიპლომატს მხედველობაში აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება, რომლის მიხედვითაც,რკინიგზის საკითხზე თბილისმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს სოხუმთან და არა მოსკოვთან. საქართველოში კი მიიჩნევენ, რომ ლაპარაკია საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე და ამ საკითხზე თბილისი მოლაპარაკებას მხოლოდ მოსკოვთან გამართავს.

რუსული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა 1992 წლის აგვისტოში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე. სულ ახლახან კი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალმა დმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რკინგზის აღსადგენად გაიგზავნა სარკინიგზო ჯარების 500 მოსამსახურე და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

გაზეთი „იზვესტია“ კი იმაზე წერს, თუ რა შედეგი მოჰყვა ინტერნეტენციკლოპედიის, ვიკიპედიის, ბლოკირების მოთხოვნას, რომლითაც რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების სფეროს ზედამხედველობის სამსახურმა „როსკომნადზორმა“ მიმართა კავშირგაბმულობის ოპერატორებს. სახელმწიფო სამსახურში მიიჩნიეს, რომ ვიკიპედიაში გამოქვეყნებული სტატია ნარკოტიკულ ნივთიერება „ჩარასზე“ უხეშად არღვევდა რუსეთის ფედარაციის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგანაც მასში მითითებული იყო არა მხოლოდ ნივთიერების ტექნიკური პარამეტრები, არამედ მისი დამზადების გზებიც. სტატიის თანახმად, დავის პროცესში, რომელსაც აქტიურად აშუქებდა მედია, მკვეთრად გაიზარდა ვიკიპედიის მომხმარებელთა რიცხვი, რომლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ „ჩარასითა“ და სხვა ნარკოტიკებით ინტერესდებოდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს: სამი თვის განმავლობაში „ჩარასზე“ გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა 32 ათასმა ინტერნეტმომხმარებელმა, მათ შორის, 30 ათასმა 20 აგვიტოს, ანუ მაშინ, როცა „როსკომნადზორისა“ და ვიკიპედიის დავამ საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი მიძღვნილი სტატიების მკითხველთა სტატისტიკაც.

25 აგვისტოს „როსკომნადზორმა“ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვიკიპედიამ აღასრულა ასტრახანის ოლქის ჩერნოიარსკის სასამართლოს გადაწყვეტილება და სტატია „ჩარასზე“ გაარედაქტირა ისე, რომ მისი შინაარსი აღარ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG