Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 1 ივლისი


რუსეთის მთავრობა არ ითანამშრომლებს საქართველოსთან დამნაშავეების გადაცემის მიმართულებით. ამის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უარი თქვა საქართველოსთან დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე და შესაბამისი დოკუმენტი გადაუგზავნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

26 ივნისის ნომერ 633-ე დადგენილებით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს არ გახდეს მონაწილე იმ ხელშეკრულებისა საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ითვალისწინებს პატიმრების გადაცემას სასჯელის მოსახდელად. რუსულ გამოცემას იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ დადგენილების აუცილებლობა აიხსნება იმით, რომ საქართველო და რუსეთი ისედაც არიან მოსკოვში 1998 წელს და სტრასბურგში 1983 წელს ხელმოწერილი შესაბამისი კონვენციების მონაწილეები, რის გამოც, შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით სახელმწიფოთაშორისი პროცედურების შესრულება მიჩნეულია მიზანშეუწონლად.

„ნატო განაგრძობს სამხედრო გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „იზვესტიამ“ სტატია, რომელშიც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო აფართოებს ევროპაში უმაღლესი სარდლობის უფლებამოსილებას, რათა გაიზარდოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერატიულობა. სტოლტენბერგისავე სიტყვებით, გადაწყდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების 13 ათასიდან 40 ათასამდე გაზრდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება 40-40-კაციანი შტაბები აღმოსავლეთ ევროპის ექვსივე ქვეყანაში - ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა დაიწყოს მუშაობა და მოამზადოს პასუხი რუსეთის ფედერაციის ბირთვულ რიტორიკაზე. რუსული გამოცემა ციტირებს იენს სტოლტენბერგის შემდეგ განცხადებას:

„არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ნატო ძალიან ძლიერი ალიანსია, რომელიც მზადაა თავდაცვისათვის“.

რუსეთის ფინანსური პრობლემების შესახებ წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთი რისკავს დაადგეს საბერძნეთის გზას და რომ მას არ უშველის არც სახელმწიფო ვალის გაზრდა და არც ბიუჯეტის სეკვესტრი. საქმე ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2013-2017 წლებში იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2003-2007 წლებში, ანუ 0,7 პროცენტი, 7,5 პროცენტის ნაცვლად. და ეს მაშინ, როცა უახლოეს წლებში ვარაუდობდნენ 3,2 პროცენტს.

„2018 წლისათვის რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი ჩამორჩება დაგეგმილს 13 პროცენტით“, - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

„მთავრობა დაეყრდნო გაუმართლებლად ოპტიმისტურ პროგნოზს და თავის თავზე აიღო ძვირად ღირებული და გრძელვადიანი ვალდებულებები: სახელმწიფო სექტორში პენსიებისა და ხელფასების მკვეთრი გაზრდა, რაც არ შეჩერებულა კრიზისის პერიოდშიც კი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საბიუჯეტო სექტორში ხელფასების ზრდა ორჯერ აღემატება საბიუჯეტო შემოსავლებს“, წერს გაზეთი „ვედომოსტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG