Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 26 აგვისტო


„რუსეთის ძველი მეგობარი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „არგუმენტი ი ფაქკტი“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება. სტატიის ავტორი „მეგობარში“ გულისხმობს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის არჩეულ ლიდერს რაულ ხაჯიმბას, რომელმაც 24 აგვისტოს გამართულ არჩევნებში ხმების ნახევარზე მეტი მიიღო და, მეოთხე მცდელობით, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. სტატიის მიხედვით, ხაჯიმბა პრორუსი პოლიტიკოსია, რადგანაც, ავტორის აზრით, როდესაც 2003-2004 წლებში ხაჯიმბა პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სწორედ მთავრობის მეთაურმა მოახერხა რუსეთისკენ ენერგიული ნაბიჯების გადადგმა: „ამ წლებში ხაჯიმბა ატარებდა რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის პოლიტიკას. სწორედ მისი მმართველობის დროს მიიღო აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსული პასპორტები, ხოლო ომისა და შრომის ვეტერანებს დაენიშნათ რუსული პენსია. მეტიც, 2003-2004 წლებში აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის“.

თუმცა, რუსეთის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, 2004 წლის არჩევნებზე ხაჯიმბამ ბაგაპშთან, ხოლო 2011 წელს ანქვაბთან წააგო. სტატიაში მოტანილია ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელის“ მთავარი რედაქტორის გრიგორი შვედოვის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელ არჩევნებში რუსეთის მთავრობამ გამოკვეთილად მხარი არავის დაუჭირა, რადგანაც კრემლში ჩათვალეს, რომ ყველა კანდიდატი პრორუსია და მათ შორის პრინციპული სხვაობა არ არის. სტატიის ფინალში „არგუმენტი ი ფაკტის“ ავტორი ცდილობს უპასუხოს შეკითხვას, უნდა თუ არა აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ამ კითხვის პასუხად, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტმა ევგენი ბახრევსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის მხრიდან რუსეთთან ინტეგრაციის არანაირი მცდელობა არ იქნება. აფხაზეთს უფრო რთულ ვითარებაშიც კი არ უფიქრია რუსეთის ფედერაციის სუბიექტად ქცეულიყო, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან.

გაზეთმა „იზვესტიამ“ კი გამოაქვეყნა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის - ვციომ-ის - მორიგი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამასთან, 15 პროცენტის აზრით, წარმოუდგენელია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაიწყოს, 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამის ალბათობა მცირეა, ხოლო 28 პროცენტი ფიქრობს, რომ მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება. ვციომის გენერალური დირექტორის ვალერი ფედოროვის თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი მიიჩნევს უკრაინის მოვლენებს ამერიკის პროვოკაციად და დასავლეთის ჩარევად. „საქმე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მტრის სხვა ხატი - ბანდერელები, ნაცისტები, რომლებიც ბოროტ ამერიკელებზე მეტად საშინელები არიან. ჩვენი თანამემამულეები მიიჩნევენ, რომ ამერიკელები ზურგს უმაგრებენ, მაგრამ უშუალოდ მხეცობებს, სამწუხაროდ, უკრაინელები სჩადიან“, ამბობს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ვციომის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს ადევნებს გამოკითხულთა 80 პროცენტი. კითხვაზე, თუ რატომ იზრდება იმ ადამიანთა წილი, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს სამოქალაქო ომს უწოდებენ, პოლიტოლოგი ალექსეი კოჩეტკოვი ასე უპასუხებს: ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ლტოლვილების რიცხვის ზრდასთან. ამჟამად ლაპარაკია 800 ათას ადამიანზე, თუმცა სექტემბრისთვის ელოდებიან, რომ ეს მაჩვენებელი 1 მილიონს გადააჭარბებს და რუსეთის მოსახლეობის 1 პროცენტს მიუახლოვდება. ამასთან, ლტოლვილები მიდიან არა ურალს იქით, არამედ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სადაც სამუშაოს შოვნის მეტი პერსპექტივაა. შესაბამისად, ალექსეი კოჩეტკოვის თქმით, რუსეთის მოქალაქეები უკრაინის დრამატულ ამბებს უშუალოდ პირველი წყაროდან იგებენ, რაც ამძაფრებს მოვლენების აღქმასა და შეფასებას. აქედან, ლაპარაკია მხეცობებსა და გენოციდზეც კი. სტატიას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG