Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 4 ნოემბერი


„რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი გაასამართლეს როგორც ქართველი ჯაშუში“ - წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, ვიცე-პოლკოვნიკ თეიმურაზ ალიევს ლერმონტოვოს საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ალიევი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამშობლოს ღალატში, რაც გამოიხატა საქართველოს სასარგებლოდ წარმოებულ ჯაშუშობაში. სტატიის თანახმად, პროცესის მსვლელობისას ალიევმა აღიარა დანაშაული. 2011 წელს ანალოგიური ბრალდებით გაასამართლეს მისი ძმა და დედა.

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ალიევი დააკავეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სტავროპოლის განყოფილების თანამშრომლებმა 2013 წელს, როცა მინერალურ წყლებზე შინაგანი ჯარის ერთ-ერთ დანაყოფში მსახურობდა. რუსეთის სპეცსამსახურის ცნობით, ალიევი დააკავეს ფაქტზე, როცა საიდუმლო სამალავში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დისკის ჩადებას აპირებდა.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თეიმურაზ ალიევი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართო დედამ, ირინა ალიევამ, რომელიც დაკავებამდე საქართველოში, ქალაქ რუსთავში ცხოვრობდა და რომელმაც გამომძიებლებისათვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს, ემუქრებოდნენ რა ნათესავებისა და ახლობლების დევნით, ხოლო დახმარების შემთხვევაში ჰპირდებოდნენ 5 ათას ამერიკულ დოლარს. ირინა ალიევამ 2009 წელს რამდენჯერმე გადასცა ქართველ მზვერავებს თავისი შვილის, რუსეთის არმიის ოფიცრის, დავით ალიევის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. 2011 წელს დავით ალიევს 10 წლით, ხოლო ირინა ალიევას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა.

„რუსეთის მოქალაქეები დარწმუნებული არიან დასავლეთის მტრობაში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომელშიც „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებია გაანალიზებული. გამოკითხულთა 82 % მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნები ატარებენ მტრულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, ძირითად მიზეზად კი ასახელებენ შიშს რუსეთის სამხედრო ძლიერებისადმი. ასეთია გამოკითხულთა 47 პროცენტის აზრი, ხოლო 41 პროცენტი დარწმუნებულია, რომ დასავლეთს ამოძრავებს სურვილი, მიითვისოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეული. რუსეთის მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, დასავლეთის ქვეყნები, უწინარეს ყოვლისა, ცდილობენ დაასუსტონ და დაამცირონ რუსეთი. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 69 პროცენტი, 62 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთმა არ უნდა მიაქციოს ყურადღება კრიტიკას დასავლეთის მხრიდან.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ მათი ქვეყანა არასოდეს ყოფილა აგრესორი ან სხვა ქვეყნებთან კონფლიქტების ინიციატორი. ამ აზრს გამოკითხულთა 59 პროცენტი იზიარებს, მაშინ როცა 1998 წელს ეს მაჩვენებელი 37 პროცენტი იყო.

„ლევადას ცენტრის“ სოციოლოგის კარინა ფიფიას თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო კონფლიქტებში თავდაცვითი ხასიათი აქვს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი უმუშევრობის საფრთხის შესახებ წერს სტატიაში, რომლის სათაურია „მოსახლეობა სამსახურიდან დათხოვნისთვის ემზადება“. პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სულ უფრო მეტად აშინებთ უმუშევრობის საფრთხე. ირკვევა, რომ ყოველ მესამე მოქალაქეს ჰყავს უმუშევარი მეგობარი ან ნათესავი. წლის დასაწყისში შედარებით უკეთესი ვითარება იყო, რადგანაც მხოლოდ ყოველი მეოთხე ამბობდა, რომ მისი გარემოცვიდან ერთმა ადამიანმა მაინც დაკარგა სამსახური. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეების ამგვარ ავ მოლოდინს აფიქსირებენ სხვა სოციოლოგიური ცენტრებიც. მაგალითად, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მონაცემებით, გამოკითხულთა 67 პროცენტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში უმუშევრობის დონე გაიზრდება. სტატიაში მოტანილია დასაქმების სფეროში მომუშავე საიტის Superjob.ru-ს ხელმძღვანელის პაველ ლებედევის კომენტარი, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დგას ეკონომიკის შემდეგი დარგები: საბანკო სფერო, საყოფაცხოვრებო მომსახურება, მშენებლობა და მასმედია, ხოლო შედარებით სტაბილური მდგომარეობაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის სფეროში, ვაჭრობასა და მრეწველობაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG