Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 2 სექტემბერი


„რა უნდა გააკეთოს ხაჯიმბამ პირველ რიგში“ - ამ სათაურით ეხმაურება „ოგონიოკი“ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის არჩევნებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთის პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა, რომელმაც აფხაზეთიდან რეპორტაჟი მოამზადა, წერს, რომ ხაჯიმბას წინაშე ამჯერად ორი მთავარი გამოწვევა დგას. პირველი - სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მომხრეებად დაყოფილი საზოგადოების გაერთინება და მეორე - გალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

ჟურნალისტის თქმით, წელს თვითაღიარებული რესპუბლიკის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო დაახლოებით 25 ათასმა გალში მცხოვრებმა ქართველმა. მათი აფხაზური პასპორტები ოპოზიციის მოთხოვნით გააუქმეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოსდა ეს პასპორტები ოფიციალური პროცედურების გვერდის ავლით ჰქონდათ მოპოვებული. პასპორტების გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რაულ ხაჯიმბა ახლა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტია. სხვა დროს გალის რაიონში ის ხმებს ვერასდროს აგროვებდა. ამჯერად რაულ ხაჯიმბას მოუწევს დაამტკიცოს, რომ გალელებს მისი ტყუილად ეშინოდათ. ოლგა ალიონოვა ამბობს, რომ აფხაზეთში ბევრს კარგად აქვს გაცნობიერებული შემდეგი ფაქტი: თუ გალის რაიონის ინტეგრაცია არ მოხერხდა, აფხაზეთი შესაძლოა დაიშალოს. ამის შესახებ საზოგადოებრივი პალატის წევრი ალხას თხაკუშევი ამბობს:

„ეს ჩვენთვის მგრძნობიარე საკითხია. ყველას გვახსოვს, რომ საქართველოშიც მუდამ წამოგვაძახებდნენ ხოლმე, რომ საკუთარ სამშობლოში მხოლოდ 17 პროცენტი ვართ. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ აფხაზები ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. მსოფლიოში არსებულ პოსტკონფლიქტურ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, აფხაზები, სხვებთან შედარებით, გაცილებით გახსნილები აღმოჩნდნენ. ამჯერად აღმოსავლეთ აფხაზეთში 60-70 ათასი ქართველი ცხოვრობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთის მთლიანი მოსახლეობა 250 ათასია, აფხაზებს ვერავინ უსაყვედურებს, რომ ისინი სხვებისთვის ჩაკეტილები არიან“.

აფხაზეთის თემამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა ყირიმში 28-31 აგვისტოს ფორუმთან დაკავშირებით. ფორუმის თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო. გეოპოლიტიკური გამოწვევები, როგორიცაა: უკრაინა ყირიმის, საქართველო აფხაზეთის, ხოლო სერბეთი კოსოვოს გარეშე.

რუსული პრესა ასევე ეხმაურება ნატოს გადაწყვეტილებას საქართველოში სამხედრო სასწავლო ცენტრის შესაძლო შექმნის თაობაზე. როგორც „კომერსანტი“ წერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს დაახლოება ნატოსთან შესაძლოა გულისხმობდეს საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებას ალიანსის პარტნიორების მიერ, ასევე საქართველოში რეგიონალური სასწავლო ცენტრის შექმნას.

განხილვის და, ამასთან, ხუმრობის თემად იქცა ტვიტერში გამოქვეყნებული რუკები. „არგუმენტი ი ფაქტი“ წერს: 27 აგვისტოს ნატოში კანადის დელეგაციამ გამოაქვეყნა რუკა იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც, ვითომდა შემთხვევით, საზღვრები ერევათ და უკრაინის ტერიტორიაზე ხვდებიან. რუკაზე რუსეთის ტერიტორიას დიდი ასოებით ეწერა „ეს რუსეთია“, ხოლო უკრაინისას - „ეს რუსეთი არაა“. ტერიტორიაში, რომელიც „რუსეთი არაა“, ყირიმიც იყო შესული.

ამის პასუხად, 29 აგვისტოს რუსეთის წარმომადგენლობამ ნატოში, ისევ ტვიტერში, გამოაქვეყნა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო გამოცხადებული, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.

„არგუმენტი ი ფაქტი“ გეოგრაფიულ-ტერიტორიულ საკითხებზე საუბრისას იხსენებს 2008 წლის შემთხვევასაც, როდესაც საქართველო და ჯორჯია ერთმანეთში აერიათ და ჯორჯიის შტატის მცხოვრებლების ნაწილმა მიიჩნია, რომ მათ თავს რუსეთი ესხმოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG