Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს


ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი

ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურიომ სამი რუსი მოქალაქე დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით. სავარაუდოდ, ეს ნაკლებად წაადგება რუსეთ-ამერიკას შორის ისედაც გაუარესებულ ურთიერთობას, თუმცა რუსი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაცია არ მოუპოვებიათ.

რუსეთის მოქალაქე 39 წლის ევგენი ბურიაკოვი რუსეთის „ვნეშეცონომბანკის“ ნიუ-იორკის ფილიალში რიგით თანამშრომლად მუშაობდა. როგორც ირკვევა, იგი, იმავდროულად, ეკონომიკის სფეროში დაზვერვას აწარმოებდა. 40 წლის იგორ სპორიშევი და 27 წლის ვიქტორ პოდობნი კი, ჯაშუშური საქმიანობის პარალელურად, ნიუ-იორკში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდნენ. მათ ბრალდების წაყენებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს შეერთებული შტატები.

„ეფ-ბი-აის“ ინფორმაციით, სამივე ჯაშუშს ჰქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლისას კოდურ სიტყვებს - მაგალითად, „ქოლგას“ და „ბილეთებს“- ხმარობდნენ. მაგრამ ზოგ სატელეფონო ჩანაწერში ისინი ღიად საუბრობენ ჯაშუშური საქმიანობისთვის უნივერსიტეტებიდან და ბისზნესორგანიზაციებიდან ადგილობრივთა აყვანაზე.

ერთი მხრივ, ამერიკაში რუსი ჯაშუშების დაკავება ცივ ომს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, სატელეფონო ჩანაწერები ჯაშუშთა საქმიანობის არასერიოზულ მხარეს გვაჩვენებს. მაგალითად, ერთ-ერთ საუბარში პოდობნი ჩივის, ჯეიმს ბონდის ფილმების ყურებით მოვტყუვდიო და დარდიანად აღნიშნავს, „არც კი მომეცა იმის შესაძლებლობა, სხვა ადამიანად მომეჩვენებინა თავიო“.

აი, რას ფიქრობს ამ სკანდალზე ისტორიკოსი და რუსეთის გამოძიების მთავარი სამართველოს, „გრუს“, ვეტერანი ბორის ვოლოდარსკი:

„ცხადია, რომ ისინი არ ისხდნენ თეთრ სახლში და არ იპარავდნენ ამერიკის პოლიტიკურ საიდუმლოებებს. ცხადია, არც საიდუმლო კვლევით ინსტიტებში ისხდნენ სამრეწველო-ტექნიკური ინფორმაციის მოსაპარად. ისინი არ ისხდნენ ცენტრალურ სადაზვერვო სამართველოში, როგორც ოლდრიჩ ეიმსი, და არ აწვდიდნენ რუსებს ინფორმაციას „სი-აი-ეი“-ში მომუშავე ჯაშუშების შესახებ. მათი შემთხვევები სრულიად უმნიშვნელოა, თუმცა ეს მაინც ჯაშუშობის შემთხვევრბია. ისინი ახორციელებდნენ ამერიკის საწინააღმდეგო საქმიანობას და ამის შედეგად აღიძრა ეს საქმე“.

ამერიკელი გამომძიებლები ბურიაკოვით მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც იგი „ეფ-ბი-აის“ აგენტს შეხვდა და თავი კაზინო „მოგულის“ მფლობელად გაასაღა. იგი თითქოს რუსეთში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. „ეფ-ბი-აის“ აგენტი დაეჭვდა, როდესაც ბურიაკოვმა თავისი საქმიანობისთვის შეუსაბამო კითხვები დასვა ამერიკის სანქციებთან დაკავშირებით და შემდეგ კონკრეტული დოკუმენტების გამოთხოვა სცადა.

პროკურორთა თქმით, ბურიაკოვი, პოდობნი და სპორიშევი მასშტაბურ ჯაშუშთა წრეს მიეკუთვნებიან - როგორც, მაგალითად, 2010 წელს დაკავებული ანა ჩეპმენი და სხვა ცხრა ჯაშუში.

ოლეგ გორდიევსკი რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, „კა-გე-ბეს“, ყოფილი კოლონელი და ბრიტანეთისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურების ორმაგი აგენტი იყო 1970 და 80-იან წლებში. მისი თქმით, ერთი ადამიანის დაკავებამდეც კი, „ეფ-ბი-აი“ თვეების განმავლობაში ახორციელებს გამოძიებას:

„ფაქტია, რომ 400-მდე რუსეთის გამოძიების მთავარი სამართველოსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი მუშაობს ამერიკის ტერიტორიაზე. მათი უმრავლესობა ნიო-იორკშია. მე „ცე-ერ-უსა“ და „ეფ-ბი-აის“, მათივე მიწვევით, 11-ჯერ ვესაუბრე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ვკითხე, რატომ არ აკავებდნენ ყველა ამ რუსს, რატომ აძლევდნენ მათ ამერიკაში დარჩენის ნებას. მათ მითხრეს,რუსი აგენტების უმრავლესობა ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს არაფერს ვნებს -- ისინი, უბრალოდ, ცხოვრობენ, რუსეთის მთავრობისგან თავიანთ ხელფასს იღებენ და არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენო“.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბურიაკოვს ციხეში ათი წელი ელის.

გრიგორი პასკო, ყოფილი საზღვაო ოფიცერი და ჟურნალისტი, რომელიც იაპონიის მთავრობის ჯაშუშობისთვის დააკავეს, ამბობს, რომ რუს ჯაშუშებთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბარი რუსეთშიც დიდხანს გაგრძელდება:

“პირველ რიგში, ამ სკანდალთან დაკავშირებით უკვე ყველამ ივიშვიშა ჩვენს შესანიშნავ სახელმწიფო დუმაში. მეორე, ეს, უბრალოდ, ტრადიციაა. მესამე, არ შეიძლება არ გასცე პასუხი, იმიტომ რომ მაშინ ყველა იფიქრებს, რომ სუსტი ხარ. და მეოთხე, ასეთი ხალხი ყოველთვის ხელმისაწვდომია. არსებობს სია, მაგალითად, 25 ადამიანის. იქ წერია პირველი სამი ადამიანის სახელი. იღებენ ამ სახელებს და მორჩა“.

მოსკოვს უკვე ჰქონდა რეაქცია ამერიკაში რუსი ჯაშუშების დაკავებაზე: ის ამერიკას სათანადო პასუხის გაცემას დაპირდა.

გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ცნობით, გერმანიაში მომუშავე 120 რუსი დიპლომატიდან 40, ანუ მათი ერთი მესამედი, ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG