Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში რუსეთის ოპერაციაში სამხედრო ხომალდებიც ჩაერთნენ


რუსეთის სამხედრო ხომალდები კასპიის ზღვაში
რუსეთის სამხედრო ხომალდები კასპიის ზღვაში

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა კასპიის ზღვიდან ფრთოსანი რაკეტები დაუშინეს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს. ამის შესახებ მოსკოვში განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 7 ოქტომბერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.შეხვედრა, რომელიც პუტინის დაბადების დღეს დაემთხვა, რუსეთის ტელევიზიით აჩვენეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში მყოფი ოთხი სამხედრო ხომალდიდან გასროლილმა 26-მა რაკეტამ 1500-მდე კილომეტრი დაფარა დასავლეთ სირიაში დანიშნულების ადგილებამდე. რაკეტები სამიზნეებს მოხვდაო, ამბობს შოიგუ. მას არ უთქვამს, გზად რომელი ქვეყნის საჰაერო სივრცე გაიარეს რუსეთის რაკეტებმა - ირანის, ერაყის თუ თურქეთის.

„ჯერ ნაადრევია შედეგებზე საუბარი, მაგრამ ის, რაც აქამდე გაკეთდა, უდავოდ იმსახურებს მაღალ, დადებით შეფასებას“ - ასეთი იყო პრეზიდენტ პუტინის რეაქცია თავდაცვის მინისტრის მონათხრობზე, მაგალითად, ინფორმაციაზე, რომ 30 სექტემბერს სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციის დაწყების შემდეგ დარტყმები განხორციელდა 112 ობიექტზე.

„30 სექტემბრის შემდეგ განადგურებულ იქნა მართვის 19 ცენტრი, სამხედრო აღჭურვილობის 12 საწყობი, ჯავშანტექნიკის 71 ერთეული, ასაფეთქებელი მოწყობილობების ქარხნები და სახელოსნოები -ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ექვსი ასეთი ქარხანა და სახელოსნოა განადგურებული ამ დროის განმავლობაში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. პუტინმა მას დაავალა, სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის კონტექსტში ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან, ირანთან და ერაყთან.

არ ვართ მზად ვითანამშრომლოთ სტრატეგიით, რომელიც, როგორც უკვე ავხსენით, არასწორია, ტრაგიკულად არასწორია რუსეთის მხრიდან...
ეშ კარტერი

თუმცა შოიგუსთვის ამ დავალების მიცემიდან ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ არ აპირებს სირიაში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას.

„არ ვართ მზად ვითანამშრომლოთ სტრატეგიით, რომელიც, როგორც უკვე ავხსენით, არასწორია, ტრაგიკულად არასწორია რუსეთის მხრიდანო“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა 7 ოქტომბერს რომში ვიზიტისას. როგორც მან კიდევ ერთხელ განმარტა, აშშ-სა და მის მოკავშირეებს არასწორად მიაჩნიათ ის, რომ რუსეთი იერიშებს ახორციელებს არამარტო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

რუსეთის ავიაციამ 6-7 ოქტომბრის ღამეს იერიშები მიიტანა სირიის მთავრობის ჯარის სახმელეთო ოპერაციასთან კოორდინირებით - დარტყმები მიაყენა მეამბოხეების, სულ ცოტა, ექვს პოზიციას დასავლეთ სირიაში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია", 7 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, იუწყება, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლებმა „ინტენსიური“ იერიშები განახორციელეს სირიის ორ პროვინციაში: ჰამაში და იდლიბში. უფლებადამცველ ორგანიზაციას, მისივე განცხადებით, ჯერ არ მოეპოვება ინფორმაცია იერიშების მსხვერპლზე, მაგრამ მისთვის ცნობილია ის, რომ იერიშები ჩვეულზე უფრო ინტენსიური იყო. დასავლეთ სირიის რეგიონებს, რომლებზეც წუხელ მიიტანეს იერიში რუსეთისა და სირიის ჯარებმა, აკონტროლებენ სწორედ ის მეამბოხეები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ არ არიან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე, როგორც ითქვა, 7 ოქტომბერს მოსკოვში ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. ეს შეხვედრა რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა - ისევე როგორც ჰოკეის მატჩი, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით. 7 ოქტომბერს პუტინი 63 წლის გახდა და დაბადების დღის აღსანიშნავად ჰოკეი ითამაშა ცნობილ ვეტერანებთან, ისევე როგორც არაპროფესიონალთა „ღამის ჰოკეის ლიგის“ წევრებთან ერთად. მატჩი სოჭში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG