Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების მოლოდინი


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

რუსეთის ხელისუფლება მიანიშნებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ბოლო დროს გაუმჯობესებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეტენზიები უსაფუძვლოა და რომ სარჩელის შეტანა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია. რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამ?

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივ დაკავებასა და რუსეთიდან დეპორტაციას უკავშირდებოდა. საქართველოს სარჩელის პასუხად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე რუსეთი და საქართველო ერთი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ. სწორედ ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომ რუსეთს არ დაურღვევია ეთნიკურ ქართველთა უფლებები და რომ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი არც შევიდოდა, რომ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ისტერიული ანტირუსული პოლიტიკა:

"სააკაშვილის დანაშაულებრივ ავანტიურას საქართველოსთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2012-13 წლებში, არჩევნების შედეგად, ქართველმა ხალხმა ეს მმართველი თავიდან მოიცილა და მხარი დაუჭირა ძალებს, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღებას დაუჭირეს მხარი. იმედია, ევროსასამართლოში სარჩელის ბედი, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის მოხდა, იქნება გაფრთხილება ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დანგრევის დამღუპველი მცდელობების წიანააღმდეგ".

აქედან გამომდინარე, ალბათ, არ მოიპოვება ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ან გააკრიტიკებს, ან უნდობლობას გამოუცხადებს...
თეა წულუკიანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაკვირვება გამოთქვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაკრიტიკების გამო. მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამდგარი გადაწყვეტილება არის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება:

„აქედან გამომდინარე, ალბათ, არ მოიპოვება ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ან გააკრიტიკებს, ან უნდობლობას გამოუცხადებს. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ყველასთვის გაკვეთილი, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივი არგუმენტებით საერთაშორისო ასპარეზზე დაამტკიცო სიმართლე და დაიცვა ადამიანის უფლებები, რადგან 2006 წელს ათასობით ქართველი მოქალაქის უფლებები დაირღვა და სწორედ ეს თქვა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ".

თუ რუსეთი უკმაყოფილოა რამით, - და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, - უკმაყოფილო უნდა იყოს, პირველ რიგში, თავისი ქმედებით. და თუ სურს საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობა, როგორც ამას საქართველო ისურვებდა, მაშინ ასევე შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას...
ირაკლი სესიაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი არ უნდა გააუარესოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, არამედ, პირიქით, გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, რუსეთი პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის როგორც საქართველოს, ასევე მთელ მსოფლიოს.

„თუ რუსეთი უკმაყოფილოა რამით, - და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, - უკმაყოფილო უნდა იყოს, პირველ რიგში, თავისი ქმედებით. და თუ სურს საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობა, როგორც ამას საქართველო ისურვებდა, მაშინ ასევე შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას და ეს უნდა იყოს რეალური, რომ ჩვენმა ხალხმაც დაინახოს, რომ ხელისუფლებას გაეხსნას ხელ-ფეხი, რომ სიღრმისეულად წავიდეთ ურთიერთობაში და მოვაგვაროთ მთავარი პრობლემა, დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, ხოლო რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ხედვას, ვცდილობთ დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა“, უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მსგავსი რიტორიკა, როგორიც მოვისმინეთ კარასინისგან, მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი მთავრობა მსგავს მესიჯებს აგზავნის და ამბობს, რომ წინა მთავრობა იყო ცუდი...
ელენე ხოშტარია

ირაკლი სესიაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი „წითელი ხაზები“: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, თუმცა საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მიმართებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიცია არათანმიმდევრულია, რაც, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელ ელენე ხოშტარიას თქმით, აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„მსგავსი რიტორიკა, როგორიც მოვისმინეთ კარასინისგან, მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი მთავრობა მსგავს მესიჯებს აგზავნის და ამბობს, რომ წინა მთავრობა იყო ცუდი და ჩვენ ვართ კარგები, და თუ კარგები გვინდა ვიყოთ იმის ხარჯზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დავთმოთ, მაშინ ეს სიკარგე არ გამოგვადგება. ახლა ჩვენი ამოცანაა კომპენსაციის საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ და იმ ადამიანებმა, ვინც იზარალა, მიიღონ ეს კომპენსაცია. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი. ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც სამართლებრივად გაამყარებს საქართველოს პოზიციებს“, უთხრა ელენე ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი საქართველოს ნაკლებად დააზარალებს, თუკი სახელმწიფო, საკუთარი ინტერესების დათმობის ნაცვლად, ეფექტიანად გამოიყენებს საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტებს, თუნდაც ისეთს, როგორიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 3 ივლისის გადაწყვეტილებაა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG