Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ისლამისტ ექსტრემისტთაგან დევნილები ანუგეშა


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში საშობაო მესა ჩაატარა მას შემდეგ, რაც ტელეფონით ესაუბრა ქურთთა მთავარ ქალაქ ირბილთან ახლომდებარე ბანაკში მყოფ დევნილებს და ანუგეშა. საშობაო მიმართვაში მან დაგმო წლევანდელი "სასტიკი" რელიგიური დევნის ფაქტები ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მოწოდებით გამოვიდა.

ოთხშაბათს, საშობაო წირვის დაწყებამდე, რომის წმინდა საყდრის 74 წლის პონტიფიკმა ტელეფონით დარეკა აკავას დევნილთა ბანაკში და „ისლამისტური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დევნილ ადამიანებს ჭირთათმენისაკენ მოუწოდა, მოუწოდა გაუძლონ ტანჯვას, როგორც იესომ, რომელიც ასევე დევნილი იყო მოძალადეთაგან. წმინდა პეტრეს ტაძარში წაკითხულ საშობაო ქადაგებაში კი რომის პაპის უმთავრესი ადრესატები იყვნენ რწმენის გამო დევნილი ადამიანები და ბავშვები, რომლებიც მასობრივი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. პონტიფიკს მხედველობაში ჰქონდა გასულ კვირაში პაკისტანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც ექსტრემისტებმა 142 მოსწავლე დახოცეს.

„სანუკვარო დებო და ძმებო, ამ წმინდა ღამეს ჩვენ ვფიქრობთ ქრისტეშობის სცენაზე და იქ წარმოთქმულ სიტყვებზე: „ხალხმა, ვინც ბნელში ვიდოდა, დიდი სინათლე იხილა“. ამ სინათლეს იხილავენ მოკრძალებული ადამიანები, რომელთა კარები ღიაა ღვთაებრივი ძღვენის მისაღებად. მაგრამ ამ სინათლეს ვირ იხილავს ამპარტავანი, თავკერძა ხალხი, ისინი, რომლებიც კანონებს საკუთარ თავზე ირგებენ და რომელთა გულებიც დახურულია სხვებისათვის“.

25 დეკემბერს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში თავის ყოველწლიურ ქადაგებას, „ურბი ეთ ორბის“, წაიკითხავს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფებების წინსვლამ ქართებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ჩრდილოეთ ერაყში, ათასობით ქრისტიანი და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმდევარი აქცია დევნილად. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მოღვაწე ქალდეველთა პატრიარქმა ლუის საკომ განაცხადა, რომ ექსტრემისტების მიერ დევნილ ქრისტიანთა რიცხვი 150 ათასს შეადგენს.

24 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეოთი მიულოცა ქრისტეშობა ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, მალე დაბრუნდებიან სახლში და ოჯახებთან ერთად იზეიმებენ დღესასწაულებს, რასაც მოკლებულნი იყვნენ:

„რამდენიმე დღეში დასრულდება ჩვენი საბრძოლო მისია. ჩვენი ხანგრძლივი ომი უახლოვდება მნიშვნელოვან დასასრულს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რაც ამ ოჯახებმა გაიღეს ჩვენთვის. ჩვენ შევძელით ვმდგარიყავით ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად, რომლებსაც გულში ჩაკვრით დაემშვიდობნენ ჩვენი ჯარისკაცები და გაემგზავრნენ მისიის შესასრულებლად. ხანგრძლივი დღის ბოლოს ჩვენ გვაქვს უფლება დავბრუნდეთ სახლში და ვიზეიმოთ დღესასწაულები, რომლებზეც ჩვენმა მებრძოლებმა საკუთარი ნებით თქვეს უარი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG