Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომერო ლუბამბოს ორიგინალური სტილი


დღეს, ჩვენი რუბრიკა „ხელოვნება ამერიკაში“ სახელგანთქმულ გიტარისტსა და კომპოზიტორს, ბრაზილიური წარმოშობის შემსრულებელს რომერო ლუბამბოს დაეთმობა. ის ცოტა ხნის წინ "ამერიკის ხმას", გადაცემაში „Music Alley” ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა სანამ საუბრის ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, ორიოდ სიტყვით ამ მუსიკოსის ბიოგრაფიას და პროფესიული მოღვაწეობის დეტალებს გაგაცნობთ.

მუსიკალური ფესვები

რომერო ლუბამბო მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. ოჯახის თითქმის ყველა წევრი მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა ან მღეროდა. აკუსტიკურ გიტარაზე დაკვრა პატარა რომერომ ადრეული ასაკიდან დაიწყო. მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, ოჯახმა არ მოინდომა ყმაწვილის კარიერის ამ მიმართულებით წარმართვა და მას სხვა პროფესიის არჩევა ურჩია. "მე, ერთის მხრივ, დავეთანხმე მშობლებს და ჩავაბარე რიო დეჟანეიროს მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში, თუმცა გიტარა არც ერთი წუთით არ მიმიტოვებია, პირიქით უფრო ჩავუღრმავდი მუსიკას,“-ამბობს ის.

ამის შემდეგ, ბრაზილიაში მისი წარმატებული მუსიკალური კარიერა დაიწყო. 1985 წელს მუსიკოსმა მუშაობა და ცხოვრება აშშ-ში გადაწყვიტა, სადაც ის დღემდე საკმაოდ დატვირთულ და ნაყოფიერ პროფესიულ ცხოვრებას ეწევა. კონცერტების პარალელურად, გიტარისტმა სტუდიური ჩანაწერები შექმნა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: დიზი გილესპი, ელ ჯერო, ასტრიდ ჟილბერტო, პაკიტო დი რივერა, ლუსიანა სუზა, ჰარი ბელაფონტე და სხვა.

საკუთარი სტილი და ამერიკული კალეიდოსკოპი

მიუხედავად იმისა, რომ რომერო ლუბამბო ძირითადად სამბას და ბოსანოვას შემსრულებლადაა ცნობილი, ის ხშირად უკრავს კლასიკას, ჯაზს, პოპს. საკუთარი სტილის, ფილოსოფიისა და ხელწერის შენარჩუნება კი, მუსიკოსის განცხადებით, მისთვის უმთავრესი ამოცანაა:

„მე უნდა დავრჩე საკუთარი სტილის ფარგლებში. ამასთან, აუცილებელია ვიცოდე და მესმოდეს ის მუსიკა, რომელსაც ვასრულებ, იქნება ეს ჯაზი, ბლუზი თუ კლასიკური ჟანრი. სხვადასხვა სტილის შემსრულებლებთან მუშაობის დროს ჩემი ხელწერა აუცილებლად უნდა შეიმჩნეოდეს. სწორედ ჩემი გამჭოლი სტილის გამო სხვადასხვა მუსიკოსი ინტერესდება და ბევრი მათგანი მიწვევს კიდეც.“

რომერო ლუბამბომ რვა წლიანი პაუზის შემდეგ ახალი კრებული, სახელწოდებით „Brazilian Essence” გამოსცა. ამ ნამუშევარმა ცნობილი ჟურნალის „Downbeat” შეფასებით ხუთი ვარსკვალავი დაიმსახურა.

პროგრამის ბოლოს, მოისმინეთ კიდევ ერთი კომპოზიცია რომერო ლუბამბოს შესრულებით: „Aquarela De Brazil”. "ამერიკის ხმის" ეთერში მიკროფონთან თქვენთვის ლიკა გორგილაძე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG