Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი არ უნდა იყოს პოლიციელი


ამიერიდან სამართალდამცავებს, საპატრულო ეკიპაჟებს ეკრძალებათ სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით და იერსახით გამოცხადება, სხეულზე სვირინგის გაკეთება გამოსაჩენ ადგილას, სამუშაო საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ძილი. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, ცვლილება შევიდა"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში. ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

სამუშაო საათებში ძილის, გამოსაჩენ ადგილას სვირინგის გაკეთების, აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენის) და ხმამაღლა მოლაპარაკის (მეგაფონის) გამოყენების გარდა, პატრულებს ეკრძალებათ, მაგალითად, მანქანიდან მოქალაქეებთან საუბარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარი განაცხადეს განემარტათ,თუ რა აუცილებლობამ განაპირობაშინაგან საქმეთა მინისტრის ამ შინაარსის ბრძანებისგამოცემა.

მე ვერ ვხედავ, რომ აქ რაიმე პრობლემაა. პრობლემაა ის, თუ ეს აქამდე არ იყო და ბრძანება, არ ვიცი, რამდენად დაარეგულირებს ამას...
ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი თავად დებულების შინაარსში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მსგავსი განაწესი ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა, როგორც ირკლი პეტრიაშვილი ამბობს, ერთია ის, თუ რა წერია მინისტრის ბრძანებაში და მეორე, როგორ აღსრულდება ის პრაქტიკაში. ირაკლი პეტრიაშვილს კითხვა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით უჩნდება, თუ რატომ გახდააუცილებელი ამგვარი კონკრეტიკის შეტანა ბრძანებაში ახლა:

„მე ვერ ვხედავ, რომ აქ რაიმე პრობლემაა. პრობლემაა ის, თუ ეს აქამდე არ იყო და ბრძანება, არ ვიცი, რამდენად დაარეგულირებს ამას. ბრძანება უნდა მოდიოდეს სისრულეში და ამას თუ მიადევნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვალს, ცუდი ნამდვილად არ იქნება“.

ზოგადად, კანონმდებლობა გზადაგზა იხვეწება და არ არის გასაკვირი, რომ რაღაც რეგულაციები დაემატა განაწესსო, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მისი სიტყვებით, შესაძლოა რაიმე ხარვეზები აღმოჩნდა სამართალდამცველებისა და პატრულის საქმიანობაში და საჭიროებამ გამოიწვია ამ საკითხების დაკონკრეტება. თუმცა უფრო პრაქტიკა გამოაჩენს, რამდენადდახვეწს პატრულის საქმიანობას ახალი რეგულაციები:

თუკი ქურდული და კრიმინალური შინაარსის სვირინგები არ იქნებოდა, ვფიქრობ, რაიმე დარღვევა ან ისეთი ქმედება არ ჩანს, რომ ეს ავუკრძალოთ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიისაც არ უნდა იყოს.
ალეკო ცქიტიშვილი

„მუშაობის პერიოდში სძინავთ თუ არა პატრულებს, ალბათ, მინისტრმა უკეთესად იცის. რაკი ასეთი რეგულაციის დაკონკრეტება გახდა საჭირო, შესაძლოა ამ მხრივ პატრულში არის პრობლემები და, ლოგიკურად, მართლაც ეკრძალება სამუშაო დროს პატრულს ძილი“.

სვირინგის გამოსაჩენ ადგილას გაკეთების თაობაზე ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ სვირინგის შინაარსი იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, თუ სად ექნება პოლიციელს თავად სვირინგი:

„თუკი ქურდული და კრიმინალური შინაარსის სვირინგები არ იქნებოდა, ვფიქრობ, რაიმე დარღვევა ან ისეთი ქმედება არ ჩანს, რომ ეს ავუკრძალოთ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიისაც არ უნდა იყოს“.

ალეკო ცქიტიშვილი თავისი ორგანიზაციის პრაქტიკაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მინისტრის ბრძანებით მსგავსი რეგულაციების დაწესება შესაძლოა სამართალდამცავთა დისციპლინური დევნის საფუძვლის გამარტივებასაც ემსახურებოდეს. ალეკო ქციტიშვილი ამბობს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა ყოფილ სამართალდამცავს, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დაუსახელეს ის, რომ ზაფხულში, სამსახურებრივი მოვალეობის ხანგრძლივი დროით შესრულების დროს, ქუდი მოიხადა სიცხის გამო:

„არის, სამწუხაროდ, შემთხვევები, როცა ასეთი ტიპის რეგულაციებს შარის მოდებისთვის იყენებენ“.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა განმარტავს, რომ სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიგარეტის მოწევა და არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება 2010 წლის ბრძანებითაც ეკრძალებოდათ. მინისტრის ახალ ბრძანებაში ზვიად კუპრავა სიახლეს ვერ ხედავს:

„2010 წლიდან არის შიდა რეგულაციები თამბაქოზე და ძილზე ყოველთვის იყო. გენინსპექცია აკეთებს ამის მონიტორინგს. ძილი არც ადრე შეიძლებოდა და არც ახლა“.

რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებიც ჩაწერა პოლიციელთა ქცევასთან დაკავშირებით. ზოგ მათგანს შენიშვნა საპატრულო ეკიპაჟების მიერ ხმოვანი სიგნალის ხშირად გამოყენების გამო აქვს. პატრულთან დაკავშირებულ თავის პოზიტიურ გამოცდილებას იხსენებს რადიო თავისუფლების კიდევ ერთი თანამოსაუბრე:

„მეგაფონიდან ხშირდა ისმის ყვირილი, რაღაცების მითითება, უაზრო კომენტარები ბევჯერ გამიგონია და შევწუხებულვარ ამით მუშაობის დროს, სამსახურის წინ. მე მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა საპატრულოსთან და, პრინციპში, ჩემზე დადებითად იმოქმედა: ცუდ ადგილას მეყენა მანქანა, საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ექვემდებარებოდა და დამირეკა პატრულმა უცხო ნომრიდან და მითხრა, ასე და ასე აყენიაო და 10-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. ამ შემთხვევაში მე ამ 10 ლარის გადახდა მერჩივნა იმ 70 ლარის გადახდას, რასაც ითვალისწინებს მანქანის გაყვანა არასწორი ადგილიდან „სითი პარკის“ მიერ“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG