Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გამო მოწმეები დააკავეს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა
ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმეა დაკავებული. დაკავებულები არიან ყოფილი პოლიციელები - მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა ოთხჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ მან და მისმა ყოფილმა კოლეგამ, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ლევან ლობჟანიძემ, ჩვენებები შეცვალეს და განაცხადეს, რომ 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახეს. მოწმეთა განცხადებით, პროკურატურა მათზე ზეწოლას ახორციელებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს მთავარი პროკურორი.

ყოფილმა პოლიციელებმა მაიზერ ლიპარტელიანმა და ლევან ლობჟანიძემ ჩვენებები მას შემდეგ შეცვალეს, რაც 19 თებერვალს ასევე ყოფილმა პოლიციელმა და საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები გაავრცელა, რაც, მისივე თქმით, იმის დასამტკიცებლად დასჭირდა, რომ მანქანაში, რომელიც პოლიციამ გააჩერა, შეიარაღებული ახალგაზრდები ისხდნენ. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მოწმეების დაკავების თაობაზე განმარტებები 26 თებერვლის პრესკონფერენციაზე გააკეთა:

“ჩვენ დავაკავეთ ორი მოწმე, რომელმაც მისცა ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ციტირება ლობჟანიძის ჩვენებიდან, სადაც აშკარად ჩანს მის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა. ასევე ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია ლიპარტელიანის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შესახებ, მაგრამ უფრო დეტალური რომ იყოს ეს ინფორმაცია, ჩვენ მთლიანად განვასაჯაროებთ და გამოვაქვეყნებთ ამ ადამიანების მიერ ადრე მიცემულ ჩვენებას და დღეს მიცემულ ჩვენებებს”...
დავინახე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი, რომლის გვერდზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო (ჯერ კიდევ 2006 წლის სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ავტომატური იარაღი იდო გარდაცვლილის გვერდზე)...
ლევან ლობჟანიძის ჩვენებიდან

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღიდან მოყოლებული დღემდე პოლიციელმა ლევან ლობჟანიძემ რვა ჩვენება მისცა. ის 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს პატრულ-ინსპექტორის გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილე იყო. სწორედ გრიგოლ ბაშალეიშვილის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ლევან ლობჟანიძის ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პოლიციელის პირველი შვიდი ჩვენება, რომელიც მან 2004-2006 წლებში მისცა გამოძიებას, მართალია, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ყოველ მათგანში ფიგურირებს იარაღი, რომელიც, ლევან ლობჟანის თქმით, მან შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი და დაკავებული ახალგაზრდების მხარეს ნახა. საქმის მთავარი მოწმის ჩვენებიდან იარაღი მას შემდეგ ქრება, რაც საქმის გამოძიებას ახალი პროკურატურა იწყებს. ლევან ლობჟანიძის 2012 წლის 3 დეკემბრის ჩვენებაში ვკითხულობთ:

”დავინახე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი, რომლის გვერდზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო (ჯერ კიდევ 2006 წლის სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ავტომატური იარაღი იდო გარდაცვლილის გვერდზე). ასევე ავტომანქანის გარშემო და მის საბარგულზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ყოფილა იმ მომენტისათვის, როდესაც მე შევათვალიერე შემთხვევის ადგილი".
თუ საუბარია, რომ მასზე მოხდა რაიმე ტიპის ზეწოლა, მაშინ მოგვმართოს, კონკრეტულად აღწეროს, რაში გამოიხატა ეს იძულება და როგორ, რადგან ჩვენთან ამ ეტაპზე ასეთი საჩივარი არ არის და, მეორეც, არავითარი იძულება არც ერთი მოწმის მიმართ არ ყოფილა...
არჩილ კბილაშვილი

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყოფილი პოლიციელი ჩვენებებს შორის სხვაობას თავისი ემოციური მდგომარეობით ხსნის. თუმცა 22 თებერვალს ის განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტებს. უფრო ზუსტად კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუტა რობაქიძის საქმეზე განახლებული გამოძიების პროცესში დაკითხვისას მას გამომძიებელმა განუსაზღვრა ჩვენების მიცემის მიმართულება და, შესაბამისად, მისი ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის საპასუხოდ, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაკითხა. სწორედ ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რა ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს გამოძიების მხრიდან კონკრეტულად ლევან ლობჟანიძეზე ზეწოლა, თუმცა მოუწოდებს მას მიმართოს პროკურატურას, რათა ამ უკანასკნელმა გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ლევან ლობჟანიძის დაკითხვისას რაიმე სახის ზეწოლას ადგილი:

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
”თუ საუბარია, რომ მასზე მოხდა რაიმე ტიპის ზეწოლა, მაშინ მოგვმართოს, კონკრეტულად აღწეროს, რაში გამოიხატა ეს იძულება და როგორ, რადგან ჩვენთან ამ ეტაპზე ასეთი საჩივარი არ არის და, მეორეც, არავითარი იძულება არც ერთი მოწმის მიმართ არ ყოფილა”.

9 წლის წინ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, მოწმეების დაკავების ფაქტს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ის იმედს გამოთქვამს, რომ მოწმეები ერთხელ და სამუდამოდ სიმართლეს იტყვიან. ია მეტრეველი ერთ-ერთ დაკავებულ მოწმეზე - მაიზერ ლიპარტელიანზე -ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 9 წლის წინ ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სულ სხვა ინფორმაციას აწვდიდა:

”მე ლიპარტელიანისგან გამიკვირდა, რადგან თვითონ იმ დეტალსაც კი ჰყვებოდა, რომ ბაშალეიშვილი იყო ნასვამი და მე არაერთხელ მითქვამსო, რომ რო დალევს, მერე ვეღარ აკონტროლებს თავსო და არაერთხელ გაუსვრიაო და სულ ვამბობდიო, რომ არ შეიძლება ამ ადამიანის პოლიციაში გაჩერებაო. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს. ეს სიტყვები ლიპარტელიანს ეკუთვნის. ამას გვიყვებოდა სწორედ ჩვენი უბედურების მეორე თუ მესამე დღეს. ამოვიდა ბუტას მამასთან და ამას ჰყვებოდა”, - ამბობს ია მეტრეველი.

ბუტა რობაქიძის დედა აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც. ია მეტრეველის ყურადღების ცენტრშია მოქცეული ყოფილი თბილისის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილიც. მისი სიტყვებით, ზურაბ ადეიშვილთან ერთად სწორედ გიორგი ღვინიაშვილი ავალებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს გურამ დონაძეს იმ სპექტაკლის დადგმას, რომლის მიხედვითაც მისი შვილი და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდები შეიარაღებულ ყაჩაღებად აქციეს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე არაერთხელ დაიბარა, მაგრამ ის ამ დრომდე პროკურატურაში არ გამოცხადებულა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ყოფილი პროკურორი არღვევს სამართლის ნორმას, იკვეთება იმ რეჟიმის სახეც, რომლის დროსაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე წლების მანძილზე უძრავად იდო.

შეგახსენებთ, რომ მოწმეების დაკავება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამაც. მისი განცხადებით, თუკი პროკურატურა მოწმეებს ცრუ ჩვენების მიცემის გამო არ დააკავებდა, ის ქვეყანას დატოვებდა.
XS
SM
MD
LG