Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" აღზევება დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა


ერაყი, შიიტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები განადგურებულ ტანკთან, 2 სექტემბერი, 2014
ერაყი, შიიტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები განადგურებულ ტანკთან, 2 სექტემბერი, 2014

"ისლამური სახელმწიფო" რამდენიმე წელია ძლიერდება და დღეს ის 450 მილიარდი დოლარით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაციაა. დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოკავშირეები ემატება.

ამერიკის შიარაღებული ძალების 2011 წელს ერაყიდან გამოსვლამდეც კი, "სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბებას ცდილობდა, სუნიტ მუსლიმებს მთავრობის წინააღმდეგ აქეზებდა და ბარბაროსულ ძალადობას ჩადიოდა.

დღეს ორგანიზაციას სირიაში 50 ათასი და ერაყში კი 30 ათასი მებრძოლი ჰყავს. ივლისში მათ ძალებს სულ ცოტა 6 ათასი მებრძოლი შეემატა.

ეს არის ჯგუფი, რომლის დაუნდობლობამ "ალ-ყაიდაც"კი შეაშფოთა. "ისლამური სახელმწიფო" სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და ერაყის რელიგიური ნიშნით დაყოფას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად და სიმდიდრისა და ტერიტორიების მოსაპოვებლად იყენებს. ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე დევიდ კილქულენი ამბობს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" "ალ-ყაიდა" ჩრდილში მოიტოვა:

„მათ მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, უფრო მდიდრები არიან, აკონტროლებენ ტერიტორიას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ისინი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე "ალ-ყაიდა". ადამიანების გატაცებებით, მათ მილიონობით დოლარი აქვთ გამოძალული. დაახლოებით 450 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებით, 'ისლამური სახელმწიფო' ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში.“

სირიასა და ერაყში ტერორისტული ჯგუფი ადგილობრივ მთავრობებს ქმნის და სახელმწიფოს ფუნქციებს ითავსებს - ისე, როგორც ამას ლიბანში ჰეზბოლა აკეთებს. ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი ჯორჯ ბენიტესი ამბობს:

„ერაყსა და სირიაში მათ მიერ ოკუპირებულ ქალაქებში ვხედავთ როგორ ითავსებენ ისინი სახელმწიფოს უამრავ ფუნქციას. ისინი, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, „გულებისა და გონების მოგების“ სტრატეგიას ახორციელებენ.“

დევიდ კილქულენი ამბობს, რომ ისინი ლეგიტიმურ მმართველ ძალად ჩამოყალიბებას ცდილობენ: „ისინი აგროვებენ გადასახადს, ამუშავებენ მაღაზიებსა და საცხობებს, ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევენ. ასევე წარმოებენ სასამართლო მოსმენებს, მართავენ საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ სამსახურებს.“

ერაყში," ისლამურმა სახელმწიფომ" თანამშრომლობა დაიწყო ერაყის ყოფილ მმართველ ძალა ბაათის პარტიისთან. ისლამისტებსა და ბაათისტებს განსხვავებული იდეოლოგია აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ერთმენეთს ავსებენ - ბაათისტებს ერაყში პოლიტიკური ლეგიტიმურობა აქვთ, ხოლო "ისლამური სახელმწიფო" კი მათ სამხედრო ძალით უმაგრებს ზურგს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისლამისტების სამხედრო ძალა ის მთავარი ფაქტორია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს მათთან თანამშოლობისკენ იზიდავს. თუმცა, ასევე არსებობს შეხედულება, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო შესაძლებლობების რეალური გამოცდა ჯერ არ გაუვლია. რენდის კორპორაციის ტერორიზმის მკვლევარი ბრაიან ჯენკინსი ამბობს, რომ ერაყის სუნიტი დასახლებები სუსტი სამიზნეები იყო:

„'ისლამურმა სახელმწიფომ' ერაყის ჯარი სამხედო ძალით არ დაამარცხა. ერაყის არმია უბრალოდ გაიქცა და ვაკუუმი დატოვა, რომელიც 'ისლამურმა სახელმწიფომ' შეავსო.“

ჯორჯ ბენიტესი ამ მოსაზრებას ეთანხმება: „დიდი სიახლე ის არის, რომ მათ მოსულის წყალსაცავზე კონტროლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ეს მათთვის პირველი სერიოზული დარტყმა იყო. თუ მოსახლეობა დაინახავს, რომ ისინი სამხედრო დაპირისპირებებს აგებენ, მათ მიმართ არსებული მხარდაჭერა შესუსტდება.“

ჯენკინსი შიშობს, რომ მიუხედავა იმისა, თუ რამდენად ძლიერია "ისლამური სახელმწიფო", ახლო აღმოსავლეთის რუკა სამუდამოდ შეიცვალა და სირია და ერაყი იმ საზღვრებში ვეღარასოდეს იარსებებს, რომლებიც დღემდე იყო დადგენილი: „სირია სხვადასხვა ჯგუფის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიების მოზაიკაა. ეს ტენდენცია უცვლელად გაგრძელდება. ერაყი სუნიტ, შიიტ და ქურთულ ტერიტორიებად დე ფაქტო დაყოფილი ქვეყანაა.“

ჯენკინსი ამბობს, რომ დასავლეთის მიერ დაწყებული თუნდაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია ვერ შეძლებს სირიისა და ერაყის სახელმწიფოების აღდგენას. მისი აზრით, ყველაზე ოპტიმალური შედეგი კონფლიქტის გაყინვა და ათწლეულების მანძილზე „ქაოსის კონტროლია.“

ექსპერტები თანხმდებიან, რომ "ისლამური სახელმწიფოს" შეჩერება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ტერორისტული ჯგუფის აღზევება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გლობალური ჯიჰადის უმნიშვნელოვანესი წინსვლაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთმა რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა "აბუ საიაფი" და "ჯამაათ ალ ისლამია" აზიაში და "ბოკო ჰარამი" აფრიკაში, "ალ-ყაიდის" ერთგულებაზე უარი განაცხადეს და "ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირეები გახდნენ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG