Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიოს ოლიმპიადა და რუსი მძლეოსნების იმედი


მსოფლიოში წლის მთავარი სპორტული მოვლენის - რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების - დაწყებამდე თვე-ნახევარზე ნაკლებით ადრე კვლავ გრძელდება ვნებათაღელვა რუსი სპორტსმენების, კერძოდ, მძლეოსნების გარშემო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა 21 ივნისს გამოაცხადა, რომ რუს სპორტსმენებს, თუ ოლიმპიადაში მონაწილეობა სურთ, სპორტის შესაბამისი სახეობის საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა დაუდასტურონ, რომ დოპინგს არ იყენებენ. ეს განცხადება ვითარებას ცვლის მას შემდეგ, რაც იმავე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 18 ივნისს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას, რუს მძლეოსნებს აეკრძალოთ წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა.

რუსი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭოკით ხტომაში, ელენა ისინბაევა ახლა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისათვის რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვარაუდობენ, რომ ისინბაევას მაგალითს არაერთი სხვა რუსი ათლეტი მიბაძავს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა 21 ივნისს გამოაცხადა, რომ რუს ათლეტებს წელს, აგვისტოში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ, თუ დაამტკიცებენ, რომ კავშირი არა აქვთ რუსეთის სპორტში დოპინგის მასშტაბურ პროგრამასთან. ისინბაევა აცხადებს, რომ არ იყენებს დოპინგს და ოლიმპიური კომიტეტის პოზიციის გამო იმედოვნებს, რომ შეძლებს ოლიმპიადაში რუსეთის დროშით მონაწილეობას.

შექმენით სისტემა! ჩვენ მზად ვართ! რუსეთი აბსოლუტურად მზად არის მთელ მსოფლიოსთან პატიოსანი წესებით სათამაშოდ, მაგრამ ერთნაირი სტანდარტებით და ერთნაირი მოთხოვნებით...
ვიტალი მუტკო

თომას ბახის განცხადება, რომ ათლეტები, ვინც დაამტკიცებს, რომ თავი შორს უჭირავს დოპინგისაგან, შეძლებენ ოლიმპიადაში თავისი ქვეყნის დროშით მონაწილეობას, ეწინააღმდეგება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სულ რამდენიმე დღის წინანდელ გადაწყვეტილებას. მაშინ ითქვა, რომ, თუ სპორტსმენი დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას, მას ასპარეზობა შეეძლება „ნეიტრალური“ დროშით (სავარაუდოდ, ხუთრგოლიანი ოლიმპიური დროშით).

ამასთან, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ იმავე დღეს, 17 ივნისს, ძალაში დატოვა ოლიმპიადაზე რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაცია და მის ამ გადაწყვეტილებას მომდევნო დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. და აი, 21 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განსხვავებული ნაბიჯი გადადგა - აშკარად, რუსეთის წარმომადგენლების სასიხარულოდ. რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ თქვა, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოს და ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოსო.

ამასთან, მუტკომ გააკრიტიკა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელზეც ახლა არის დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მხარს ოლიმპიურ თამაშებში თუნდაც ცალკეული რუსი მძლეოსნების მონაწილეობას: „მე უკვე ვუთხარი როგორც (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის) პრეზიდენტ (სებასტიან) კოს, ისე საბჭოს წევრებს, ღია წერილიც დავწერე. იცით, თუ ხარ ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მძლეოსნობის განვითარება ... გამოდის, გააკეთე ყველაფერი მის გასანადგურებლად! აი, წარმოიდგინეთ: იანვრიდან ჩვენ სპორტსმენებს არ მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში. ანუ, რა ხდება ჩვენთან? მე, როგორც სახელმწიფო, ვერ ვაფინანსებ ქვეყნის ნაკრებ გუნდს, ე. ი. ყველაფერი ფუჭდება. ვერ ვაფინანსებ საწვრთნელ ცენტრებს, ე.ი. ეს ყველაფერი იხურება. ბავშვებს მოტივაცია არა აქვთ“,- განაცხადა სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო „რეიტერსთან“ საუბრისას.

ვიტალი მუტკო
ვიტალი მუტკო

საკუთრივ დოპინგის პრობლემასთან დაკავშირებით მუტკომ მიანიშნა, რომ დოპინგი რუსეთის კი არა, მსოფლიოს პრობლემაა: „შექმენით სისტემა! ჩვენ მზად ვართ! რუსეთი აბსოლუტურად მზად არის მთელ მსოფლიოსთან პატიოსანი წესებით სათამაშოდ, მაგრამ ერთნაირი სტანდარტებით და ერთნაირი მოთხოვნებით“.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მართლაც რომ გასაოცარი ცნობები აქვს გავრცელებული რუსეთში დოპინგის გამოყენების მასშტაბებზე. რად ღირს თუნდაც ერთი კვირის წინ, 15 ივნისს, გამოქვეყნებული ანგარიში, რომ წელს რუსეთმა ხელი შეუშალა თავისი ათლეტების დოპინგზე შემოწმების ასობით მცდელობას, აღირიცხა უშიშროების სამსახურის მუშაკთა მხრიდან რუსეთში დოპინგზე შემოწმების ჩასატარებლად ჩასული ექსპერტების მიმართ მუქარის შემთხვევებიც კი. რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ შემოწმების ჩატარების უფლება ჩამოართვა რუსეთის და კენიის ანტისადოპინგო სააგენტოებს, მათი არასანდოობის გამო.

ბრაზილიაში 5 აგვისტოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე თვე-ნახევარზე ნაკლები რჩება. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჟუკოვმა, 21 ივნისს გამოაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუმცა, შესაძლოა, უჩივლოს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას. არადა, რუსეთის სპორტის მესვეურთა პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, მყარი არ არის. ცნობილია, რომ 15 ივლისამდე გამოქვეყნდება კანადელი ადვოკატის, რიჩარდ მაკლარენის გამოძიების დასკვნა და, წინასწარი ინფორმაციით, ის ეხება მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგის სისტემური გამოყენების მიჩქმალვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG