Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ტროლის აღსარება


trollface - ინტერნეტტროლის სიმბოლო
trollface - ინტერნეტტროლის სიმბოლო

გიფიქრიათ, როგორია რუსეთში რიგითი ტროლის ყოველდღიური ცხოვრება? ანუ, რას აკეთებს კაცი, რომელსაც ფულს უხდიან ინტერნეტში კრემლის მხარდამჭერი ბლოგპოსტების შექმნასა და ვებსაიტებზე წერაში? ამის გარკვევა სცადა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტმა დმიტრი ვოლჩეკმა და შეხვდა ერთ-ერთ ახალგაზრდა ბლოგერ მარატ ბურხარდს, რომელმაც ორი თვე გაატარა რუსეთის მთავარ "ტროლების ფაბრიკაში" - სანკტ-პეტერბურგის ინტერნეტის კვლევის ცენტრში.

ამ ცენტრის თანამშრომლები სავუშკინას ქუჩაზე მდებარე ერთ უსახურ შენობაში არიან დასაქმებული: ტროლების ფაბრიკა 24-საათიან რეჟიმში, კვირაში შვიდი დღე მუშაობს.

მარატ ბურხარდი, მისივე თქმით, თავგადასავალს ეძებდა, როცა იქ სამსახურის პოვნა გადაწყვიტა და შესაბამისი განაცხადი შეიტანა.სანამ სამსახურში აიყვანდნენ, გამოცდა მოუწყვეს:

„თავიდან გაწერინებენ ნეიტრალურ ტექსტს ვეგეტარიანელობის მხარდამჭერსა და საწინააღმდეგო არგუმენტებზე. ყველაფერი ასე იწყება. სრულიად ნეიტრალური ტექსტი უნდა დაწერო. შემდეგ იწყება უფრო მწვავე თემებზე წერა: რას ვფიქრობ, მაგალითად, დონეცკში ჰუმანიტარული კოლონის არსებობაზე?“

მუშაობის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ფულის გულისთვისაც კი არა. დგება მომენტი, როცა ფიქრობ: ჯანდაბას ფული, ოღონდ იქ მისასვლელი აღარ იყო...
მარატ ბურხარდი

ინტერნეტის კვლევის ცენტრი ათობით დეპარტამენტისაგან შედგება. თითოეულს თავისი სპეციალიზაცია აქვს. ერთი მხოლოდ ახალ ამბებს აწარმოებს. მეორე წერს კონსერვატიულ პოსტებს ბლოგ-პლატფორმა "ლაივ ჯორნალისთვის". სხვები უცხოენოვანი სტატიების კომენტარების სექციის შევსებაზე მუშაობენ. ზოგი კი, ინტერნეტსივრცეში საგანგებო ვიდეოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებს ავრცელებს – თავად ტროლები ასეთ მასალებს "დემოტივატორებს" უწოდებენ.

ბურხარდს დაავალეს, ემუშავა დეპარტამენტში, რომლის მთავარი ამოცანაა რუსეთის მუნიციპალური ვებსაიტების კომენტარების სექციათა კრემლის მხარდასაჭერი ფრაზებით გავსება. იმისთვის, რომ დებატების ილუზია შექმნან, ტროლები სამწევრიან ჯგუფებად იყოფიან:

„ჩვენ სამად ვართ გაყოფილი. ერთ-ერთი მათგანი ‘მტერია’, ანუ ის, ვინც ისე წერს, თითქოს არ ეთანხმება დაწერილს, აკრიტიკებს არსებულ ხელისუფლებას, რათა რაღაც ნამდვილობის იერი მიანიჭოს იმას, რაც ხდება. დანარჩენი ორი კი მას ეწინააღმდეგება და ამგვარად ერთვება დისკუსიაში. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც ვებსაიტზე წერია, ყველაფერი სიმართლეა. თანაც, ერთმა კონტექსტის შესაბამისი ფოტოები უნდა შეარჩიოს, მეორემ კი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, ბმული უნდა გამოიყენოს.“

ბურხარდის ერთ-ერთი დავალება, სახელწოდებით "ტროიკა", გულისხმობდა რუსეთის მთავრობის განცხადების გამყარებას, რომ თითქოს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინელებთან ერთად იბრძვიანდასავლელი სამხედროები. ბურხარდის განმარტებით, თავდაპირველად "ლაივ ჟურნალში" გამოაქვეყნა ანონიმური ბლოგპოსტი, რომელიც სხვა დეპარტამენტის მიერ წინასწარ იყო მომზადებული. ავტორი წერდა, რომ კიევი იტყუება, როცა ამტკიცებს, უცხოელი შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიანო. ბლოგპოსტის თანახმად, რუსი ჯარები კი უკრაინაში არსადაა.

ამ ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ტროლების სამკაციანი ჯგუფის მუშაობა. ჯერ "მტერი" ტროლი შეუდგა რუსეთის დადანაშაულებას უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო და ბლოგპოსტში გამოთქმული აზრის გადაჭრით უარყოფას. მაგრამ მოწინააღმდეგე ტროლმა უპასუხა სტატიის ბმულით, რომელსაც საეჭვო ვებსაიტზე გადაყავდი. ხოლო იქ განთავსებულ სტატიაში წაიკითხავდი, რომ ამერიკელი სამხედროები დანამდვილებით იმყოფებიან უკრაინის მიწაზე. დაბოლოს, ვიზუალზე პასუხისმგებელი ტროლის დროც დგებოდა – ის თავდაპირველ ბლოგპოსტზე დაპირისპირებულ "მხარეებს" აწვდიდა გრაფიკულ მასალას, რომელიც უკრაინაში დასავლეთის ფარისევლურ პოლიტიკაზე მიუთითებდა.

„ჰო, აი ასეთი აბსურდი ხდება. ჩვენ ერთმანეთს მაინცდამაინც არ ველაპარაკებით, რადგან ყველა დაკავებულია. თანაც ის კომენტარები, რომლებიც იწერება, 200 ნიშანს არ უნდა აღემატებოდეს. მოკლედ, ბეჭდეთ, ბეჭდეთ და ბეჭდეთ. ისედაც ჩანს, სხვები რას წერენ, მაგრამ შეგიძლია არც წაიკითხო, რადგან ყველაფერი ეს ნამდვილი ბოდვაა.“

ინტერნეტის კვლევის ცენტრის თანამშრომლები 12-საათიან რეჟიმში მუშაობენ – ორი დღე ზედიზედ და შემდეგ ორი დღე ისვენებენ. თავიანთი ცვლის დროს არა აქვთ შენობიდან გასვლის უფლება და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, რათა არ გადაუხვიონ მთავარ იდეოლოგიურ ხაზს. ფანჯრები მუდამ ჩაკეტილია.

ბურხარდი ამბობს, რომ "ტროლების ფაბრიკაში" მაინცდამაინც სასიამოვნო ატმოსფერო არ სუფევს.

მარატ ბურხარდი
მარატ ბურხარდი

„ერთმანეთთან მეგობრობას არ ახალისებენ. იქაური სისტემა ძალიან რეპრესიული ხასიათისაა. ერთი წუთით დაგვიანებაზე უკვე 500-რუბლიანი ჯარიმაა დაწესებული. თანამშრომლების მიმართ გაუთავებელი რეპრესიებია. სულ უმნიშვნელო შეცდომისთვისაც კი გაჯარიმებენ. გამუდმებით გემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით, ხან რას გიბრძანებენ, ხან - რას. იქ ყველაფერი არაადამიანურად ხდება.“

ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ტროლებს თვეში 700-მდე ამერიკულ დოლარს უხდიან, საშუალოზე ბევრად მაღალ ხელფასს - გაცილებით მეტს, ვიდრე რუსეთში უხდიან ახალგაზრდებს მცირეოდენი სამუშაო გამოცდილებით. ტროლების ფაბრიკაში სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ასაქმებენ.

ორი თვის მერე ბურხარდმა ვეღარ გაუძლო მუშაობას ოფისში, რომელსაც თვითონვე ადარებს „სიმართლის სამინისტროს“ - ანუ პროპაგანდის სამსახურში მდგომ უწყებას, რომელსაც თავის ერთ-ერთ რომანში აღწერს ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი. ბურხარდს მაღალ ხელფასადაც კი აღარ უღირდა მძიმე ზეწოლის ატანა, რომელსაც ტროლების ფაბრიკაში განიცდიდა. თან,არც იქ გამეფებულ იდეოლოგიას ეთანხმებოდა:

„მე არ ვიზიარებ ამ იდეოლოგიას. თავიდან ბოლომდე მისი წინააღმდეგი ვარ. მოწინააღმდეგის ბანაკში მომათავსეს. ორი თვე საკმარისია, რათა მიხვდე, როგორ არის იქ ყველაფერი აწყობილი. მუშაობის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ფულის გულისთვისაც კი არა. დგება მომენტი, როცა ფიქრობ: ჯანდაბას ფული, ოღონდ იქ მისასვლელი აღარ იყო.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG