Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეესტრის უარი ლევან გაჩეჩილაძეს და დროებითი პაუზა „მაესტროში“


ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

10 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, რასაც საფუძვლად ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედი დირექტორის, ბაია გადაბაძის, სარჩელი დაედო, ამ ტელევიზიის დირექტორის შეცვლის პროცესი 30 დღით შეჩერდა. ლევან გაჩეჩილაძემ, რომელსაც გადაბაძე უნდა ჩაენაცვლებინა, „მაესტროში“ მისვლა გარკვეული დროით გადადო, თუმცა, როგორც მისმა ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ, განაცხადა, გაჩეჩილაძე ხელახლა მიმართავს საჯარო რეესტრს დასარეგისტრირებლად და ეს პროცესი, რეალურად, მხოლოდ სამი დღითაა შეჩერებული. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში უნდა მიიტანოს საჯარო რეესტრში ბაია გადაბაძემ სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა და "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედება არ შეწყვეტილა.

ტელეკომპანია „მაესტროში“ ახალი დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, მისვლას 10 თებერვალს დღის პირველ ნახევარში ელოდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე. საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ განიხილა ეთერ (ბაია) გადაბაძის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ ხნის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. ბაია გადაბაძემ ეს ამბავი პირველ წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება:

„სარჩელი, რომელიც მე შევიტანე სასამართლოში პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მართალია, სასამართლომ არა, მაგრამ რეესტრმა დამიკმაყოფილა. ამით მან შეაჩერა ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის პროცედურა. თუმცა მე აუცილებლად დღესვე გავასაჩივრებ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეესტრის გადაწყვეტილებას, მას წარმატების პირველ ნაბიჯად ვაფასებ და, თუ კიდევ არსებობს ხელისუფლებაში „გაგრილებული“ თავები, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს კარგია, რადგან მედიასთან ყველა ბრძოლა მათი დამარცხებით დასრულდება“.

ბაია გადაბაძის პოზიცია არც ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრასთან დაკავშირებით შეცვლილა:

„ბოლო ათი დღეა ამას ვამბობ, რომ ლევან გაჩეჩილაძე ვერ შემოვა ამ შენობაში როგორც დირექტორი, მაგრამ, თუ მას ჩემთან ექნება რაიმე კითხვები, სიამოვნებით გავცემ პასუხს. მეც მაქვს მასთან შეკითხვები“.

როგორც"მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელ მაკა ასათიანის ადვოკატმა,გიორგი გვენეტაძემ, განმარტა, გადაბაძის სარჩელზე სასამართლოს უარი ვერ შევა ძალაში მანამ, სანამ მისი გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება და პროცესი არ დასრულდება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი დრო თვეზე მეტი რჩება:

„ხოლო ამ პროცედურების დასრულებამდე ბაია გადაბაძე კომპანიის დირექტორად რჩება და სხვა სამართლებრივ დავებსაც გააგრძელებს. ჩვენ ასევე ველოდებით სასამართლოს განჩინებას, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, გიორგი გაჩეჩილაძეს 30 %-ის ფარგლებში შეუჩერდეს უფლებები“.

გიორგი გვენეტაძემ უპასუხა შეკითხვებსაც იმის თაობაზე, თუ რისი მართვის უფლება აქვთ ამ ეტაპზე დღეს ძმებ გაჩეჩილაძეებს:

„მათ შეუძლიათ მართონ შპს სტუდია „მაესტრო“, ჩვენ კი ახლა შპს „ემ ინვესტმენტის“ შენობაში ვიმყოფებით, რომელიც მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ეკუთვნით და, შესაბამისად, სად აპირებს მოსვლას ლევან გაჩეჩილაძე, მას უნდა ჰკითხოთ. თუ ის აპირებს დაუკითხავად და გარკვეული ძალადობრივი გზით აქ მოხვედრას, ეს მას, ალბათ, არ გამოუვა“.

საჯარო რეესტრის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატი, ირაკლი კორძახიაც, რომლის განმარტებით, რეალურად, რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა და 11 თებერვალს ლევან გაჩეჩილაძე ხელახლა მიმართავს რეესტრს დასარეგისტრირებლად. პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე, კორძახიას განცხადებით, გაჩეჩილაძე „მაესტროში“ არ მივა.

„მაესტროს“ ჟურნალისტებმა კი 10 თებერვალს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, არც საინფორმაციო სამსახური და არც რომელიმე ტელეგადაცემა მუშაობას არ შეწყვეტს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG