Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეცეპტების ეკონომიკური ფასი


პირველი სექტემბრიდან წამლების დიდი ნაწილი აფთიაქში ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც ფარმაცევტულ და სამედიცინო სფეროში, ასევე მომხმარებლებში. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან ერთად რეცეპტების სისტემას ეკონომიკური ფასიც აქვს. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება როგორც ფარმაცევტული, ასევე სამედიცინო მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეცეპტების სისტემის დანერგვის თარიღის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეების ნაწილმა ხშირად გამოყენებადი მედიკამენტების შეძენა დაიწყო. შედეგად, მოთხოვნის უეცარმა ზრდამ ბიძგი მისცა ფასების მატების პროცესს. ეკონომიკის ამ კანონზომიერების პრაქტიკაში საჩვენებლად ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჟურნალისტებთან ერთად ერთ-ერთ აფთიაქს მიაკითხა:

„ეს არის ორი ქვითარი. ერთი არის 21 მაისის და იგივე დასახელების წამლები არის შეძენილი 18 აგვისტოს იგივე აფთიაქში. განვლილი[MK1] სამი თვის მანძილზე იმ ბაზისური მედიკამენტების ფასები, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი, გაძვირებულია 10 პროცენტით”.

იქნებ ამ ორი კვირის განმავლობაში უზრუნველვყოთ - იმ ფორმით, რითაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ - მოსახლეობის ერთგვარი დამშვიდება, რომ დეფიციტი და ფასების გაძვირება არ არის მოსალოდნელი...
დავით სერგეენკო

მედიკამენტების გაძვირების პროცესი წინა პერიოდშიც შეიმჩნეოდა, მაგრამ არა ცვლილების გამოცხადების შემდეგ განვითარებული მაშტაბით. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ერთი კვირის წინ ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და, რეფორმის კლინიკური ასპექტების გარდა, ეკონომიკურ მხარეზეც ილაპარაკა:

”იგივე პარტნიორობისა და იგივე თანამშრომლობის ფორმატში, რითიც აქამდე მოვედით, იქნებ ამ ორი კვირის განმავლობაში უზრუნველვყოთ - იმ ფორმით, რითაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ - მოსახლეობის ერთგვარი დამშვიდება, რომ დეფიციტი და ფასების გაძვირება არ არის მოსალოდნელი“.

მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრის მოწოდებისა, მედიკამენტების ფასი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს ეფუძნება და ის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ანუ აფთიაქებში მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან ერთად, იზრდება. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკუთარი გადაწყვეტილებისა და მედიკამენტების ფასის მატების გამიჯვნას შემდეგი არგუმენტებით შეეცადა:

”ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფასწარმოქმნაში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ დაგვხდა სისტემა, სადაც სრულიად კერძო სისტემა არის და თავად ბაზარი არეგულირებს ფასებს”.

სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვანი ზრდა რეგულირებაში ნებისმიერ შემთხვევაში აძვირებს პროდუქციას. სახელმწიფოს მოუწევს გაცილებით მეტი რესურსის დახარჯვა, რათა არ დაუშვას დახლქვეშ ვაჭრობა...
თემურ იობაშვილი

თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავით სერგეენკოც წარმოადგენს, ორიოდე წლის წინ ხელისუფლებაში სხვა პროდუქციასთან ერთად წამლების გაიაფების დაპირებითაც მოვიდა. ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი, მათ შორის ირაკლი ლექვინაძეც, მედიკამენტების გაძვირების მიზეზებს ინფლაციურ პროცესებში ხედავს:

”მედიკამენტებზე ფასების ზრდა ინფლაციური პროცესების შედეგია. დაახლოებით 3-პროცენტიან ინფლაციას აქვს ადგილი, დღევანდელი მონაცემებით”.

მედიკამენტების გაძვირების სხვა მიზეზებზე საუბრობს ჟურნალ ”ბიზნესი და მენეჯმენტის” რედაქტორი, ეკონომისტი თემურ იობაშვილი. მისი აზრით, სახელმწიფო რეგულირების დაწესება აუცილებლად პროდუქციის გაძვირებას იწვევს:

”სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვანი ზრდა რეგულირებაში ნებისმიერ შემთხვევაში აძვირებს პროდუქციას. სახელმწიფოს მოუწევს გაცილებით მეტი რესურსის დახარჯვა, რათა არ დაუშვას დახლქვეშ ვაჭრობა. შესაბამისად, ეს ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯს, რაც გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე და იწვევს გაძვირებას”.

ბოლო ორი წლის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში გატარებული ცვლილებების შედეგად, არა მხოლოდ მედიკამენტების ფასის საერთო დონე გაიზარდა, არამედ ჯანდაცვის მომსახურებაც გაძვირდა. მიუხედავად საყოველთაო უფასო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისა, ”საქსტატის” პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ამ სფეროში ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. ირკვევა, რომ სამედიცინო პროდუქცია 0,5 პროცენტით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურება 1,7 პროცენტით გაძვირდა.

XS
SM
MD
LG