Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა პარლამენტის ნდობას ითხოვს


მთავრობის განახლებული გუნდი პარლამენტში
მთავრობის განახლებული გუნდი პარლამენტში

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს იმსჯელებს. სხდომის მოწვევის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე მიმართა. მანამდე კი, 6 მაისს, მან, პროცედურის შესაბამისად, პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. 7 მაისს მთავრობის განახლებულ გუნდს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში მოუხდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, შეხვედრები უმრავლესობასთან, უმცირესობასთან და ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებთან“ - ამ ფორმატში ორგანიზებულ შეხვედრებზე, პროფილის შესაბამისად, მთავრობა, სრული შემადგენლობით, სამთავრობო პროგრამაზე, დარგის პრიორიტეტებსა და პერსპექტიულ გეგმებზე ლაპარაკობდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებების დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მაგალითად, განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით დაგეგმილია სიახლე, რომელიც მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ არჩევას ითვალისწინებს:

“ძალიან მალე ჩვენ შემოგთავაზებთ უკვე მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს, შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩართული იქნება მთავარი პროკურორის არჩევნებში და კანდიდატურის განსაზღვრაში სამოქალაქო საზოგადოება და, საბოლოოდ, მთავარ პროკურორს - იმედია, ეს წელსვე მოხდება - პარლამენტი აირჩევს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ უწყებად გაყოფისა და სამინისტროს გარეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა:

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

“ახლო მომავალში იგეგმება სამინისტროს სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, სპეციფიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაეკისრება“.

ვახტანგ გომელური ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სისტემის ფარგლებში ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციას და გაზრდის ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანობას.

პროგრამულ პრიორიტეტებზე საუბარი ქართველი ჯარისკაცების ღირსების დაცვის საკითხით დაიწყო და უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის პირველი ეტაპის ამოცანების ხაზგასმით დაამთავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

“სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასწრაფოდ მოსამზადებელი და დასასრულებელი არის უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის პირველი ეტაპი, მათ შორის, საწვრთნელი ცენტრი, რომელზეც ამდენი ხანია საუბარი იყო და ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ყველაზე უფრო ქმედითი და აქტიური იქნება ჩემი პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრის, საქმიანობა ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“, განაცხადა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ერთ-ერთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრთა განახლებული კაბინეტის ფარგლებში 1 მაისს დანიშნული სამი ახალი მინისტრიდან. მათგან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრია ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა - გიგლა აგულაშვილი. თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს, რომლებიც პარლამენტის წევრები არიან, სადეპუტატო უფლებამოსილებას კოლეგები ასევე 8 მაისისთვის დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე შეუჩერებენ.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეკითხვები, რომელიც ეხება მთავრობის საქმიანობას ამ პერიოდის განმავლობაში. თავისუფალი დემოკრატები მხარს არ დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას...
ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას კი 74 დეპუტატის ხმა სჭირდება. წინასწარ ცნობილია, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დეპუტატები. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, მთავრობის პროგრამაზე მსჯელობა, მაშინ როდესაც იგი მხოლოდ ერთი დღის შესულია საკანონმდებლო ორგანოში, არასერიოზულია:

“სერიოზული დებატები ამასთან დაკავშირებით, ალბათ, იქნება მოტყუება საზოგადოების, ამაში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეკითხვები, რომელიც ეხება მთავრობის საქმიანობას ამ პერიოდის განმავლობაში. თავისუფალი დემოკრატები მხარს არ დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პლენარულ სხდომამდე, 7 მაისსაც მოაწყო ერთგვარი დემარში, როდესაც პროცესუალურ საკითხებზე შეუთანხმებლობის მოტივით დემონსტრაციულად დატოვა როგორც ძალოვანი, ისე ეკონომიკური პროფილის მინისტრთა მოსმენები გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმცირესობის სხდომაზე დასვა კონკრეტული კითხვები, მათ შორის, ლარის გაუფასურების შესახებ, რაზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი იყო:

“ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს 2-3 კვირაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რასაც ისმენს ყოველდღიურად მოსახლეობა, და ის აჟიოტაჟი, რომელსაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს სიტუაციის დარეგულირებას“.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, სამთავრობო პროგრამაში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები და მთავრობის პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს 13 საათიდან შეუდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG