Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის კონვენცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი


ჟურნალისტები უყურებენ ვიდეოს, რომელზეც, სავარაუდოდ, გადაღებულია ლუგანსკთან ამასწინანდელი ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილი ორი რუსი ჯარისკაცი.
ჟურნალისტები უყურებენ ვიდეოს, რომელზეც, სავარაუდოდ, გადაღებულია ლუგანსკთან ამასწინანდელი ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილი ორი რუსი ჯარისკაცი.

ამ კვირაში კიევმა შეიპყრო, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები, რომლებიც მეამბოხეების მხარეს იბრძოდნენ. კვლავ დაისვა კითხვა, იცავს თუ არა უკრაინა ჟენევის კონვენციას ომის ორი პატიმრის მიმართ მოპყრობისას.

ომის პატიმრების მიმართ მოპყრობა ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება უკრაინის კონფლიქტში მას შემდეგ, რაც 2014 წელს ამ ქვეყნის აღმოსავლეთში დაიწყო ბრძოლა უკრაინის სამთავრობო შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეები გამძვინვარებული ბრბოს წინ ჩამოატარეს, უკრაინის მხარემ კი გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ დაკავებული რუსი მედესანტეების იძულებით აღიარებას. იუტუბზე გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოებში ჩანს, რომ სეპარატისტები სასტიკად ექცევიან დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებს.

ამ კვირაში უკრაინელების მიერ იუტუბზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რუსი პატიმრის დაკითხვა. ის კამერაში იყურება და, როგორც ჩანს, საავადმყოფოს საწოლზე წევს, კისრამდე საბანგადაფარებული. კაცი, რომელიც თავს ალექსანდრ ალექსანდროვად მოიხსენიებს, ამბობს, რომ რუსეთის ქალაქ ტოლიატიში განთავსებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრია: „გვიპოვეს. მე ფეხში დავიჭერი, როცა გაქცევას ცდილობდი... ოთხი თუ ხუთი დღეა, აქ ვართ“. ალექსანდროვი ზოგჯერ შეშინებული ჩანს და ბურტყუნს იწყებს. მას მაშინვე უბრძანებენ, ხმამაღლა ილაპარაკოს.

ალექსანდროვის ვიდეო პირველად 18 მაისს გამოქვეყნდა უკრაინის პარლამენტის წევრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ფეისბუკის გვერდზე. ამას მაშინვე მოჰყვა კრიტიკა და ბრალდება, რომ ვიდეოს გასაჯაროებამ დაარღვია ჟენევის კონვენციები, რომლებიც კრძალავს ომის პატიმრების გამოყენებას საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით. თუმცა ეს ქმედება არ არის სხვა, მაგალითად განზრახ მკვლელობის ან წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ექვივალენტური.

სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თავმჯდომარე და ჟენევის უშიშროების პოლიტიკის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, ფრანსუა ჰაიბურგი გამოქვეყნეულ ვიდეოს თავის ტვიტერის გვერდზე ეხმიანება: „ეს არღვევს ჟენევის წესებს ომის პატიმართა მიმართ მოპყრობის შესახებ. უკრაინას არ სჭირდება იმაზე მეტი უსიამოვნება, ვიდრე უკვე აქვს“.

ამ დისკუსიაში მთავარი ისაა, ეომებიან თუ არა ერთმანეთს უკრაინა და რუსეთი. ჟენევის კონვენცია ომის პატიმრების შესახებ ეხება სახელმწიფოთა შორის შეიარაღებულ კონფლიქტებს.

კიევი, ნატო და დასავლეთის მთავრობები ამტკიცებენ, რომ არსებობს უტყუარი საბუთები იმისა, რომ მოსკოვი სეპარატისტებს ეხმარება იარაღის მიწოდებით, სამხედროებითა და საწვრთნელი ბანაკებით. ეს უკანასკნელი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 18 მაისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ალექსანდროვი და მეორე დატყვევებული რუსი სამხედრო, ევგენი ეროფეევი ნამდვილად რუსეთის ჯარში მსახურობდნენ, თუმცა დაკავებისას ისინი არ იმყოფებოდნენ აქტიურ სამხედრო სამსახურში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც ჟენევის კონვენციების დაცვას მეთვალყურეობს, უკრაინაში ომს „არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს უწოდებს“. ეს სტატუსი გულისხმობს, რომ ომის დანაშაულის განმარტება უფრო სერიოზულია, ვიდრე „საჯარო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება“ და მოიცავს „პირადი ღირსების შელახვასა“ და „არაჰუმანურ, შეურაცხმყოფელ მოპყრობას“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა, მომხდართან დაკავშირებით თქვა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ტერიტორიაზე იმ რუსი ჯარისკაცების არსებობა, რომლებიც ვითომ არ არსებობენ.“

პარადოქსია, მაგრამ უკრაინის მცდელობა, საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ რუსეთთან ომი აქვს, მას ავალდებულებს, დაიცვას ჟენევის კონვენცია, რომელიც კრძალავს ომის პატიმრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას.

მასალა მოამზადა ანა ლომთაძემ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG