Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფი ჯეი ჰარვი - “The Hope Six Demolition Project”


ფი ჯეი ჰარვი
ფი ჯეი ჰარვი

ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის ფი ჯეი ჰარვის შესახებ ბოლოს 2011 წელს ვისაუბრე, უფრო ზუსტად კი, მისი მე-8 სტუდიური ალბომი „Let England Shake“ წლის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად მოვიხსენიე.

მან საკუთარი ნიჭი თუ შესაძლებლობები განსხვავებული ფორმებით წარმოაჩინა - მსმენელს 12 სიმღერა შესთავაზა, უხეში პანკური ბგერების ნაცვლად ელექტრონული ციტრა აამეტყველა და ანტიმილიტარისტული საპროტესტო აქცია მოაწყო. სულ ახლახან კი ხუთწლიანი დუმილი დაარღვია და მორიგი, მწვავე სოციალურ თემებზე აქცენტირებული, დისკი გამოსცა სახელწოდებით “The Hope Six Demolition Project”.

პროექტი განხორციელდა მუსიკოსისა და ცნობილი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტის სიმუს მერფის მონაწილეობით, რომელმაც მოგვიანებით კლიპებისთვის რამდენიმე ვიდეოც გადაიღო. 2011-2014 წლებში მათ კოსოვო, ავღანეთი და ვაშინგტონი მოიარეს. როგორც ჰარვი ამბობს, საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ცხოვრობდნენ ადგილობრივები, მოისმინეს მათი ისტორიები და ამ ადამიანების სატკივარი და ოცნებები საგულდაგულოდ ჩაიწერეს. შთაბეჭდილებებმა ჯერ წიგნში მოიყარა თავი, ხოლო მოგვიანებით ერთგვარ აკუსტიკურ დღიურად, ანუ მე-8 სტუდიურ ალბომად, იქცა.

საინტერესო გახლდათ თავად დისკზე მუშაობის პროცესიც. ის უფრო არტპერფომანსს ჰგავდა, ვიდრე კლასიკურ სესიას დახშულ სტუდიაში. ჩაწერები ლონდონში, სომერსეტ-ჰაუსის სამუზეუმო სივრცეში, მიმდინარეობდა. დამთვალიერებელიც შუშის ფანჯრის მიღმა ადევნებდა თვალს ჰარვისა და მისი კოლეგების ფუსფუსს.

“The Hope Six Demolition Project” ძალიან ჰგავს წინა ალბომის კონცეფციას. აქაც ხშირია მარშისთვის დამახასიათებელი რიტმული სტრუქტურები, გიტარის მინიმალისტური პარტიები, მელანქოლიური აკორდები და საქსოფონის სოლო მეტყველება. რაც შეეხება ლირიკას, ტექსტები ყოველთვის იყო და არის ფი ჯეი ჰარვის ძლიერი მხარე. ამ მხრივ, რამდენიმე სიმღერას გამოვყოფდი. პირველ რიგში, თხზულებას, სახელწოდებით "The Community of Hope". სოციალურ უსამართლობაზე შექმნილი ნაწარმოები გეტოებში მცხოვრებ ვაშინგტონელებზეა, რომელთა სახლები ქალაქგანვითარების პროექტის ფარგლებში დაანგრიეს, მათ ადგილას აღმართულ ახალ კომპლექსებში კი მათი ადგილი არ მოიძებნა. "არა უშავს, ისინი ხომ ზომბები და ჯანკები არიან ... მათი სახლების ნაცვლად სავაჭრო ცენტრი აშენდება", - სევდანარევი ირონიით აღნიშნავს არტისტი.

კომპოზიცია The Wheel, რომელიც მანამდე სინგლადაც გამოიცა, ენერგიული, დრამატიზმით სავსე, აგრესიული როკენროლია ეთნოწმენდისა და ძალადობის შესახებ, იმ ადამიანებისა თუ სოფლების ამბავია, ომების შედეგად რომ დაზარალდნენ. სიმღერით გამოწვეულ მძიმე განცდებს ზემოხსენებული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ვიდეოც ამძაფრებს. ბრიტანელის ობიექტივში ჯერ კოსოვო მოხვდა, შემდეგ ავღანეთი და, რა თქმა უნდა, თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური პრობლემაც - მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი. მერფიმ საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვრებთან რამდენიმე დღე გაატარა და ფირზე აღბეჭდა სიკვდილს გამოქცეული ადამიანების უმძიმესი ყოფა.

“The Hope Six Demolition Project”, პირველ რიგში, არტისტის მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის პლატფორმაა და მხოლოდ შემდეგ - მუსიკალური ალბომი. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, ავტორი პროტესტის რომანტიზაციას არ ცდილობს და, რაც საგულისხმოა, არც პოზირებს - აქაოდა, თანამედროვეობის ჯოან ბაესი ვარო. პირიქით, მსმენელს პრობლემებზე კონცეტრირების, დაფიქრების საშუალებას აძლევს, თავად კი თითქოს განზეა გამდგარი და კულისებიდან აკვირდება ჩვენს რეაქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG