Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიროსმანის მისამართი: მალაკნების ქუჩა N 29


ფიროსმანის მუზეუმი
ფიროსმანის მუზეუმი

ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების დიდი ნაწილი დაკარგული ან განადგურებულია. ასევე დაკარგულად ითვლება მხატვრის საფლავი. თბილისში ერთადერთი ადგილი, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ცოცხალ ხსოვნას ატარებს, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სახლია. სწორედ აქ, ყოფილი მალაკნების ქუჩა N 29-ში, გახსნილია ნიკო ფიროსმანის მუზეუმი, რომელიც კიბის ქვეშ მდებარე ფარდულისა და საექსპოზიციო დარბაზისაგან შედგება.

თბილისს თითქმის არ შემორჩა ადგილი, რომელიც ფიროსმანის სახელს, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას უკავშირდებოდეს: გაქრა ორთაჭალის ბაღი და „ელდორადო“, მადათოვის კუნძული და კოჭლაშვილის „თეთრი პელიკანი“, აღარც ის დუქნები და სარდაფებია, რომელთა კარებს ფიროსმანის დიდებული აბრები, ხოლო პირქუშ კედლებს ფერწერული ტილოები ამშვენებდა. ეს ყველაფერი გაქრა და დაიკარგა. სამაგიეროდ, ჩუღურეთში, სადგურის მახლობლად, შემორჩა ქუჩა და სახლი, სადაც ნიკო ფიროსმანმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები და დღეები გაატარა.

თუმცა მხატვრის სიცოცხლეში ფიროსმანის ქუჩა სულ სხვა სახელს ატარებდა. 1938 წელს, როდესაც ფიროსმანის გარდაცვალების ოცი წლისთავი მოახლოვდა, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების საქმეთა სამმართველომ გამოსცა ბრძანება N 202, რომელიც მეტეხის მუზეუმის დირექტორს ავალებდა ხელოვნების სახლში მოეწყო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ამავე 1938 წელს მალაკნების ქუჩას ფიროსმანის სახელი ეწოდა, თუმცა ნომერ 29 სახლში მხატვრის მუზეუმის გახსნა მხოლოდ 1982 წელს მოხერხდა. ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის მმართველი ანზორ მაძღარაშვილი იშველიებს დიმიტირი შევარდნაძის მიერ 1916 წელს გამოქვეყნებულ წერილს ფიროსმანზე:

ანზორ მაძღარაშვილი
ანზორ მაძღარაშვილი

„რამოდენიმე აბზაცის შემდეგ თვითონ დიტო შევარდნაძე წერს, რომ დღეს ფიროსმანი ცხოვრობს მალაკნების ქუჩა 29 ნომერში. აი, ახლა ვიმყოფებით 29 ნომერში, ამ კიბის უჯრედში კი ქირით ცხოვრობდა, მაგრამ მერე ქირა ვერ გადაუხადა და ამ მეპატრონემ დაითხოვა. მოგონებები მაქვს ჩაწერილი აქ მცხოვრები ძველი ხალხის, რომლებმაც გვითხრეს, რომ ფიროსმანმა იცოდა, რომ აქ იყო თავისუფალი სარდაფი, რომელშიც ჩადიოდა ღამის გასათევად“.

სწორედ ამ ფარდულში სტუმრობდა ლადო გუდიაშვილი ფიროსმანს, რომლის საცხოვრებელი გარემო აღწერილი აქვს კიდეც მოგონებების წიგნში:

„ცხოვრობდა კიბის ქვეშ. ოთახი ძალზე პატარა და დაბალი იყო. კუთხეში ლოგინი იდგა. კედელზე, კარადის მაგივრად, პატარა ყუთი ეკიდა. მეორე კუთხეში მიყრილი იყო ხელსაწყოები, ვედრო, მუშამბა, საღებავები, ფუნჯები“.

ასეთი სურათი დახვდა ლადო გუდიაშვილს ლამის ასი წლის წინ, როცა ფიროსმანს ესტუმრა. რა ვითარებაა ამჟამად კიბის ქვეშ მდებარე ფარდულში, რომელიც მხატვრის მუზეუმის ნაწილად ითვლება? ფიროსმანის ნიჭის მასშტაბთან შეუსაბამოდ მცირე სივრცეში მეგზურობას ანზორ მაძღარაშვილი გვიწევს:

ფიროსმანის საცხოვრებელი
ფიროსმანის საცხოვრებელი

„აი, თუ რაიმე დაეყვედრება ფიროსმანაშვილს, დაეყვედრება მხოლოდ ეს კიბისქვეშა სათავსო... ეს არის მაგიდა, რომელიც მირზაანიდან ჩამოვიტანეთ... ფიროსმანი უპატრონო მკვდრის სახელით დაიკრძალა და იმისი აქ არაფერი არ დაგვრჩა... ეს გახლავთ ნიკოს დედის მოქსოვილი ჯეჯიმი (ფარდაგულად ნაქსოვი ზოლიანი ქსოვილი), ის ტახტიც სოფლიდან არის ჩამოტანილი და გადმოცემით ვიცით, რომ ნიკო წოლილა მასზე, ამ მაგიდასთან პური უჭამია... ესეც მირზაანიდან წამოღებული ის ჭურჭელია, რომელსაც ფიროსმანი შეხებია“.

ანზორ მაძღარაშვილის ძალისხმევით, ფიროსმანის პირველი მუზეუმი მხატვრის მშობლიურ სოფელ მირზაანში 1979 წელს გაიხსნა, თბილისში კი, ფიროსმანის 29-ში,მუზეუმი 1982 წლიდან განთავსდა და ის მირზაანის მუზეუმის ფილიალად ითვლება, თუმცა იმის გამო, რომ შენობას არ ჰყავს დაცვა და არ აქვს სიგნალიზაცია, საექსპოზიციო ფართობი კი მწირია, შეუძლებელია მასში ფიროსმანის თუნდაც ერთი ორიგინალის განთავსება. როგორც ირკვევა, ფიროსმანის ოთხ მუზეუმს კახეთსა და თბილისში 16 ადამიანი, მათ შორის, ერთი დამლაგებელი ემსახურება. ფიროსმანის მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი იმ გულგრილობის გამო წუხს, რომელსაც ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ იჩენენ.

ფიროსმანის მუზეუმი
ფიროსმანის მუზეუმი

„ფიროსმანმა დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი: სახელი და საქართველოს დიდება! აი, ჩვენ როგორ ვექცევით ფიროსმანს, ეგ არის საკითხავი! სამწუხაროა, რომ ერთეული პიროვნებების საპატრონო გახდა ფიროსმანი, რომელიც ერის კაცია. სამწუხაროა, რომ ფიროსმანის მუზეუმს, რომელიც წლებია არსებობს თბილისში, არა სტუმრობენ. კარგით, მირზაანში წასვლა ეზარებათ, მაგრამ აქ მოსვლას რა უნდა!“ უთხრა თემურ ჩალაბაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თემურ ჩალაბაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში თბილისელები ფიროსმანის მუზეუმის არსებობის შესახებ თავიანთი უცხოელი სტუმრებისგან იგებენ. სტუმრები კი, როგორც ანზორ მაძღარაშვილი ამბობს, გაოცებას ვერ მალავენ მუზეუმის არასახარბიელო მდგომარეობით.

„ფიროსმანს საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისის სიყვარულში ვერავინ შეედრება. რაც ფიროსმანმა თბილისს გაუკეთა, ვერც ერთმა მოღვაწემ ვერ შეძლო ეს. ამდენად, ფიროსმანი ბიუჯეტს კი არ უნდა ელოდებოდეს, არამედ, პირველ რიგში, ბიუჯეტის დამტკიცებას რომ დაიწყებენ, იმაზე უნდა იფიქრონ, თუ რა გაუკეთონ ფიროსმანის მუზეუმს მისი სახელის სადიდებლად. ახლა კი, როცა ტურისტები მოდიან, იცით, რას გვეკითხებიან? კი მაგრამ, თუ ფიროსმანი დიდი მხატვარია, რატომ არის ასე უყურადღებოდო?“ - უხრა ანზორ მაძღარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ანზორ მაძღარაშვილის პასუხად, თბილისის საკრებულოში აცხადებენ, რომ მუზეუმის გარშემო ვითარება სულ მალე შეიცვლება. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ფიროსმანის ქუჩა უნდა იქცეს თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ადგილად:

გიორგი ალიბეგაშვილი ფიროსმანის მუზეუმში
გიორგი ალიბეგაშვილი ფიროსმანის მუზეუმში

„თბილისში უნდა გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი შარდენის ქუჩის მსგავსი სივრცე. რაღაცნაირად შევეცდებით ჩვენ, საკრებულო, რომ მოვიზიდოთ თანხები, რათა ქუჩის რაღაც მონაკვეთი გადაიკეტოს და გაკეთდეს ხელოვნების მუზეუმის სივრცე, რომელშიც შესაძლოა ფიროსმანის ოცნებაც ავასრულოთ: დაიდგას მრგვალი მაგიდა, ზედ სამოვარი, შემოუსხდნენ მას ხელოვნების ადამიანები და ისაუბრონ ხელოვნებაზე“.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ფიროსმანის მეზეუმზე აუცილებლად იზრუნებენ მერია და საკრებულო, რომლის წევრი და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერიძე ასევე იმედოვნებს, რომ ფიროსმანის ქუჩასა და სახლ-მუზეუმს სათანადო ყურადღება მიექცევა:

„გვინდა, რომ 2015 წელს რამდენიმე სახლს გავუკეთოთ რეაბილიტაცია. ამ ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგანაც შენობები დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. ამიტომ გვინდა აღვადგინოთ ფიროსმანის ქუჩა და განსაკუთრებულად მივხედოთ ფიროსმანის მუზეუმს, რომელსაც უნდა დავუბრუნოთ იმ პერიოდისა და ყოფის იერი. როცა ადამიანი ამ ქუჩაზე გაივლის, წარმოდგენა შეექმნას იმ დროზე, რომელშიც ფიროსმანი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა“.

ზაზა აბაშიძე
ზაზა აბაშიძე

თბილისის საკრებულოს წევრების სურვილს, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობებს, იწონებს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, რომლის თქმითაც, მუზეუმი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რომელიც ცნობილი იყო თავისი სარდაფებით, დუქნებით, რომლებიც სულ ფიროსმანის მოხატული იყო.

„დღეს, ცხადია, ეს ცხოვრება აღარ არის, შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ არც ასეთ ყოფაში შეიძლება მუზეუმის დატოვება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ამისათვის კი ფიროსმანის მუზეუმი უნდა იყოს თბილისის მერიის დაქვემდებარებაში. აქ შეიძლება მართლა აღდგეს პატარა რესტორნები, დუქნები გაიხსნას, რომ გადმოინაცვლოს თბილისის კულტურულმა, სამხატვრო ცხოვრებამ... ცხადია, რომფიროსმანის ქუჩაზე, ფიროსმანის მუზეუმთან ახლოს ყველა მხატვარი მოვა. ასე რომ, ძალიან კარგი იქნება, თუკი აღდგება მცირე ნაწილი მაინც იმდროინდელი ცხოვრებისა“, უთხრა ზაზა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG