Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა


მილსადენის მშენებლობის პროცესი
მილსადენის მშენებლობის პროცესი

პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, პირველი 4 თვის მანძილზე საქართველოში დაბანდებული უცხოური კაპიტალის ოდენობამ 376 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ინვესტიციების გაორმაგება.

2008 წლის პირველი კვარტალის შემდეგ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა, როგორიც წელს არის. საქართველოს მთავრობა თავს იწონებს პირველი 4 თვის განმავლობაში უცხოელების მიერ დაბანდებული 376 მილიონი აშშ დოლარით. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, ბიზნესი მაინც კეთილგანწყობილია, რაც ინვესტიციების გაზრდით გამოიხატა.

ინვესტიციების 103-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი გასული წლის პირველი კვარტალის ჩავარდნის შედეგია, თუმცა ბოლო 7 წლის მანძილზე პირველ კვარტალში განხორციელებულ ინვესტიციებს შორის მაინც 2016 წლის მონაცემები ლიდერობს. "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტს ბესიკ ნამჩავაძეს ვთხოვეთ განემარტა, საქართველოს ეკონომიკის რა დარგებმა გამოიწვია უცხოური კაპიტალის მოჭარბება:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა არის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციები ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაში.“

მილსადენის მშენებლობაში დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებაზე მეტყველებს ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალიც. საქართველოში პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, ლიდერობს აზერბაიჯანი, 137 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ინვესტიციების 36 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი, 15 პროცენტით, და დიდი ბრიტანეთი, 12 პროცენტით. ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ეკონომისტებს უჭირთ იმის მტკიცება, რომ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად მთავრობამ რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის გარდა, პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გამორჩეული იყო საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა. თუ ბანკები ადრეც ახერხებდნენ ინვესტიციების მოზიდვას, გარკვეული ჩავარდნა იყო ენერგეტიკაში. ვარაუდობენ, რომ ამჟამად ზრდა ენერგეტიკის სექტორში რომელიმე კონკრეტული ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

​გაცილებით მოკრძალებულია ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, დამამუშავებელ მრეწველობასა და სამთომომპოვებელ დარგში. აქ ინვესტიციები საშუალოდ სამ-სამი მილიონით გაიზარდა, ხოლო ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში, საერთო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია 11 მილიონი აშშ დოლარით. მიუხედავად ამისა, საერთო მოცულობის ზრდის ტენდენციას მაინც დადებითად აფასებს ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საფუძველი და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებელია, იწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მეტი დოვლათის დაგროვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG