Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ოდენობით უცხოური ინვესტიცია საქართველოში 2007 წელს შემოვიდა - 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.

2014 წელს შემოსული ინვესტიციების 21 პროცენტი რეინვესტირებული თანხებია, რაც გულისხმობს პირველადი ინვესტიციიდან მიღებული შემოსავლების ხელმეორედ დაბანდებას. ინვესტიციების სახით შემომავალი ნაკადები სულ 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან მილიარდ დოლარამდე თანხის მეშვეობით ინვესტორის მიმართ ვალდებულებები შემცირდა.

2014 წელს განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია (26 პროცენტი), მეორე და მესამე ადგილებზე აზერბაიჯანი (24 პროცენტი) და ჩინეთია (15 პოცენტი). ამ სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა მთლიან ინვესტიციებში 65 პროცენტი შეადგინა.

სექტორულ ჭრილში გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების 27 პროცენტი, 343 მლნ აშშ დოლარი, ტრანსპროტსა და კავშირგაბმულობაში დაიხარჯა. მეორე ადგილზეა მშენებლობა, 295 მლნ აშშ დოლარით, და მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა,174 მლნ აშშ დოლარით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით იმ საწარმოთა სიას აქვეყნებს, სადაც განხორციელდა ინვესტიციები. ინვესტიციების უმსხვილესი მიმღებია BP Group, სადაც აზერბაიჯანული ინვესტიცია ჩაიდო. მეორე ადგილზეა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი „ჰუალინგ ინტერნეიშენალი“, ჩინური ინვესტიციით. ნიდერლანდური ინვესტიციები უმეტესად ენერგეტიკის სფეროში იყო მიმართული და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ განხორციელდა. ამავე ქვეყანამ ჩადო ინვესტიციები დამამუშავებელ მრეწველობაში, კერძოდ, „აიდიეს ბორჯომი საქართველოში“, ასევე RMG Copper-ში, „შავი ზღვის ტერმინალში“, „სილქნეტსა“ და „თელასში“, შპს „ლუკოილ ჯორჯიასა“ და „რომპეტროლ საქართველოში“.

აშშ-ის ინვესტიციები მიმართული იყო შპს „მაგთიკომის“ მისამართით. რუსთავის „აზოტმა“ მიიღო ლუქსემბურგის ინვესტიციები დამამუშავებელი მრეწველობის დარგში. კვიპროსიდან განხორციელდა ინვესტიციები შპს ნინოწმინდის ნავთობკომპანიის წარმომადგენლობაში.

სავალუტო კრიზისის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების, როგორც უცხოური ვალუტის ერთ-ერთი წყაროს, ზრდა. თუმცა, როგორც ჩანს, გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, ლარის გამყარებაზე ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია.

XS
SM
MD
LG