Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა იწყება.ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები წარმოადგინა.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენს 8 მილიარდ 225 მილიონ ლარს, რაც თითქმის ნახევარი მილიონით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ გეგმიურ მაჩვენებელს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2016 წელს მისაღები შემოსულობების - ისევე როგორც გადასახდელების - მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები - 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 680.0 მლნ ლარს. 125 მილიონს, გრანტის სახით, ევროკავშირი გამოყოფს სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 57 მილიონი ლარითაა გაზრდილი შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი და, დაახლოებით, 1 მილიარდ 500 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ანაზღაურება გაიზარდა ძირითადად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასების დასაფინანსებლად, ვინაიდან გასულ წლებში ეს უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, რაც შეიცვალა. ასევე, 20-მილიონიანი ზრდაგანაპირობა ცესკოს თანამშრომელთა ხელფასების დაფინანსების საჭიროებამ, ვინაიდან 2016 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ პროგრამებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 765 მილიონიდან 3 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე იზრდება (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9 %). ზრდა შეეხება მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამას (2 მლრდ 183 მლნ ლარი), საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამას (1 მლრდ 480 მლნ ლარი), მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვას (570 მილიონი ლარი). მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება, რამდენადაც ამის საშუალებას ეკონომიკური მაჩვენებლები არ იძლევა.

განათლების სამინისტროს დაფინანსება 841-დან 975 მილიონ ლარამდე იზრდება. ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ სექტემბრიდან გაიზარდა პედაგოგთა საბაზო ხელფასები.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოყოფილითავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ამ კუთხით გამოყოფილია ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება, პატიმართათავის პენიტენციურ სისტემაში ღირსეული პირობების შექმნა და ა.შ. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 670 მილიონი ლარი, რაც, წინა წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 331 ათასი ლარით ნაკლებია.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები, გასულ წელთან შედარებით, მცირედით შემცირებულია. არაფინანსური აქტივების ზრდის მიმართულებით გამოყოფილია სულ 736 მლნ ლარი, რაც, მიმდინარე წელთან შედარებით, 5-პროცენტიანი კლებაა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2016 წლის ბოლოსთვის განისაზღვრება არა უმეტეს 14 582.5 მლნ ლარით, აქედან საგარეო ვალი - 11 578.8 მლნ ლარი და საშინაო ვალი - 3 003.7 მლნ ლარი.

ბიუჯეტის განხილვა დარგობრივ კომიტეტებსა და რეგიონებში გაგრძელდება და საბოლოო სახით მას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG