Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხელმეორედ ჩაიშალა


როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, ჩაიშალა. პარლამენტში არ მივიდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები. სხდომაზე დასწრებას არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები გეგმავდნენ. 13 მარტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე დანიშნა პრეზიდენტმა, ლარის სტაბილურობის პრობლემები უნდა განხილულიყო.

„კონსტიტუციის უპატივცემულობა“, „უნიათობა“, „ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობა“ - ამგვარი ეპითეტები მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიეღოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში. სამი მცდელობის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად კვორუმი - პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 76 დეპუტატი, - პარლამენტისდარბაზში არ აღმოჩნდა.

გასაოცარი მთელ ამ ვითრებაში არის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ცდილობდეს პარლამენტარიზმის გაძლიერებას ქვეყანაში, დაკავებულია პარლამენტის სხდომის ბოიკოტით...
ნუგზარ წიკლაური

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური დეპუტატებს სასესიო კვირამდე დაემშვიდობა:

„კოლეგებო, კვორუმი არა გვაქვს, რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა. შევიკრიბებით მომდევნო პლენარული სხდომის მსვლელობის დროს“.

რიგგარეშე სხდომა, რომლის მოწვევაც პრეზიდენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილობით და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სიტყვიერად სთხოვეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, მიზნად ისახავდა ხმაურის ატეხას და პოლიტიკური ტემპერატურის აწევას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დანიშნული საპროტესტო აქციის წინ. და ვინაიდან სხდომას არ შეიძლებოდა რაიმე შედეგი ჰქონოდა, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა მინისტრების განმარტებით, მათ პარლამენტში 12 მარტის საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხეს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომაზე მისვლის მნიშვნელობას ვერ ხედავდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„მე მგონია, რომ მთავრობამ ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა, სიტუაციის ფლობა და ამის შემდეგ კიდევ პოლიტიკური ვნებათაღელვის გაღვივება ამ საკითხთან დაკავშირებთ მე პირადადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს სხდომა პრეზიდენტმა მოიწვია ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - სავალუტო კრიზისზე - სამსჯელოდ და ამ შემთხვევაში პარლამენტის უმრავლესობა სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმით არ ასრულებს თავის ფუნქციებს:

„გასაოცარი მთელ ამ ვითრებაში არის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ცდილობდეს პარლამენტარიზმის გაძლიერებას ქვეყანაში, დაკავებულია პარლამენტის სხდომის ბოიკოტით“.

აღმოჩნდა, რომ დღევანდელი „ოცნების“ უმრავლესობა აგრძელებს ნაციონალების უმრავლესობის მთავარი მოქმედების პრინციპს, რომ ახლა ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ...
ნინო გოგუაძე

წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა საპარლამენტო უმრავლესობას „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ და „ქართულ ოცნებას“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების პოლიტიკა დაუწუნა.

„სამარცხვინოა ის, რომ არ აღმოჩნდა უმრავლესობის არც ერთი დეპუტატი, რომელსაც გაახსენდებოდა თუნდაც თავისი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რომ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები მართავენ და ინსტიტუტებს ექნებათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. აღმოჩნდა, რომ დღევანდელი „ოცნების“ უმრავლესობა აგრძელებს ნაციონალების უმრავლესობის მთავარი მოქმედების პრინციპს, რომ ახლა ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ“.

საგულისხმოა, რომ უმცირესობას 51 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „თავისუფალ დემოკრატებს“ - რვა და ოთხიც დამოუკიდებელი დეპუტატია, რაც, ჯამში, 63 დეპუტატს უდრის. დეპუტატთა ეს რაოდენობა კვორუმისათვის საკმარისი არ იყო, თუმცა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამდენიც არ მოგროვდა და თავშეყრის მესამე და საბოლოო მცდელობისას მხოლოდ 41-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG