Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუმი ნებართვა „პანორამა თბილისს“


„პანორამა თბილისი“
„პანორამა თბილისი“

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფარულად მიღებას საყვედურობს. სამი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო ნებართვა ერთპიროვნულად გასცა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კვირას „პანორამა თბილისის“ პროექტის გასაპროტესტებლად აქციას გეგმავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები „თბილისის ჰამქარი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“ ერთობლივ განცხადებაში მიუთითებენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ნებართვის გაცემა„ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ვალდებულებებს მოქალაქეების წინაშე".

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ქალაქი, საჯარო სივრცე ეკუთვნით ადამიანებს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს და არა ამ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს...
ანა ნაცვლიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით სრული იგნორირება გაუკეთეს 17 ორგანიზაციისა და 5 000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალურ მოწოდებას, რომ "პანორმა თბილისის" პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო:

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ქალაქი, საჯარო სივრცე ეკუთვნით ადამიანებს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს და არა ამ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. გადაწყვეტილების დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან წინააღმდეგობაშია“.

საქმე ისაა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა მოთხოვნით, რომ საჯარო წარმოების წესით საკითხის განხილვა დაეშვა, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა „პანორამა თბილისთან“ მიმართებით. ამ მოთხოვნას ხელს აწერდა 4 250 კაცი რომლებიც „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით მშენებლობის სამი ნებართვა გასცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ობიექტზე, ყოფილი "ცეკავშირის" შენობის ტერიტორიაზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი შენდება, ნებართვა 2015 წლის 20 აპრილს გაიცა; მეორე ობიექტზე, სოლოლაკის ბაღებზე, - 2015 წლის 18 მაისს, ხოლო მესამე ობიექტზე, სოლოლაკის მაღლობზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს - 2015 წლის 8 ივნისს.

მერია ამ პროცესში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, მე-5 კატეგორიის პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მტკიცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროში. ამ შემთხვევაში მერიას მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია ექნება მშენებლობის პერიოდში...
ნინა ხატისკაცი

„თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაცემული ნებართვის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია პროექტის ქვედა ზონაში. რაც შეეხება ზედა - სოლოლაკის - ზონას, იქ მერიისგან ნებართვა ჯერ არ გაცემულა:

„’პანორამა თბილისის’ მმართველი გუნდი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს და თავისუფლების მოედანზე გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი. მერიისგან ქვედა ნაწილში არის ნებართვა, ზედა ნაწილში - ჯერ არა“.

თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით კი, პროექტზე ნებართვას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მერია არ გასცემს:

„მერია ამ პროცესში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, მე-5 კატეგორიის პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მტკიცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროში. ამ შემთხვევაში მერიას მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია ექნება მშენებლობის პერიოდში. რაც შეეხება ნებართვას და თავად პროექტის შეთანხმებას მერიასთან, ასეთი რამე არ მომხდარა, ეს მოხდა ეკონომიკის სამინისტროში".

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი ეჭვობს, რომ თავის დროზე მე-5 კატეგორიის ნებართვის გაცემის უფლებით ეკონომიკის სამინისტროს აღჭურვა თბილისის მერიის ნაცვლად სწორედ „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების საკითხმა განაპირობა.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს რომ „პანორამა თბილისი“ როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსითა და საინვესტიციო თანხის ოდენობით, აბოსულუტურად უპრეცედენტო პროექტია და მისი განხორციელება არასასურველია:

„ლამის 10 წელი აშენებდა ბიძინა ივანიშვილი თავის საცხოვრებელ კომპლექსს სოლოლაკის ქედზე. მის სახლთან შედარებით, „პანორამა თბილისი“ ასჯერ დიდი პროექტია თავისი მასშტაბით. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ამ პროექტის დასრულებას ვერ შეძლებს, მაგრამ მოასწრებს ნგრევას, მოასწრებს იმ ტერიტორიების აოხრებას, სადაც ეს პროექტები უნდა განთავსდეს და მერე დაგვრჩება ადგილები, რომლის გამოკეთილშობილებაზე ფიქრი ჩვენ მოგვიწევს და, აი, ეს იქნება მერე თბილისისთვის პრობლემა“.

პროექტი ”პანორამა თბილისი”, რაც სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსის, ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და მათ დაკავშირებას გულისხმობდა საბაგირო გზებით, მოგვიანებით შეიცვალა და გადაწყდა, რომ „საბაგიროებით მხოლოდ თავისუფლების მოედნის კომპლექსი დაუკავშირდება სოლოლაკის ბაღებს“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG