Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება?


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც „მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით“ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს, სახალხო დამცველი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. როგორც სახალხო დამცველი, ისე არასამთავრობო ორგანზაციები ფიქრობენ, რომ, ძალოვანი სტრუქტურის მიერ შემოთავაზებული ნორმის ფორმულირების მიხედვით, კრიმინალიზებულია უბრალოდ მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, უფლებადამცველების აზრით კი, მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს დასჯად ქმედებად, როცა ამ ქმედებას მოსდევს პირდაპირი და აშკარა საფრთხე. კანონპროექტი 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. უახლოეს მომავალში შსს-ს ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

„თუ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების რეგულაციის გზით შეზღუდვას ირჩევს, აუცილებელია მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება“, - ასე ფიქრობს სახალხო დამცველი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, „მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით“ სისხლის სამართლის წესით დაისჯება. სახალხი დამცველის აზრით, ნორმის მოცემული რედაქცია შეუთავსებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან.

თუკი სისხლის სამართლის კოდექსში შემავალ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 239-ე პრიმა მუხლის თანახმად, “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.

ეკა ფოფხაძე
ეკა ფოფხაძე

ეკა ფოფხაძემ, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გააცნო სახალხო დამცველის წინადადებები კანონპროექტთან დაკავშირებით. ეკა ფოფხაძე კანონპროექტში, მისი თქმით, ერთი მნიშვნელოვანი ფორმულირებისა და სტანდარტის შეტანაზე ლაპარაკობს:

„საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადგინა ის სტანდარტი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოწოდება დასჯადი, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოწოდება კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადგომის აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. ამიტომ ეს სტანდარტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით არ უნდა იქნეს დაწეული და მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს დაემატოს ეს მნიშვნელოვანი გარანტია, რომ არა უბრალო და ჩვეულებრივი მოწოდება იქნეს დასჯადი, არამედ მოწოდება, რომელიც ქმნის არსობრივ საფრთხეს, რომ მას მოჰყვება კანონსაწინააღმდეგო აშკარა, პირდაპირი და არსებითი შედეგი“, - ამბობს ეკა ფოფხაძე.

კრიტიკულად აფასებს კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა, ისევე როგორც სახალხო დამცველი, ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან და ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიერ დადგენილ სტანდარტთან. მისი თქმით, შსს-ს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეუწყობს ხელს:

„ამ სახით წარმოდგენილი ნორმა, რომელიც ახდენს უბრალოდ მოწოდების კრიმინალიზებას, მიგვაჩნია, რომ, მას მოყოლილი საფრთხეების გათვალისწინების გარეშე, ეს იქნება ზედმეტად და არაპროპორციულად შემზღუდველი ფაქტორი გამოხატვის თავისუფლებისა“.

ამ კონტექსტში ამ კანონის ინიცირება იქნება ძალიან პრობლემური, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი, ქოთანს რომ მეორე ყურს მოაბამ, იმ პროცესს ჰგავს. ეს კანონი იქნება უკუღმართად გამოყენებული...
ანა რეხვიაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე პარლამენტსა და მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა. განცხადების ხელმომწერი 36 ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის 239-ე პრიმა მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. ერთ-ერთი ხელმომწერი, ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის დროს სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ არაეფექტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, რეპრესიულიც კია. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სწორედ ამიტომ ანა რეხვიაშვილი ამ კანონპროექტსა და მის, ერთი შეხედვით, პოზიტიურ მიზნებს უნდობლობას უცხადებს:

„ამ კონტექსტში ამ კანონის ინიცირება იქნება ძალიან პრობლემური, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი, ქოთანს რომ მეორე ყურს მოაბამ, იმ პროცესს ჰგავს. ეს კანონი იქნება უკუღმართად გამოყენებული“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სახალხო დამცველი პარლამენტისადმი მიმართვაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, კანონპროექტში გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალია. ჩამონათვალში არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ობიექტები სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები არიან. როგორც ეკა ფოფხაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, სახალხო დამცველის წინადადებას სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში შევიდეს სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, შსს-მ უარით უპასუხა. მათი განცხადებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალს მოსდევს განმარტება „და სხვა ნიშნების მქონე პირები“, სადაც სწორედ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა იგულისხმება. რაც შეეხება სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის უპირველეს მოთხოვნას, რომ არ იქნეს კრიმინალიზებული უბრალოდ მოწოდება შუღლის გაღვივების თაობაზე, რომელსაც არ მოსდევს პირდაპირი და არსებითი საფრთხე, ეკა ფოფხაძის თქმით, შსს აცხადებს, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება მსჯელობა და, სავარაუდოდ, შეიცვლება ფორმულირება.

შეგახსენებთ: 18 იანვარს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ შუღლის გაღვივება კანონით დაისაჯოს და იქვე განმარტა, რომ ცვლილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს.​

XS
SM
MD
LG