Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის


სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასამართლო ხელისუფლებას: სასამართლო ფიზიკურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საკითხი კიდევ ერთხელ წამოიწია მას შემდეგ, რაც „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა კობა ნადირაძემ (მოსარჩელე მხარემ), გადაადგილების პრობლემის გამო ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე დასწრება. მე-6 სართულზე განთავსებულ დარბაზამდე მისვლა ვერც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა შეძლეს.

,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ ამ უფლებას თავის განცხადებაში საგანგებოდ უსვამს ხაზს სახალხო დამცველი და იქვე განმარტავს, რომ ”სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას დავის საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც”.

ამ უფლებით ვერ ისარგებლეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, რომლებიც 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად გამოცხადდნენ. ამ ფაქტის თვითმხილველებს შორის იყო სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
რაც შეეხება შენობებს, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებს, ტოტალურად ხელმიუწვდომელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შეუძლებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა ყოველთვის ვიღაცას სთხოვოს დახმარება...
კობა ნადირაძე

უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ნათია ფირაშვილი. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა მხოლოდ მცირედით პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს:

”მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი სართული გახლავთ ადაპტირებული და შესვლა პირველ სართულზე არის შესაძლებელი... არის თითქოს ლიფტიც, მაგრამ ლიფტის შემდეგ არის მონაკვეთი, სადაც გხვდებათ კიბის უჯრედი და ასვლა შეუძლებელია ეტლიანი ადამიანებისთვის. ამიტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია ეხება იმ თემას, რომ შენობა იყოს შესაბამისად მოწყობილი, ანდა როდესაც ინიშნება სარჩელის განხილვა (თავიდანვე ცნობილია სასამართლოსთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან აქვს საქმე), გათვალისწინებული იყოს მათი საჭიროებები - შენობაც და გარემოც შესაბამისად ხელმისაწვდომი იყოს მათთვის”.

ეტლით გადაადგილების პრობლემის გამო ისე მოხდა, რომ 10 იანვარს სხდომას ვერც პროცესის მთავარი მოქმედი პირი, მოსარჩელე კობა ნადირაძე დაესწრო. ალბათ, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელებიც გადაადგილების პრობლემებით გამოწვეულ სავალალო შედეგებს შეეხება. 2009 წელს მომხდარ ამბავს, რომლის სასამართლომდე მიტანაც მისთვის მხოლოდ ახლახან გახდა შესაძლებელი, კობა ნადირაძე ჩვენთან საუბარშიც იხსენებს:

”საპატრულო პოლიციამ გამაჩერა, ალკოტესტზე შემამოწმა და სამი სხვადასხვა ფერი აინთო - წითელი, მწვანე და ყვითელი. მე მოვითხოვე, რომ მათ გადავეყვანე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რადგან მე ფიზიკურად დამოუკიდებლად არ შემეძლო ამის გაკეთება. მივიღე უარი და გამომიწერეს ჯარიმა. იმის გამო, რომ მე ვერ შევძელი ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე მისვლა, ჩემთვის იყო ხელმიუწვდომელი ტრანსპორტი, ამიტომ ერთი სარჩელი არის თბილისის მერიის წინააღმდეგ და მეორე სარჩელი არის საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ, რომელმაც არ გამიწია დახმარება”.

თუკი ამ კონკრეტულ სარჩელებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ ყველა ინსტანციას მოივლის და სამართალს საქართველოში ვერ იპოვის, „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის კობა ნადირაძის თქმით, საქმეები აუცილებლად გაიგზავნება სტრასბურგში. თუმცა 10 იანვრის ფაქტმა მას სტრასბურგის სასამართლოს დაინტერესების კიდევ ერთი შანსი მისცა. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე თამარ გაბისონია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ნებისმიერ ადამიანს, თუკი მას საკუთარ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდება, აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს:
თამარ გაბისონია
თამარ გაბისონია

”სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება განმტკიცებულია ევროპული კონვენციით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მას აქვს აბსოლუტური უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუკი ქვეყნის შიგნით ვერ იპოვა სამართალი”.

თამარ გაბისონიას განცხადებით, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლს” სხვადასხვა დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შელახვის არაერთ ფაქტზე უმუშავია და ამ მხრივ საქართველოში ვითარება, მართლაც რომ, სავალალოა. პრობლემებს ყოველდღიურად აწყდება „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. კობა ნადირაძე ამბობს, რომ საქართველოში არავინ ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე:

”ამდენი მშენებლობები ხორციელდება, იგივე საგზაო ინფრასტრუქტურა ახლდება და არსად არ ითვალისწინებენ... ძალიან ფრაგმენტულად, სპონტანურად სადღაც გააკეთებენ გადასასვლელს, მაგრამ - სასაცილოა - მეორე მხარეს ის გადასასვლელი ჩახერგილია ან ავტომანქანით, ან, უბრალოდ, არ არსებობს. რაც შეეხება შენობებს, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებს, ტოტალურად ხელმიუწვდომელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შეუძლებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა ყოველთვის ვიღაცას სთხოვოს დახმარება..."

ამ ეტაპზე კობა ნადირაძე 24 იანვარს სასამართლოს მომდევნო სხდომას ელოდება. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მან უკვე მიიღო შეტყობინება, რომ სხდომა ამჯერად არა მეექვსე, არამედ პირველ სართულზე გაიმართება. ვიდრე შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნება და მოწესრიგდება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, - და ეს მის განცხადებაშიც არის აღნიშნული, - რომ სასამართლო სხდომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ დარბაზებში გაიმართოს. საგულისხმოა, რომ საერთო სასამართლოებს მსგავსი რეკომენდაციით წინა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც მიმართა, პრობლემა ასახული იყო მის მიერ მომზადებულ 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG