Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ „ინტელექტუალური“ თამაში


კოალიცია „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისი რიგები შეავსოს კვალიფიციური კადრებით, რომელთა შორის შესაძლოა იყვნენ წევრები ინტელექტკლუბისა „რა? სად? როდის?“. პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, „ახალი სისხლის“ საჭიროება დღის წესრიგში დადგა კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლისა და ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სირთულეების გამო.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ახალი ძალისა და ახალი სახეების ძიება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ან გადაულახავი პრობლემების წინაშე დგას, თუმცა არმაზ ახვლედიანი არც იმას უარყოფს, რომ პარტიის საკადრო პოლიტიკას მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა:

„ის, რომ სიახლის ძიებაშია პარტია, თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დავსვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო და არის სირთულეები პარტიული მშენებლობის კუთხით და რატომ გაჩნდა საზოგადოებაში შეკითხვები მმართველი პარტიის მისამართით. როგორი იყო საზოგადოების იმედი და რამდენად გაუცრუვდა საზოგადოებას ეს იმედი და როგორია მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება“.

ჩვენ არ ვგეგმავთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ვცდილობთ მმართველი პოლიტიკური პარტია იყოს მუდამ ფორმაში.
ეკა ბესელია

არმაზ ახვლედიანისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნაკლებად კრიტიკულები არიან. დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?“ წევრები მისი მეგობრები და თანამოაზრეები არიან, რის გამოც კოალიციის რიგებში მათი ხილვა გასაკვირი არ უნდა იყოს. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ეკა ბესელიაც, ახალ ძალებთან თანამშრომლობის პროცესს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და არანაირად არ უკავშირებს არჩევნებს:

„ჩვენ არ ვგეგმავთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ვცდილობთ მმართველი პოლიტიკური პარტია იყოს მუდამ ფორმაში“.

ეკა ბესელიას თქმით, არ არსებობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის არანაირი წინაპირობა, თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, ლარის დევალვაციისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მმართველ კოალიციას არც აწყობს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის თორნიკე შარაშენიძის თქმით, კოალიციის დღევანდელ ბირთვს გაუჭირდება ვადამდელი არჩევნების მოგება. შესაბამისად, მმართველ ძალას სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ხალხი და არა, უბრალოდ, კარგად მოლაპარაკე ადამიანები.

პოლიტიკური კარიერა არ კეთდება ასე: მოხვედი და თავში დაჯექი. პარტიის შიგნით უნდა მიდიოდეს ეს პროცესი და ქვედა დონიდან უნდა ამოდიოდნენ ხელმძღვანელობაში და არა ისე, რომ ქუჩა-ქუჩა, კლუბებში ეძებდნენ საჭირო კადრებს. დაღვინების, გამოცდილების შეძენის, პროფესიული ზრდის პროცესი პარტიის შიგნით უნდა ხდებოდეს...
გია ხუხაშვილი

„ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვფიქრობდი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ვადამდელი არჩევნების მოგება-მეთქი, მაგრამ ახლა დარწმუნებული არა ვარ, რადგანაც ისე რთული ეკონომიკური სიტუაციაა. კოალიცია კი ეძებს ახალ, ნორმალურ სახეებს, როგორებიც ძალიან ცოტა დარჩათ, მაგრამ ეს ძებნა „ოცნებას“ არაფერს არ უშველის, რადგანაც მას სჭირდება კარგი სპეციალისტები კონკრეტულ სფეროებში (საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ა.შ.), თორემ გიორგი მოსიძის ლამაზი ლაპარაკი ლარს ხომ ვერ გამოასწორებს? ვერც რუსეთს დაახევინებს უკან და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთ მცდარ ნაბიჯს დგამენ“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც ფიქრობს, რომ კოალიციის ახალი საკადრო პოლიტიკა, მისი ფორმა და შინაარსი კონტრპროდუქტიულია. მისი აზრით, „პოლიტიკურმა ძალამ, - მით უფრო, მმართველმა სახელისუფლებო ძალამ, - პირველ რიგში, ადეკვატურად უნდა გამოიყენოს თავისი კადრები და რესურსები“:

„პოლიტიკური კარიერა არ კეთდება ასე: მოხვედი და თავში დაჯექი. პარტიის შიგნით უნდა მიდიოდეს ეს პროცესი და ქვედა დონიდან უნდა ამოდიოდნენ ხელმძღვანელობაში და არა ისე, რომ ქუჩა-ქუჩა, კლუბებში ეძებდნენ საჭირო კადრებს. დაღვინების, გამოცდილების შეძენის, პროფესიული ზრდის პროცესი პარტიის შიგნით უნდა ხდებოდეს. არადა, ეს პროცესი არც კი დაწყებულა, ხოლო ის, რომ ვიღაცას უნდა გარედან მოყვანილი ადამიანები დანიშნონ „ზემოთ“, ქვედა დონეებზე შექმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას, დაძაბულობას. ბევრი ჩათვლის დაჩაგრულად თავს და შეიძლება საერთოდ დაეშალოთ პარტია ამ მოძრაობების გამო“.

გია ხუხაშვილს არც ის უკვირს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელიც კოალიციის საერთო რესურსს მოიხმარდა, მას შემდეგ, რაც რღვევის პროცესი დაიწყო, საკადროშიმშილის დრო დაუდგა, თუმცა გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიციის ხელმძღვანელობის მიერ არჩეული გზა, რომელმაც პრობლემა უნდა გადაჭრას, არასწორია და „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG