Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთსა და უელსში ობამას ვიზიტის მიზანი


უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში და ნატოს სამიტზე დასწრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

აპრილში შეერთებული შტატების ჯარის ნაწილები ესტონეთში ჩავიდა, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ამერიკული მხარდაჭერის კონკრეტულ გამოვლინებად იქნა აღქმული. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ და რუსეთის მხრიდან აგრესიას არ გამორიცხავენ.

ობამა ესტონეთში ჩადის. ამერიკის პრეზიდენტის ნატოს წევრ ქვეყანაში ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ შეერთებული შტატები კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებისადმი ერთგული რჩება. „ესტონეთში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გვინდა ესტონელებს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ და პატივს ვცემთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ესტონეთში, ისევე როგორც უკრაინაში, რუსულენოვანი მოსახლეობა ერთ-ერთ ძლიერ უმცირესობის ჯგუფს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე ესტონეთი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჰეზერ კონლი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან არაერთხელ გამოთქმული შეშფოთების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ ამერიკა მათ გვერდში უდგას:

„ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ყოველთვის იყო დიდი შიში და კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, კრიტიკულ სიტუაციაში მართლაც დაეხმარებოდა თუ არა მათ ნატო. ვფიქრობ, დღეს სავსებით გარკვევით ჩანს, რომ სოლიდარობას ჩვენ არამარტო სიტყვიერად გამოვხატავთ, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გვყავს საკუთარი ჯარისკაცები და სამხედრო აღჭურვილობაც გაგვაჩნია“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები უელსის სამიტისთვის ემზადებიან. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული ძალადობა და საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების გადაადგილებებს ადასტურებს, ნატოს სექტემბრის სამიტს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. დიდ ბრიტანეთში ნატოს სამიტს შეერთებული შტატების პრეზიდენტიც დაესწრება. ობამას ვიზიტი უელსის სამიტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

სხვა საკითხია, თუ რამდენად მზად არის ნატო კოლექტიური უსაფრთხოების ვალდებულება შეასრულოს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ევროპელი წევრები თავდაცვის ხარჯებს ამცირებენ, რაც ტვირთად შეერთებულ შტატებს აწვება. ამერიკა იძულებული ხდება ალიანსის მისიაში პერსონალის და აღჭურვილობის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა იკისროს. პრეზიდენტი ობამა მიზნად ისახავს პარტნიორებს მეტი ქმედებისკენ მოუწოდოს.

XS
SM
MD
LG