Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მომხდარს მხდალთა მიერ ჩადენილ ბოროტებას უწოდებს


„მინდა ფრანგმა ხალხმა იცოდეს, რომ ამერიკა მხარს გიჭერთ დღეს და დაგიჭერთ ხვალაც“ - განაცხადა დღეს შეერთებული შტატების ლიდერმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი და Charlie Hebdo-ზე მიტანილ იერიშს „მხდალთა მიერ ჩადენილი ბოროტება“ უწოდა. ის სატირულ გამოცემაზე მიტანილი იერიშისთანავე დაუკავშირდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და პარტნიორ ქვეყანას საჭიროების მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის ფარგლებში ნებისმიერი სახის დახმარება აღუთქვა.

არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსიდან დაბრუნებისთანავე ის წინასწარი გაფრთხილების გარეშე ვაშინგტონში მდებარე საფრანგეთის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. პრეზიდენტ ობამას მასპინძლობას საფრანგეთის ელჩი ჟერარ აროდი უწევდა. „როგორც საუკუნეების მანძილზე პარტნიორობის ტრადიციის მქონე ქვეყანა, ჩვენ ფრანგი ძმების გვერდით ვდგავართ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სამართლიანობა ზეიმობს და ჩვენი ცხოვრების წესი დაცულია. ჩვენ წინსვლას ისე გავაგრძელებთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ: ტერორი არ ეთავსება თავისუფლებას და იმ იდეებს, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, იდეებს, რომელიც მსოფლიოს გზას უნათებს“ - ჩაწერა პრეზიდენტმა ობამამ სამძიმრის წიგნში.

მანამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა და საფრანგეთი ტერორს წინ აღუდგებიან და არასოდეს დანებდებიან. მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილე „მკვლელები განსხვავებულ ცივილიზაციას კი არ წარმოადგენენ, არამედ მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდებიან“. ჯონ კერის მიერ ფრანგულ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ და სოლიდარობის ამ ფორმით გამოხატვამ ფრანგ ხალხში განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია.

პენტაგონის და შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყების ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ამერიკა ოთხშაბათიდან მოყოლებული მთელი ამ დღეების განმავლობაში მოვლენებს ძალზე მჭიდროდ ადევნებდა თვალს და ფრანგული მხარის დასახმარებლად მუდმივ მზადყოფნაში იყო. შესაბამისად პარიზში ამერიკის საელჩო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ფრანგი სამართალდამცავების გამბედაობის და პროფესიონალიზმის წყალობით, ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, მაგრამ ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილურია და ხელისუფლება მაინც ყურადღებით უნდა იყოს. „მინდა ფრანგმა ხალხმა იცოდეს, რომ ამერიკა მხარს გიჭერთ დღეს და დაგიჭერთ ხვალაც“ - განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა.

XS
SM
MD
LG