Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძე - პრეზიდენტის რჩეული უზენაესი მოსამართლის პოსტზე


ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი 28 კანდიდატიდან საქართველოს პრეზიდენტის რჩეული ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე, გახდა. 17 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა სწორედ მისი კანდიდატურა დაასახელა და თქვა, რომ ის აკმაყოფილებს იმ ოთხივე კრიტერიუმს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს - პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პროფესიონალიზმი და პარტიული გავლენისგან თავისუფლება. თავად ნინო გვენეტაძე, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი კანდიდატია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, აცხადებს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ამ ქვეყანაში მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენა იქნება.

„ბევრი ღირსეული კანდიდატიდან საუკეთესო“ - ასე ახსნა ნინო გვენეტაძის წარდგენის ფაქტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შემდეგ კი ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც არჩევანი სწორედ ამ კანდიდატზე შეაჩერა:

„ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მოსამართლე, ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე - ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი“.

ის არის ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკელები, კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდნენ, მან ეს პარტია დატოვა...
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძე ასევე დაახასიათა, როგორც სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლო, და თქვა, რომ მისი კანდიდატურა საჭირო კრიტერიუმებს მისი პარტიული კუთვნილების თვალსაზრისითაც აკმაყოფილებს.

„ის არის ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკელები, კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდნენ, მან ეს პარტია დატოვა. ეს ადამიანი არის პრინციპულობის სიმბოლო, კარგად იცნობს სასამართლო სისტემას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 17 თებერვალს.

თავად ნინო გვენეტაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და რომელმაც, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ღიად დაადანაშაულა უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში და სასამართლო სისტემა დატოვა, დღეს აცხადებს, რომ მისთვის ამ პოსტზე წარდგენა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ხოლო, ამ პოზიციაზე მისი დამტკიცების შემთხვევაში, მისი უმთავრესი მიზანი იქნება მოსამართლეების მანტიის ღირსების დაცვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში:

„ის ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას. სასამართლო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების ფონზე, უნდა მოსჩანდეს როგორც მაღალი იდეალების ერთგული, რეპრესიისა და ძალის შეზღუდული გამოყენების ფაქტორი და ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების გზითაა შესაძლებელი. ყველა მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნასა და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე“.

აი, ასეთი სიტყვით წარდგა ნინო გვენეტაძე საზოგადოების წინაშე. მედიასთან პირველ კომენტარებში კი ნინო გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობაა და არა მათთან დაპირისპირება:

მე მაღალი ეთიკური სტანდარტებით შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი ვიქნები ჩემი ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს დამოკიდებულია მათ სამოსამართლეო საქმიანობაზე...
ნინო გვენეტაძე

„მე შევეცდები კანონით დაშვებული ყველა გზით და საშუალებით გამოვნახო მათთან საერთო ენა. ვფიქრობ, ის ღირებულებები, რომლებითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისათვის“.

წარდგენამდე კი სამიოდე დღით ადრე, 14 თებერვალს, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრისა და საკუთარი ხედვის წარდგენის შემდეგ, ნინო გვენეტაძემ ისიც თქვა, „სასამართლო ხელისუფლებაში მიბრუნების შემთხვევაში, როგორც ბრძოლაგამოვლილი და მცოდნე იმისა, თუ რა ფასი აქვს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლას, ისევ ამ ეგიდით გავაგრძელებ საქმიანობასო“:

„მე მაღალი ეთიკური სტანდარტებით შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი ვიქნები ჩემი ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს დამოკიდებულია მათ სამოსამართლეო საქმიანობაზე, ანუ შეძლეს თუ არა მათ პირნათლად მომსახურებოდნენ საზოგადოებას მართლმსაჯულების განხორციელებისას და ენდობა თუ არა მათ საზოგადოება“.

საპარლამენტო უმრავლესობაში ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ნაწილი ღიად მიესალმება და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია სფეროში:

„ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ლექციები ჩაუტარებია ჩემთვის, როდესაც საიაში ვსწავლობდი, შემდეგ არაერთხელ გვითანამშრომლია და მე მომიწვევია ის, როგორც სპეციალისტი, სხვებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად“, აცხადებს თამარ კორძაია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია საკუთარ პოზიციას უფრო თავშეკავებულად გამოხატავს და ყველას მოუწოდებს გუნდური გადაწყვეტილება მიიღონ:

ნინო გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა თავისივე მიერ შერჩეული კრიტერიუმები დაარღვია, რადგან გვენეტაძე არის შევარდნაძისდროინდელი კადრი, იმ პერიოდის კადრი, როდესაც სასამართლოში იღებდნენ ქრთამს...
სერგო რატიანი

„სუბიქტური დამოკიდებულებები ცოტა ხნით გვერდით უნდა გადავდოთ და გუნდურად, უმრავლესობის შიგნით მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩემი დამოკიდებულება ნინო გვენეტაძის მიმართ ცნობილია. ჩვენი კომიტეტი მუშაობდა სწორედ იმ საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავასა და სხვა მოსამართლეების მიმართ უკანონო დევნას, თუმცა მე მაინც საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებოდი“.

უკვე ცნობილია საპარლამენტო უმცირესობის პოზიციაც: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნინო გვენეტაძის წარსულს იწუნებს და მას მხარს არ დაუჭერს. ეს განცხადება პოსტზე მისი წარდგენის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა, გააკეთა:

„ნინო გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა თავისივე მიერ შერჩეული კრიტერიუმები დაარღვია, რადგან გვენეტაძე არის შევარდნაძისდროინდელი კადრი, იმ პერიოდის კადრი, როდესაც სასამართლოში იღებდნენ ქრთამს. მეორე ის, რომ გვენეტაძე ასოცირდება რესპუბლიკურ პარტიასთან და კენჭსაც იყრიდა ამ პარტიის სახელით და არც მისი კომპეტენციაა დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ“.

განსხვავებულია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის პოზიცია. ის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის შესაძლო დანიშვნის ფაქტს და ფიქრობს, რომ ნინო გვენეტაძე შეძლებს დაასრულოს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა:

„მე მის პრინციპულობასა და პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ. პირიქით, სწორედ ამ ნიშნებით იყო გამორჩეული ის წლების განმავლობაში“.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა ასევე უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ერთ-ერთს ე.წ. „მეამბოხე მოსამართლეებიდან“, ვინც წლების წინ სისტემა დატოვა, სამართლის დოქტორს თამარ ლალიაშვილს, რომელიც ასევე იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. ის მოელის, რომ ნინო გვენეტაძე შეცვლის მთავარს სასამართლო სისტემაში:

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს მოსამართლეთა დირექტორი, არ უნდა ჰყავდეს ძაფზე აკინძული მოსამართლეები მარიონეტებივით, არ უნდა ერეოდეს მათ საქმიანობაში და მე ვთვლი, რომ ნინო გვენეტაძე ასეც მოიქცევა: ის შეცვლის ამას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ აღიქვან ის მოსამართლეების მამამთავრად და მწყემსად მოსამართლეების. ასეთი დიდი ძალაუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს. ის უნდა მოქმედებდეს ყველა მოსამართლის სახელით და, ვფიქრობ, ნინო გვენეტაძე სწორედ ამას გააკეთებს. ჩვენ სწორედ ამას ველით მისგან“.

თამარ ლალიაშვილი იმასაც გვეუბნება, რომ ნინო გვენეტაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც მუშაობდა შევარდნაძისდროინდელ სასამართლო სისტემაში, თუმცა არასოდეს გამხდარა იმ კორუფციული სისტემის ნაწილი.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურაზე ახლა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. კანონით, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი. იმ შემთხვევაში, თუ ნინო გვენეტაძე, სულ ცოტა, 76 ხმას ვერ მიიღებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტ მარგველაშვილს აღარ რჩება უფლება იგივე კანდიდატი განმეორებით წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში მან პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზეახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პირველი ქალი კანდიდატია, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, კოტე კუბლაშვილის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს რიგით 21-ე თავმჯდომარე გახდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG