Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მეცხრე არხი” ეთერშია


თამარ რუხაძე, მე-9 არხის ახალი ამბების სამსახურის უფროსი
თამარ რუხაძე, მე-9 არხის ახალი ამბების სამსახურის უფროსი
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხი” საცდელ მაუწყებლობას 30 აპრილის ცხრა საათიდან მთავარი საინფორმაციო გამოშვებით იწყებს, რომელსაც ცნობილი ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი გაუძღვება. საღამოს ათ საათზე გოგი ახალკაცის თოქ-შოუ გავა, პირველი მაისიდან კი საეთერო ბადეს 3 და 6 საათზე დღის საინფორმაციო გამოშვებები დაემატება. ჯერჯერობით უცნობია თოჯინური ფორმატის პოლიტიკური სატირის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი, თუმცა გადაცემა, რომელზეც შალვა რამიშვილის სტუდია მუშაობს, თითქმის მზადაა. “მეცხრე არხის” მთავარი სლოგანია ”ყველაფერი შეკითხვით იწყება”.

“მეცხრე არხის” ეს ვიდეორგოლი 30 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა სოციალური ქსლით. კადრში ჯერ ვხედავთ როგორ ვარდება ბურთი კალათბურთის კალათში, შემდეგ ამ ზუსტი სროლის ავტორის გახარებული სახე მოჩანს, რასაც უფრო ფართო კადრი მოჰყვება - ბიჭი ინვალიდის სავარძელში ზის. რისი დანახვისაკენ მოუწოდებს თავის მაყურებელს “მეცხრე არხი”, რომელიც, რამდენიმეთვიანი მზადებისა და დაბრკოლებების შემდეგ, 30 აპრილიდან ეთერშია? იქნება თუ არა მიუკერძოებელი ტელევიზია, რომლის მფლობელი დასაწყისშივე გარკვეული იყო და რომელმაც მთავარ სლოგანად აირჩია ფრაზა - ”ყველაფერი შეკითხვით იწყება”? “მეცხრე არხის” დირექტორის კახა ბექაურისათვის ამის გარანტი თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი მიზანია - მედიის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისგან:
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს მედიასივრცე - და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიასივრცე - ძალიან დახურულია...
კახა ბექაური

”ძალიან მალე მაყურებელი თავად ნახავს ეთერში, რომ “მეცხრე არხი” დამოუკიდებელი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რის დანახვებას ვაპირებთ… ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს მედიასივრცე - და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიასივრცე - ძალიან დახურულია, პროპაგანდისტული და დახშული. და ისინი მუშაობენ არა მოსახლეობის ინფორმირებაზე, არამედ ხალხის ტვინების გამორეცხვაზე და ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს გარემო და მოსახლეობას დავანახვოთ ის, რაც ამის მიღმაა.”

“მეცხრე არხი”, რომელსაც საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებას საკაბელო ტელევიზიებთან მათ პაკეტში არხის ჩართვის შესახებ. მოლაპარაკება საკმაოდ რთულად მიდის, რადგან მათი უმრავლესობა, როგორც კახა ბექაური აცხადებს, ხელისუფლების ზეწოლის გამო “მეცხრე არხის” ტრანსლირებაზე თანხმობას ვერ იძლევა:
კახა ბექაური
კახა ბექაური

”ბევრ მათგანს აქვს „მეცხრე არხის“ ჩართვის სურვილი ( და ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ), მაგრამ მათ ჰქონდათ პირდაპირი მითითება მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობის და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ თუ ჩართავენ „მეცხრე არხს“, მეორე დღიდან აღარ ექნებათ ‘რუსთავი 2’ და ,იმედი’ ”.

დღეის მდგომარეობით, „მეცხრე არხის“ ყურების საშუალება ექნებათ მხოლოდ ”გლობალ ტვ-ის” აბონენტებს და ასევე მათ, ვისაც აქვს ”თურქსატის” სატელიტისკენ მიმართული სატელიტური თეფში. რეგიონებში ასეთი თეფში მოსახლეობის დახლოებით 20%-ს აქვს. ამას დაემატება ინტერნეტმაუწყებლობა - საკუთარი ვებ და იუტუბ პლატფორმები (www.tv9.ge) და სოციალური ქსელები. კახა ბექაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბაჟოზე მათ შვიდჯერ დაუწვეს დაახლოებით მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების ტექნიკა, ამჯერად საბაჟოდან აპარატურის გამოტანას დანაკარგების გარეშე შეძლებენ.
ვიცი, რომ დრო დაგვჭირდება ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ესაა - ნდობის მოპოვება, ჩვენი მთავარი იარაღი კი სიმართლე და მიუკერძოებლობა იქნება. შესაძლოა, ცოტა მიამიტურად ჟღერს...
მალხაზ ჭკადუა

„მეცხრე არხის“ ნიუსრუმში კი პირველი ღია ეთერისათვის ემზადებიან. ჟურნალისტების ნაწილი გადაღებაზეა, ხალხმრავლობა ტელევიზიაში, ჩვეულებრივ, დილით და საღამოსაა, როცა დღე იგეგმება ან გადაღებიდან ბრუნდებიან და ყველა თავის სიუჟეტს ჩაჰკირკიტებს. ჟურნალისტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ სხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა.

მალხაზ ჭკადუა იხსენებს, რომ პირველი კითხვა, რაც მან „მეცხრე არხში“ მუშაობის შეთავაზების შემდეგ ხელმძღვანელობას დაუსვა, იყო - რამდენად მიუკერძოებელი იქნებოდა ტელევიზია. ამბობს, რომ ამის გარანტიც და კარგი ობიექტური ჟურნალისტიკის გარანტიც რამდენიმე ადამიანია, რომელიც არხს ხელმძღვანელობს და მის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავს.

მალხაზ ჭკადუა „მეცხრე არხის“ პირველი მთავარი საინფორმაციო გამოშვებისათვის მუშაობს თემაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადების შედეგად წარმოიშვა:
მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

”მინისტრმა თქვა, რომ ლაზიკა შეასრულებს იმავე ფუნქციას ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, რა ფუნქციაც თავის დროზე ბერლინის კედელს ჰქონდაო. ორაზროვანი განცხადებაა და ვცდილობთ გავარკვიოთ რა იგულისხმება ამაში. ზოგადად კი ვიცი, რომ დრო დაგვჭირდება ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ესაა - ნდობის მოპოვება, ჩვენი მთავარი იარაღი კი სიმართლე და მიუკერძოებლობა იქნება. შესაძლოა, ცოტა მიამიტურად ჟღერს... უმრავლესობის წევრებთანაც ვკამათობთ ხოლმე უკვე „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები, როდესაც გვეკითხებიან, რატომ წავედით ამ ტელევზიაში. მე მათ ვეკითხები, მოსწონთ ის საინფორმაციო გამოშვებები, რომელსაც პირველ არხზე, „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე უყურებენ? ამბობენ, რომ არ მოსწონთ... მე კი სულ ვეუბნები, რომ ჩვენ შევეცდებით, რომ „მეცხრე არხის“ ყურებისას პრეტენზია მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არ გაუჩნდეთ.”

ჯერჯერობით, როგორც მალზახ ჭკადუა ამბობს, ინფორმაციის მოპოვებაზე „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზია ივანიშვილს ეკუთვნის, პრობლემა არ შეჰქმნიათ.
ყველაფერი იქნება ხელისგულზე და უკეთ გამოჩნდება მალე და სპეციფიკას რაც შეეხება, იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ახალ ამბებზე მუშაობისას...
თამარ რუხაძე

„მეცხრე არხის“ „ახალი ამბების“ სამსახურს თამარ რუხაძე ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ კარგიცაა, როცა საზოგადოებამ თავიდანვე იცის ვინაა ამა თუ იმ ტელევიზიის მფლობელი. დასკვნების გაკეთება კი, რამდენად მიუკერძოებელი იქნება „მეცხრე არხი“, ჯერ ნაადრევია. თამარ რუხაძე ამბობს, რომ „მეცხრე არხი“ დასვამს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებისათვის იქნება აქტუალური, საინტერესო და მტკივნეული:

”ვფიქრობ, ის ადამიანებიც ცდებიან, ვინც წინასწარ ცდილობს ამ ტელევიზიისა და მისი „ახალი ამბების“ სპეციფიკა განსაზღვროს მხოლოდ იმის გამო, რომ მფლობელი იცის. ყველაფერი იქნება ხელისგულზე და უკეთ გამოჩნდება მალე და სპეციფიკას რაც შეეხება, იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ახალ ამბებზე მუშაობისას.”

„მეცხრე არხს“ რეგიონებში 40 ბიურო ექნება გახსნილი. ამ ეტაპზე კადრები თითქმის დაკომპლექტებულია, პრობლემად რჩება მხოლოდ ოფისების დაქირავება. კახა ბექაური ამბობს, რომ როდესაც იგებენ, რისთვის სჭირდებათ ფართი, მფლობელები გაქირავებაზე უარს ამბობენ.

მედიაექსპერტები „მეცხრე არხის“ გამოჩენას ქართულ მედიასივრცეში საინტერესო ფაქტად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არხის პოლიტიკის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, - ამბობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედიის კვლევების ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა.

„მეცხრე არხის“ ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ტელევიზიის მთავარი კონცეფცია ეთერში მისი გასვლის შემდეგ გამოჩნდება. მისი დამოუკიდებლობის გარანტი კი დამატებით იქნება ის საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც „მეცხრე არხის“ ეთერს მუდმივად დააკვირდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG