ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 12:51

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

ავოიე!

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
შენა და, როგორ ხარ? თავს კარგად გრძნობ და რამე? ყველაფერი წესრიგშია? ღამით უმი პომიდორი ხომ არ გიჭამია? არა?

ანუ, ნორმალურად ხარ?

იმიტომ ვკითხულობ, რომ გარედან ეგრე არ ჩანს. გარედან ისე ჩანს, თითქოს სულ გამოსულელდი. თითქოს ტვინი ფოტოშოპში გახსენი და გააშავთეთრე. თითქოს საკუთარ კრიტიკულ აზროვნებას დაქირავებული მკვლელები მიუგზავნე, რომლებიც მას სადარბაზოში დახვდნენ. ერთი საათით ადრე მივიდნენ, ნათურა მოხრახნეს და მოთმინებით ელოდებოდნენ ბნელ კუთხეში, ვიდრე მან კარის გაღება არ სცადა. ამ დროს რამდენიმე ტყვია დაახალეს ზურგში და წაქცეულს ერთი საკონტროლო გასროლაც მიაყოლეს. არც კი დაგისაფლავებია. იქვე, გონების კუნჭულში აგდია და ყროლდება. შენ კიდე ზიხარ ფეისბუკზე და თავი უფასო პიარმუშაკად გადაიქციე. აპრავებ იმას, რის გაპრავებაც შენი საქმე არა რის. სულ ძალით იჯერებ ტყუილს და მერე ავრცელებ. ნამდვილი ცხვარივით იქცევი.

ბეეეეეე! ბეეეეეეეეე!

იმ ტიპებზე არ ვლაპარაკობ, დედამ და მამამ რომ ცუდად გაზარდეს და ეხლა რომ სხედან იუტუბზე და უშვერი სიტყვებით იგინებიან. ერთნი, რომ აი, „ეხლა მოვალთ ხელისუფლებაში და ნახეთ, რა დღე დაგადგებათ“, ან „ეგ წითელი მაისური რატომ გაცვია, ოქტომბრის მერე საქართველოში ცხოვრება არ გინდა?“; მეორენი კიდე პირიქით - „რუსეთის ფულგაყიდულებს კბილები უნდა ჩაალეწო“ ან „საქართველოს მოღალატეებს ქვები კი არა, ტყვიები უნდა ესროლო.“

არც პარტიულ აქტივისტებზე ვლაპარაკობთ, თავის სამსახურად რომ გაიხადეს ეროვნული დაპირისპირების და შუღლის გაღვივება. ტყუილებს რომ იფიქრებენ და მერე რომ ავრცელებენ.

მაგათზე არაა. შენზეა. მამენტ, ნორმალურ ტიპზე, წესით რომ ჭკუა მოგეკითხება. წიგნები რომ გაქვს წაკითხული და ევროპული ფილმები ნანახი. ვისაც ქვეყნის ბედი გაღელვებს და ამ ღელვაში არც ფულს იღებს და არც ჩინ-მენდლებს. ვისაც ცოტა გული გერევა, შენი არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს დეგენერატები „უფლისგან მოვლენილად“ რომ იხსენიებენ დეგენერატული პუბლიკაციების დეგენერატულ კომენტარებში. ოღონდ, ამ გულისრევას რომ არ იმჩნევ. იმიტომ, რომ ეგრეა საჭირო!

მოკლედ, გადაწყვიტე, რომ იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირო მხარი, ვისაც უჭერ. ძალიანაც კარგი! ნეტა შენნაირი ხალხი ყველგან ბევრი იყოს. იმიტომ, რომ, იმისდა მიუხედავად, ცხრამეტის ხარ თუ ორმოცდაცხრის, სახლიდან გამოდიხარ თუ მთელი დღე ფეისბუკზე ზიხარ, გავლენის მოხდენა შეგიძლია.

შეგიძლია, რომ გავლენიანი იყო. იმიტომ, რომ წერა-კითხვა იცი (საქართველოში ესეც საქმეა). იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი ან ფრენდი გყავს. იმიტომ, რომ აზროვნება შეგიძლია. იმიტომ, რომ თავისიანის კრიტიკას პოლიტიკოსები ითვალისწინებენ. არავის არ უნდა თავისი მხარდამჭერების განაწყენება.

მოკლედ, შენ შეგიძლია, იყო მნიშვნელოვანი. ტიპი, რომელიც რაღაცეებს სასიკეთოდ ცვლის.

შენ კი აირჩიე, გამხდარიყავი ცხვარი. აირჩიე, თვალი დაგეხუჭა ისეთ რამეებზე, რაზეც ჯობია, რომ თვალი არ დახუჭო. დაგეჯერებინა ისეთი რამეები, რისიც რეალურად არ გჯერა. აირჩიე, გამხდარიყავი უმნიშვნელო.

შენს აზრს აღარა აქვს მნიშვნელობა. შენიანებმა იციან, რომ რაც არ უნდა ქნან, მაინც გაამართლებ.

კუნთებიანმა ტიპებმა სოფელში ბებია ცემეს?

„ჰეჰ, არ უცემიათ!“

ტიპს არაფერი უთქვამს გასაგებად, რას აპირებს არჩევნების შემდეგ?

„ეხლა მაგის დრო არაა, კუნთმაგარმა ტიპებმა სოფელში ბებიას ურტყეს!“

ეს ტიპები რატომ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები? გინდა, რომ ხელისუფლებაში მოხვდნენ?

„არა, მაგრამ ხომ ხედავ, კუნთმაგარი ტიპები სოფელში ბებიას ურტყამენ!“

ზიხარ და თუთიყუშივით იმეორებ პოლიტიკოსის ნათქვამს, რომელიც მარტო შენ კი არა, თვითონაც იცის, რომ სისულელეა. ალისტრახოებზე თქვა გიგა ბოკერიამ, ეგენი მეტოქე კორესპონდენტები არიან, რომლებიც ოპოზიციური არხების აგრესიულ მეთოდებს აკოპირებენო. და მოინახა ხალხი, რომელმაც ეს სისულელე გაიმეორა. და თქვა - ასეაო! არადა, გგონია თავად ბოკერიას მაინც სჯერა იმისა, რაც თქვა? იმედია, არა.

თუ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ, შეგიძლია თქვა: „აუ, თქვენკენ ვარ ძმებო, მაგრამ ეს ალისტრახოები რა უბედურებაა. მოაშორეთ, რა!“ და, იცი რა, თუ ბევრი თავისიანი ეტყვის, მოაშორებენ! მაგრამ არა, შენც იმეორებ, მეტოქე კორესპონდენტები ყოფილანო. ვისაც მაგისი გჯერათ, მომწერეთ. ნიგერიის პრინცი ვარ და 200 მილიონი დოლარი მაქვს გადმოსარიცხი. თქვენი დახმარება დამჭირდება. 

ასევე წერა-კითხვის მცოდნე ხალხი კიდევ არ იმჩნევს, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოვალ, პირველ რიგში ხიდს დავანგრევო და კანდიდატად აყენებს ტიპს, რომელიც „რედისონში“ არ შედიოდა იმიტომ, რომ „ბლუაო“. მოდი რა, ამოიღე ხმა! მაგრამ არა! არ შევიმჩნიოთ!

„ასეა საჭირო, ეხლაა გადამწყვეტი ბრძოლა!“

ეს ოხერი, საქართველოში სულ გადამწყვეტი ბრძოლაა...

არა, გაპრავებას ვინღა ჩივის. ეხლა თავის გამართლების ნაცვლად ყველა გადასულია მოწინააღმდეგე მხარის სიცუდის გამოჩხრეკაზე. თავის კარგზე აღარავინ ლაპარაკობს. ყველა წინადადება იწყება სიტყვებით: „აბა, ის გინდათ?..“ და გრძელდება მოწინააღმდეგე მხარის სისულელით. ეგეთები კი იცოცხლე, ორივეს ბევრი აქვს!

ჰოდა, აივსო ეთერი და ვირტუალური სამყარო სულელური გამონათქვამებით, რომლებსაც ჭკვიანი და ზომიერად ჭკვიანი ხალხი ავრცელებს. აზრიან რამეს იშვიათად თუ სადმე გადააწყდები. ავრცელებენ ისეთი ხალხის გამონათქვამებს, რომლის აზრსაც მნიშვნელობა არა აქვს და სასაცილოც კი აღარაა.

აი, ტიპმა თქვა მოხუც ქალზე, რომელმაც თავი დაიწვა, იმას არ უჭირდა - ბენზინის ფული ხომ ჰქონდაო. ამის მერე აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ამის მთქმელი ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე ან სპორტზე? საერთოდ რამეზე? რამე წონა აქვს მის ნააზრევს? თანამდებობა უჭირავს? წყვეტს რამეს? რატომ უნდა ხედავდეს ამის მერე ვინმე ფეისბუკზე, იმან რა თქვა და რაზე?

ამ სისულელეების დოღში ნელ-ნელა ცუდ ტიპებად გამოყავთ ადამიანები, რომლებიც „არც ერთისკენ არ არიან“. შუაშისტებიო! შუაშისტები და ჭირი თქვენ! შუაშისტები არ არსებობენ. არსებობს ნორმალური ხალხი, რომელიც აცნობიერებს, რომ პოლიტიკოსებს თავიანთი ინტერესები აქვთ, რომ ისინი ისე მოიტყუებიან, რომ სინდისი არ შეაწუხებთ და თუ მიუშვი, თავზე გადაგივლიან. იმიტომ, რომ ეგრეა. კიდევ არსებობენ დაქირავებული მუშაკები, რომლებსაც კარგი და ცუდი ფეხზე ჰკიდიათ, იმიტომ, რომ ფულს იღებენ და ძალისხმევას უფასებენ. კიდევ არსებობენ დეგენერატები, რომლებსაც მესიების სწამთ და პოლიტიკოსი ღმერთის მოვლენილი ჰგონიათ. და ხარ შენ, ცხვარი, რომელიც დეგენერატებს აყევი, მხოლოდ შავსა და თეთრს ხედავ, საქმის გაკეთების ნაცვლად ამ საქმეს აფუჭებ. და ამაში ფულსაც კი არ გაძლევენ.

მერე, სროლა რომ დაიწყება, დაიწყებ: ბეეე! ბეეე! ნახე, მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა რა ქნა! ბეეე! აი, უნდოდათ და ისროლეს. ბეეეე!

კი, იმათ უნდოდათ. მაგრამ შენ რა ქენი, ხელი რომ შეგეშალა? არაფერიც არ ქენი. პირიქით, მოწინააღმდეგე მხარე არაადამიანად გამოიყვანე. საღოლ! ტაშიი! ნამდვილი ინტელექტუალი ხარ! მაგრად წაადექი საქმეს!

ჰომოფობია და ქსენოფობიაო. ცხადია, ეგეცაა, მაგრამ მაგის გარდა ყველგან ყველაფრის ფობიაა. უფრო სწორად, ფობია კი არა, ოდიუმი! (გუგლმა მითხრა, სიძულვილი ლათინურად ეგრე იქნებაო.) ნებისმიერ ფორუმზე რომ შეიხედო, იმდენ ზიზღს ნახავ და ისეთ დედის გინებას, ცხოვრებაში რომ არ გაგიგონია. გგონიათ, არა უშავს? გგონიათ, მერე რა?

აუ, თან მამენტ მართლა „მერე რა“ არის... ცოტა ხნის წინ იყო, რუსთაველზე რომ ესროდნენ ტიპები ერთმანეთს ბომბებს. მერე კიდე თვალს მიფარებულები, სამეგრელოში წვავდნენ სახლებს და აუპატიურებდნენ ქალებს და ეგეც მოსული პონტი იყო. იმიტომ, რომ სახლდამწვრები სხვა პოლიტიკოსს უჭერდნენ მხარს.

ჰოდა, მერე რა. მაგათგან არავინ არასდროს გაუსამართლებიათ. ეხლაც იქნება სროლა, და ვინც აჯობებს, არც იმათ გაასამართლებენ.

იმ დღეს საპარიკმახეროში ვიყავი თავის გადასაპარსად და სამი კაცი შემოვიდა. წითელი მაისურები ეცვათ, „ხუთიანით“ და „მე მიყვარს საქართველოთი“. ერთმა მეორეს ქუჩაში მიმავალ ტიპზე ანიშნა, ე, ოცნებამ გაიარაო (როგორც ჩანს, მაისური ეცვა იმასაც, არ დამინახავს). ამან კიდე უპასუხა: უხ, ერთი მაგის თავი დამაჭერინაო. არც უხუმრია. ვიღაც ტიპზე თქვა, რომელიც თავისთვის მიდიოდა ქუჩაში და სხვა პარტიის მაისური ეცვა.

გგონიათ ფულს უხდიან და იმიტომ თქვა? (სხვათა შორის, ლამაზი სიტყვისთვის არ მომიგონია. მართლა ეგრე იყო.) არა, გულით შეაგინა. მართლა ეგრე ფიქრობდა.

რუსები მოდიანო. რუსები მოდიან, კი. მაგრამ მანამდე უარესი - ქართველები მოვლენ.

ეხლა, როცა ამას კითხულობ (თუ, ცხადია, მომავლის ადამიანი არა ხარ ან ღამის 4 საათზე არ გადაწყვიტე ინტერნეტში შესვლა. თუ ასეა, ერთი - ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან და ორი - წადი, დაიძინე), აი, ამ წუთას, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ოფისებში და კაბინეტებში ტიპები სხედან, გეგმებს აწყობენ და მსხვერპლს ითვლიან. ზოგის გეგმების შესახებ ოქტომბრის შუა რიცხვებში გავიგებთ, როცა გამარჯვებული მხარე ტელევიზორში დამარცხებულის ფარულ ჩანაწერებს აჩვენებს. თავისას, ცხადია, არავინ გამოამზეურებს.

შედეგები კი მანამდე გამოჩნდება. მაშინ, როდესაც ტელევიზორში დიქტორი გამოაცხადებს: რაც ეკუთვნოდათ, ის მიიღეს - ხმების 22,7 პროცენტიო. მერე დაიწყება...

ჩვენც შევხვდებით, ალბათ, ვინმეს პანაშვიდზე. იმედია, ძალიან ახლობლისა არ იქნება.

Tags: არჩევნები, ბლოგი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: makuna საიდან გვწერთ: tbilisi
26.09.2012 01:18
ვაი რომ მართალია

ავტორი: vigac საიდან გვწერთ: saxlidan
26.09.2012 01:18
დიახ მე ვარ ვიღაც ვინც ეს ღამის 1:12 წუტზე წაკითხა და დავიძინებ (შედარებით მშვიდად როცა უკვე ვიცი რომ ერთი ადამიანი (კარგი ადამიანი, შესანიშნავი) მაინც ფიქრობს და წერს იმას რაც ....რასაც ... რამაც ..რატომაც ..რისი თქმაც (ყვირილიც) მე მინდა და დავამატებდი :"ღვთივკურთხეულია უნდობლობა ყოველწამიერი ბოროტების მიმართ სამყაროში "

ავტორი: სალომე
26.09.2012 00:59
არაჩვეულებრივი სტატიაა )) ყოჩაღ,ნიკო,არ მეგონა ასე კარგად თუ წერდით )))

ავტორი: GERMANE
11.09.2012 15:07
ავტორი: მივხვდი!
03.09.2012 23:53

სწორედ მაგ ლოგიკით მივეცი ხმა შევარდნაძის ბოლო არჩევნებში - ედიკას ხო არ მივცემდი და სარჩევიც ბევრი არ იყო - მივეცი ალიანსს ედიკას წინააღმდეგ. ვიცოდი რა იყო სააკაშვილი და წარმოშობით ქუთაისელმა ხომ მართლა´ვიცოდი რა იყვნენ ბურჯანაძე ან ძიძიგური, მაგრამ მაინც მივეცი ხმა - ჟვანიას კონსტრუქტიულობა ვიწამე და ამანაც გადამაწყვეტინა.
მერე, ძალიან მალე დატრიალდა ყველაფერი და პრეზიდენტობის არჩევნებში იანვრის 2004 წელს არაფერს მივეცი ხმა - მაინც 99% მიიღო მიშამ. 2008 წელსაც არ მივეცი და 50% მიიღო, ახლაც არ მივცემ ხმას ვიღაცის წინააღმდეგ, რამეთუ არც კალაძე და არც ძიძიგური (სასაცილოა და მეშვიდე ნომრადაა სიაში - ივანისვილის სიაში ძიიგური!!?? - სასაცილოზე მეტია!!) ესენი არ არიან საპარლამენტო ხალხი.
ივანისვილს რომ ის ცხედრები არ ამოეყვანა მიწიდან, ედიკას ტაობისანი რომ არიან, ასლანის ძმები; ის დესტრუქტორები რომ არ დაეყენებინა გვერდით როგორც ძიძიგურია და ის ადამიანები არ გაეპოლიტიკოსებინა, ვისაც მთელი ცხოვრება უთამაშია, ივანისვილს რომ ახალი სახეები მოეყვანა, თუნდაც მისი ბანკის მენეჯერები, თუნდაც მისი პირადი გარემოცვა, თუნდაც უბრალოდ იდეების კონკურსი გამოეცხადებინა და ისე შეეკრიბა ხალხი მის ირგვლივ - აი მაშინ მას ჩემი ხმა ექნებოდა. სააკაშვილზე ან კიდევ ბესელიაზე ხმის მიცემა - სამარცხვინოა.
ნურავინ მისცემს ხმას ნურავის წინააღმდეგ - ხმა მივცეთ დადებითი ემოციიტ და ვიღაცის იდეას, მშენებლობის და კანონიერების კონკრეტულ იდეას. რევანშიზმი სუფევს საქართველოში 1989 წლიდან და ეს გვღუპავს. ნურც იმას დაივიწყებთ, თუ რა მოტივით დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა 1988 წელს ნოემბრის შიმშილობით თბილისში - ეს იყო წინააღმდეგობა და პროტესტი გუდაუთაში შეკრებილი 20 ე.წ. ინტელექტუალი აფხაზის განცხადებაზე, რომ სსრკს-ს დაშლის სემთხვევაში მათ დამოუკიდებელი აფხაზეთი სურთ. ანუ ეს იყო ქართული ნაციონალიზმისა და აფხაზური სეპარატიზმის დაპირისპირება, გახვეული ეროვნული თავისუფლების მანტიაში.
შედეგები ცნობილია.
ჩვენ მაშინ (მე 20 წლისა ვიყავი!) არ ვიცოდიტ რისთვის ვიბრძოდით - ვიცოდით რის წინააღმდეგ, მაგრამ რისთვის, როგორი საქართველოსთვის - ეს არ ვიცოდით. ამიტომაც წავაგეთ ყველაფერი.
ახლაც ასეა - სანამ არ ვისწავლიტ, რომ არჩევანი დადებითი მოვლენა ანუ რაღაცისატვის ´ბრძოლა უნდა იყოს და არა რაღაცის წინააღმდეგ - მანამ არაფერი ეშველება ქვეყანას. რევანსიზმი არის საწყისი ავტორიტარიზმისა - ეს დაამტკიცა გამსახურდიამ, კიტოვან-იოსელიანმა, ედიკამ და მიშამაც.
მეტი რა მაგალითი გინდათ?
სააკაშვილმა 2004 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 40% დაკარგა (ისიც გაყალბებით), ახლა ალბათ 20-25-ზე ჩამოვა (აქაც გაყალბებით). თუკი ივანიშვილი ამდენივესვე (და მეტს არა!) მოიპოვებს, მაშინ ეს იქნება საწყისი რაღაც დადებითისა. თუკი რევანშიზმის პრინციპიტ ვიხელმძღვანელებთ და ამისტები-იმისტები გადაწყვეტენ არჩევანს, მაშინ ან სააკაშვილი და ან ივანიშვილი მიიღებენ 80%-ს და ისევ უკან წავალთ. აი ესაა ჩემი აზრი.

ყველა, ვისაც კი არც სააკაშვილი უნდა გულმხურვალედ და არც ასლანის კლანი აჭარაში, უსახური პოლიტიკოსები იმერეთში და ყველა წანჭიკის მომრგებნი აღმოსავლეთში - მაშინ არავის უნდა მისცენ ხმა - თუკი არა გაქვს პირდაპირი არჩევანი, ნუ გააკეთებ ირიბს - ამ პრინციპზე ერთგულება მიმაჩნია ჩიხიდან გამოსავლად.

ავტორი: GERMANE
11.09.2012 13:08
ციტატი:
"შეტყობინების თანახმად, კუტალაძეებს საჭამიასერის ყოფილი მეურნეობის შენობა თვითნებურად აქვთ დაკავებული და 15 დღეში უნდა დაცალონ."

ტრაგედია კია, ჩემო ანონიმ ეს ამბავი, მარა, ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი ბიჭი ყოფილა ეს "ნიაზი"?
ისე შევიდა მეურნეობის საკუთრებაში მყოფ შენობაში თავისი-ბაღ-ბოსტან-სავარგულითვე ამ 15 წლის წინ (ანუ 1997 წელს!) რომ არავისთვის უკითხავს.
უჭირდა და მიითვისა - ასე მარტივია ახსნა არა?
მეც მინდა ერთი კაი მაგარი აწყობილი, შექ-გაზგაყვანილი მეურნეობის შენობა ასე 10 ჰექტარი მიწით და მცირე კავკასიიდან დიდ კავკასიაზე ხედით - ვაახ, რა კარგია???

მოდით რა, ჯერ კანონიერება ვისწავლოთ.

რა დააშავა იმ ლტოლვილმა, რომელი 18 კვადრატულმეტრ ბარაკში ცხოვრობს, არავისტანეთში და არც მიწა აქვს, არც გაზი, არც სავარგული, არც ხელსაწყოები?
რა უფლებით გადაიბარა ამ ოჯახმა, თუნდაც ხუთშვილიანმა ეს ყველაფერი?
ბაბუამისმა დაუტოვა ის მეურნეობა თუ ედიკამ აჩუქა?
ამ კითხვებს რატომ არ ვსვამთ?
არ ფიქრობდა ეს ნიაზი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა იკითხავდა - სადაა მეურნეობის ეზო-შენობაო?

ავტორი: ოლგა საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 15:27
რომ იცოდე,რა კაი ტიპი ხარ.:)
ყველაფერი ნაღდია.გული მტკივა,2 ბანაკობის გამო. "შუაშისტები" მინდა ბევრნი ვიყოთ.

ავტორი: არა"შუაშისტი" საიდან გვწერთ: გვერდიდან
06.09.2012 15:06
დიდი მადლობა წერილისათვის

ავტორი: ანონიმი
05.09.2012 17:10
ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამას http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=5342:2012-09-05-08-38-41&catid=74:2010-11-26-08-07-22&Itemid=125
ამ სტატიის პერსონაჟი, ნელი შანიძით მოვიხიბლე:)

ავტორი: lela საიდან გვწერთ: ჭურიდან
05.09.2012 01:46
ნიკო! მაგარი ხარ!
ჩემი კრიტიკული აზროვნება არ მომკვდარა ,პროსტა ზის ტვინის ერთ კუთხეში და კარტს თამაშობს,
არჩევნებზე მაინც წავალ და ჩემ წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის ბედზე ავიკიდებ
იცი რამ გამაგიჟა? დღეს ერთი ქართველი რომელიც შეიძლება "მოვიდეს" ერთი ტელევიზიის ეკრანიდან ელეგიური მშვიდი ინტონაციით აკომენტირებდა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტი როგორ დავარქვა როცა რამდენიმე ადამიანი მოკვდა ამ ამბავში ,მოლაპარაკება რატო არ ცადესო,ღირდა კი ოპერაცია ამდენ მსხვერპლადო. მსხვერპლის ამბავში კი ვეთანხმები , შემზარავია თავად ფაქტი ადამიანის სიკვდილისა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ ძლივს შევიცანი ამ ტკბილად მოუბარ ადამიანში ოთხმოცდაათიანი წლების ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი სამხედო პირი და მაშინვე გაცოცხლდა წარბებშეკრული სახე ოცი წლის წინანდელი, შავი წვერით, სამხედრო ფარაჯით და მკაცრი, უაპელაციო რიტორიკით რომ დაბომბავდნენ მთავრობის სასახლეს რათა მის ქვეშ არსებული ბუნკერიდან გამოედევნათ მაშინდელი არჩეული ხელისუფალი , სასახლე თუ დაინგრა ჩვენ ახალს ავაშენებთო . ის გამოსვლა ლაივი იყო და ჩანაწერი დიდი ალბათობით არ არსებობს, მაგრამ მე ხომ მახსოვს,ვიღაცასაც ალბათ,ახლა ის ადამიანი დიდი ბრძენის პოზაში მოძღვრავს ქართველობას, ხოდა ახლა ღამის ორი ხდება და ჯობია წავიდე დასაძინებლად, სამსახურში ხვალ რომ ვივარგო. ასეც მოვიქცევი. მაგრამ ძილშიც ჩამყვება შიში "რუსები მოდიანო. რუსები მოდიან, კი. მაგრამ მანამდე უარესი - ქართველები მოვლენ."

ავტორი: მივხვდი!
03.09.2012 23:53
ხომ თითქოს ახალი არაფერი უთქვამს (გარდა იმისა, რომ გავიგე რატომ არ იყო თავიდან ჩვენი რედისონი ბლუ :) ), მაგრამ ამ სტატიის და ცოტაოდენი კომენტარების წაკითხვის შემდეგ მივხვდი!!

საქმე იმაშია რომ პირწავარდნილი შუაშისტი ვარ და ბევრი თქვენთაგანის არ იყოს არ ვიცი რა წყალს მივცე თავი (წაიკითხე: ვის მივცე ხმა). ბოლოს ისეტ დასკვნამდე მივედი რომ იქ რომ მივიდოდი ვინც ყველაზე გაუგონარი და უსახელო იქნებოდა იმ სიაში ის ამერჩია.

მაგრამ ამ სტატიასა და კომენტარებში არ ვიცი რა, მაგრამ მსჯელობა ისე დალაგდა რომ მივხვდი, ხმა მაინც ოცნებას მივცე აჯობებს.

აქამდე ვფიქრობდი, დავასახელებ, აქეთ ონოფრიშვილი და იქეთ მერაბიშვილი არ დაუშვებდნენ სამოქალაქო ომის დაწყებას, მაგრამ მივხვდი რომ სხვის იმედად აღარ უნდა ვიყო!!! მე ხელები ჯიბეში არ უნდა ჩავიწყო და "გრიშა" კარგი კაცია, გადამარჩენს, არ უნდა ვთქვა!

არავინ არ გადაგვარჩენს თუ ერთ მხარეს 22,7% დაიდება, და მეორე მხარე ამაზე ცინიკურიც ბევრი გაუკეთებია – დადებს!

და როცა ეს მოხდება მერე გვიან იქნება!

ამიტომ, ვიცი რომ კალაძე პარლამენტარად არ გამომადგება, ვიცი რომ ვინც პირველ ნომრად კალაძე დაწერა არც ის გამომადგება პარლამენტარად (და სხვა მრავალი მიზეზი, რამაც შუაშისტები გაგვხადა უმეტესობა), მაგრამ ხმა მაინც ამათ უნდა მივცეთ, რომ იმათ, არანაკლები სიის ავტორებს, ნაკლები შესაძლებლობა ქონდეთ 22,7% დაწერონ!

იმიტომ რომ ნაკლები შესაძლებლობა ქონდეთ 22,7% დაწერონ!

სხვა მე ამის დაწერას, რაც გარდუვალი მეჩვენება, წინ ვერაფრით აღვუდგები!

და თუ ამას წინ არ აღვუდგებით, ესე იგი უმოქმედო ვიყავით სამოქალაქო ომის დაწყების წინ და მერე ვაი და ვიში ქართველების უავრგისობაზე აღარ გამაგონოთ.

ავტორი: კოზმანა საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2012 15:16
მომეწონა, ძალიან ჩამოყალიბებული მიდგომაა და არა პოზიცია... მაგრამ რაც აქ წერია ამას მარტო ის გაიგებს ვინც ამას ისედაც ხვდება. ხოდა, მე მაპატიეთ თუ ბანალური ვარ, ვიზა მინდა ძალიან, მიწა ამოთხარონ, გააფხვიერონ და გაიკეთონ.

ავტორი: სუნ ძუ საიდან გვწერთ: ბერლინის კედლიდან
02.09.2012 22:39
მეტისტო, თქვენნაირებსაც მეტი დემოკრატია მოუნდებათ ერთ დღესაც საქართველოში ( იმედია, არიან??? ) და ყველაფერი რიგზე იქნება ! ბასტა !!!

ავტორი: ნაციონალ 5 საიდან გვწერთ: ისევ შტაბიდან
02.09.2012 22:32
ეს შეხამება ,,ნარცისი ინტელექტუალები" რა მოდაა?

ავტორი: atanase საიდან გვწერთ: archevnidan
02.09.2012 17:38
ავტორმა მიაღწია იმას, რაც სურდა(რაც საერთოდ სურთ ნარცის "ინტელექტუალებს")- ყურადღება მიიქცია(უნიათო სტატიით)

ავტორი: NATIA
02.09.2012 17:00
მეტისტო, თქვენნაირები მეტი უნდა იყვნენ საქართველოში ( იმედია, არიან! ) და ყველაფერი რიგზე იქნება !

ავტორი: ნაციონალი საიდან გვწერთ: გენშტაბიდან
02.09.2012 10:13
ავტორი: Pocket Yoga საიდან გვწერთ: Practice Builder -ს პოსტს პროვოკაციის სუნი ასდის, არ აყვეთ თორე ამ კინკილა 1-საათიან პროგრამებსაც მოგიხსნით!

ავტორი: ავტორი საიდან გვწერთ: საიდან გვწერთ
02.09.2012 09:17
ავტორი: Pocket Yoga საიდან გვწერთ: Practice Builder
01.09.2012 09:56

ცდებით აბა რა! პასუხი ისეთი ნათელია, რომ არც ღირს ახსნა. ყველამ ყველაფერი იცის.
ძალიან საინტერესო და დროული წერილია.

ავტორი: mari საიდან გვწერთ: USA
02.09.2012 08:38
გარემარბი-ს აშშ-დან მინდა ვუთხრა რომ
potency [’pəʋtənsɪ] - n ძალა, ძლიერება
თარგმანი ეშლება მე მგონი
პოტენციალი ჩვენში დამკვიდრებული ტერმინია, თუმცა პოტენცია უფრო სწორი სიტყვაა

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: ამერიკა
02.09.2012 05:25
ცხვრები, სულელები, შტერები და სხვა შემამკობელი სიტყვები დამამცირებელია თვითონ ავტორისთვის, შევწუხდი და სტატია ბოლომდე ვეღარ ჩავიკითხე, მით უმეტეს ახალიც არაფერი თქმულა. ფაქტი ისაა რომ ხელისუფლება უმრავლესობიდან უნდა წავიდეს და ამ სურვილს ვისაც როგორ შეუძლია, ისე გამოხატავს.
ყველაზე მეტად რაც დაიკარგა ხალხში ესაა ქცევის კულტურა, მეტველების კულტურა და საერთოდ კულტურა, რადგან სრულიად უკულტურო ქვეყანა ჩამოყალიბდა, და მასში სცხოვრობთ სამწუხაროდ.

ავტორი: რ.ვ საიდან გვწერთ: კომპიუტერიდა
02.09.2012 05:06
პატრიოტი არაის ის ვინც არც აქეთა და არც იქეთ ის მხოლოდ მოღალატე, ვინ სად მივა და ვის მიცემს ხმას ეს თავად მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ავტორს ასე უპასუხებ. თქვენ კარგად წერთ ისევე როგორც გიტლერს შეედზლო დაეწერა. რომელსაც ეხლაც რომ წაიკითხო იფიქრებ აი მეორე მსოფლიო ომი ეხლა იწყებაო. წერთ დამაჯერებლად. თუმცა ისეთი სტილი გაქვთ არჩეული რომ ყვარყვარესაც მაგონებთ, მშიშარა ხართ თქვენ და ეს გალაპარაკებთ შენისთანებმა დაღუპეს ერი, კარგი წერა და გლეხის შეცდომაში შეყვანა რომ შეუდზლიათ, იმ გლეხის რომელსაც სიმართლე გონია გაზეთში და წიგნში რასაც წაიკითხავს, უნდა გეშინოდეს ჯერ შენი თავის. და შიშს რომ დაკარგავ მერე შეეცადე შეხედო ცხოვრებას ისე უშიშრად მხოლოდ უშიშრად და არა როგორც ფანატიკურად ვითომდა შეყვარებული სამშობლოზე. მე პირადად არ უწუნებ ამ ხელისუფლებას რაც მართლა სეძლეს და გააკეთეს და არც მომავალს დაუწუნებ კარგას, არვართ ქართველები დაუნახავები უბრალოდ მე სხვა თავისუფლებაში ძიებას და ბრძოლას შევალიე ახალგაზრდობა, და ვითხოვ ისეთ საქართველოს თავისუფალს. შენახარ ცხვარ თუ წინ მიგიძღვის ერთი თავი ფარის წინამძღვარი რომ ქვია. - იაზროვნეთ

ავტორი: მათუსალა საიდან გვწერთ: საქართველო
02.09.2012 00:29
ზაალსაც დავუწერე მსგავსი კომენტარი; მოკლედ აქაც ვიტყვი: კრიტიკული აზროვნების "დაპადიეზდება", ცხადია, საშინელებაა. და არავინ ამბობს, რომ რომელიმე პარტიის მომხრობამ ეს უმთავრესი და ადამიანის როგორც ჰომო საპიენსის თვისება უნდა დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც არის სიტუაცია, როცა მმართველმა პარტიამ უზურპაცია გაუკეთა ხელისუფლების სამივე რგოლს; როდესაც ძველი წინდასავით ცვლის არა თუ კანონებს, არამედ კონსტიტუციასაც, თან კვირაში ორჯერ; როდესაც არაფერზე არ არის გადართული გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა, რისთვისაც ფაქტობრივად ნ ე ბ ი ს მ ი ე რ რამეზე არის წამსვლელი და როგორც ცხადად ვხედავთ მიდის კიდეც, ასეთ დროს მთელი აზარტით არსურვილი იმისა, რომ ამგვარმა ხელისუფლებამ აღარ იპარპაშოს, ინტელექტუალიზმი და ტოლერანტობა კი არ არის, არამედ გულგრილობა და მანკიერებასთან შემრიგებლობა. აქაოდა, "ოცნება" რაღაც-რაღაცეებს მიქარავსო. კი, მიქარავს ხოლმე, როგორ არა - ფრთაშესხმული ანგელოზები და რომის პაპივით უცთომელები არ არიან, ცხადია, მაგრამ ასეა თუ ისე, ერთადერთი ძალაა დღეს, ვისაც შეუძლია მანკიერ ძალაუფლებსათან გამკლავება. ასეთ დროს დგება "ან" "ან" სიტუაცია, როცა ან საერთოდ უნდა გამოეთიშო პოლიტიკურ სისტემას და ბუდასავით გასხივოსნდე სადმე, ლაგოდეხის ნაკრძალში, მაგალითად, რაც არ ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო გამოსავალია, ან ამ ორ ძალას შორის გააკეთო არჩევანი, რაც შეიძლება იმას კი არ გულისხმობდეს თუ ვინ ჯობს ვის, არამედ იმას, თუ ვინ არის ვისზე ნაკლებ უარესი ქვეყნისთვის; თუმცა ლიდერებს თუ შევადარებთ, "ოცნების" ლიდერი აშკარად უფრო გაბედული, დიალოგზე და პოლემიკაზე ღიად წამსვლელი, ლოგიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობების ადექვატურად შემფასებელია ვიდრე "ნაციონალების", რომელიც რეალურად ვერ ბედავს იმ ჟურნალისტების წინ მოხვედრას, რომლებიც მზად არიან მას მწვავე შეკითხვები დაუსვან. "ოცნების" ლიდერი იძლევა კარგ პირობებს, რომლებსაც არ ვიცით, შეასრულებს თუ არა რეალობაში, "ნაციონალების" ლიდერმა მოგვცა დაპირებები, რომლებიც არ შეასრულა და გვაძლევს განუწყვეტლად დაპირებებს, რომლებსაც ემპირიულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ასევე არ შეასრულებს, ან თუ შეასრულებს, ნეტავი არ შეასრულოს (ლაზიკის აშენებას ვგულისხმობ, მაგალითად). ასეთ დროს არჩევანი არის ჭირს შორის (რომელიც იმედია ჯერ კიდევ შეჩვეული არ გამხდარა) და შესაძლო ახალ ჭირს შორის, ან შესაძლო ახალ სასიკეთო ცვლილებას შორის - რადგან რა არის თუ არა სასიკეთო ცვლილება, მაგალითად, სასამართლოს გათავისუფლება მთავრობის ახლანდელი წნეხისაგან, რასაც "ოცნების" ლიდერი, ვფიქრობ გულწრფელად, გვპირდება? ან, რა არის თუ არა სასიკეთო ცვლილება, ალტერნატული ტელეარხების მიწვდომადობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაც ახლანდელი ხელისუფლება ასე უპრაგონოდ და ცინიკურად ბლოკავს, კანონის თავის ხოშზე გამოყენებით? შეიძლება ბიძინამაც და მისმა მომხრეებმაც მოგვატყუონ, შეიძლება; მაგრამ არ მისცე მათ შანსი, ვფიქრობ, შეცდომაა, რადგან, ვიმეორებ, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა არ არის იმდენად ძლიერი, რომ მანკიერ ხელისუფლებას, რომელსაც ამ არჩევნებზე სწყურია "ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს ქვეყნის მტრები" (ანუ ისინი, ვინც მათ პოლიტიკას არ ემხრობიან), რეალურად დაუპირისპირდეს.

ავტორი: vazari
01.09.2012 19:38
მთაწმინდაზე დამარხულია ჯაბა იოსელიანი! ჩვენ საზოგადოება ვართ?
მართლაც ,,ბედნიერი ერი" ვართ ! ! !

ავტორი: მეტისტი საიდან გვწერთ: აქედან
01.09.2012 15:41
საინტერესო სტატიაა. დაგაფიქრებს.
დიდი ხანია აღარ მჯერა იმ ქართული სულის, გმირობების და სულისკვეთების, რასაც დედა მიყვებოდა ძილის წინ, თუმცა ჯერჯერობით ამ სიტყვებზე ისევ ჟრუანტელი მივლის... გადმოცემით ხომ არ ვიცით 90-იანი წლების შესახებ, ეს ჩვენ გადაგვხდა თავს, ჩვენ გვხოცავდნენ უხასიათოდ გაღვიძებული მხედრიონელები, ჩვენ გვაყაჩაღებდნენ, გვქურდავდნენ, გვძარცვავდნენ და გვგლეჯდნენ, რისი წაგლეჯვაც შეეძლოთ.
მე „მეტისტი“ ვარ და ხმას ვაძლევ მას, ვინც წელს ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, და ვისაც დამეთანხმებით სულ რაღაც ერთი ათეული წლის წინ უმაღლესში მოხვედრის შანსიც კი არ ქონდა....მე ხმას ვაძლევ იმას რომ ჩემი უმცროსი შვილისთვის გაკვეთილის არცოდნა სირცხვილია, როცა ჩემივე უფროსი შვილისთვის გაკვეთილის ცოდნა „გრეხი“ იყო....მე ხმას ვაძლევ იმ ბიჭებს, ვინც ქუჩებს ალაგებს და არ „უტყდებათ“, ვისთვისაც ქურდობა მისაბაძი არ არის....მე ხმას ვაძლევ იმ ჯანმრთელ თაობას, რომელიც ვერ იქნება ნარკომანი, იმიტომ, რომ ნარკოტიკები აღარ შემოდის....მე ხმას ვაძლევ ვინც ღამე დადის და არ ეშინია... მე ხმას ვაძლევ მას, ვინც 2008 წლის აგვისტოს ჯოჯოხეთური ღამის შემგეგ „გაქცეული“ მთავრობიდან მაინც იმაზე იფიქრა, რომ დილას ქუჩებში მეეზოვეები და მშენებლები გამოეყვანა, რომ დავმშვიდებულიყავით და სულით არ გავტეხილიყავით.
მე ხმას ვაძლევ განათებულ ქვეყანას, აღმაშენებლის გამზირს და ბათუმს, მესტიას და ზუგდიდს, ანაკლიას და სიღნაღს...
და ბოლოს მე ხმას ვაძლევ იმ ქართველსაც, რომელსაც არ შეუძლია რომ უკმაყოფილო არ იყოს, მიღწეულით „კმაყოფილება“ და მიღწეულით „დაკმაყოფილება“ ერთმანეთში ერევა, ვინც ვერ ხედავს და ვისაც არ ესმის, „იდელაისტებს“ და „მაქსიმალისტებს“, რომლებსაც ისეთი, როგორიც უნდოდათ, შვილები ვერ გაუზრდიათ, მაგრამ მთავრობა უნდათ, რადგან ისევ დედის მონაყოლის ჯერათ....
მე „მეტისტი“ ვარ და მარსზე კი არა, საქართველოში ვცხოვრობ, სიხარულით მივფრინავ-თქო რომ ვთქვა მოვიტყუები, მაგრამ, რადგან სასწორის ერთ პინზე მეტია და მეორეზე ცოტა, და რადგან ამ ქვეყანაში იმდენი „შუაშისტია“, რომ სასწორის ღერძზე „ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ რჩება“, და ბოლოს რადგან სამწუხაროდ (ჯერ კიდევ და იმედია საბოლოოდ) არჩევნები საქართველოში თითქმის სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს, წავალ და იმას მივცემ ხმას, ვის პინზეც, ჩემი აზრით „მ ე ტ ი ა“.

ავტორი: Pocket Yoga საიდან გვწერთ: Practice Builder
01.09.2012 09:56
ნიკოს სალამი,

დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ (თუმცა ნამდვილად გვყვავს საერთო ნაცნობები). მე თქვენზე ასაკით უფროსი უნდა ვიყო 7-8 წლით - რაც მაფიქრებინებს, რომ 7-8 წლით მეტი მაქვს ნაცხოვრები საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოში.
ახლა ფიზიკურად არ ვარ საქართველოში და, იმედი მაქვს, როცა ჩამოვალ, ვეცდები დაგიკავშირდეთ და გაგიცნოთ.
რადგან თქვენი ეს წერილი წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ შეკითხვა მაქვს თქვენთან, ამ, ჩემის აზრით გულწრფელი წერილის დამწერისადმი.
მგონი ვერ ვწერ დალაგებული ქართულით, თუმცა, მარტივ აზრს დავწერ და გასაგებუი იქნ ება, იმედი მაქვს.
მაშ ასე, არანისნისმოგებით გკითხავთ:
პირადად თქვენ, ან/და თქვენი რომელიმე თანამშრომელი ჟურნალისტი დარიო „თავისუფლებიდან“ როდისამე თუ გამოსულხართ ქართველ ჟურნალისტებთან ერთად რომელიმე საპროტესტო აქციაზე (რაც მახსენდება , იმათ ცამოვწერ - „იმედის“ დარბევის წინააღმდეგ, „მაესტროს“ და „კავკასიის“ შევიწროების წინააღმდეგ, სატელიტური თეფშების დაყადაღების წინააღმდეგ, ფტოჟურნალისტების - ირაკლი გედენიზესი და სხვათა - დაკავების წინააღმდეგ, კიდევ სხვათა, რომლებსაც ახლა აღად დავწერ, თუმცა შემიძლია გავიხსენო, რაც, შეკითხვას უფრო მეტად არ დააზუსტებს).
შევაჯამებ- რადიო „თავისუფლების“ სახელით (რაც მნიშვნელოვანია პასუხისათვის ! თუ გამოგითქვავთ პირადად თქვენ (ან /და თქვენს კოლეგებს) პროტესტი ?
(გაითცალისწინეთ, გთხოვთ, - მე არ ვაფასებ აქ ‘არც ‘იმდროინდელ და დღევანდელ „იმედს“, არც „მაესტროს“ და არც „კავკასიას“. ეს სხვა ტემაა).
მაინტერესებს, თვლით თუ არა რომ
1. საქართველოში საჭიროდ ლიბერალური დამოკიდებულებაა ჯურნალისტებისადმი (ჟურნალიზმისადმი, ზოგადად მე 4-ე ხელისუფლებისადმი).
2. საჭიროდ თვლით თუ არა (თუკი მიგაჩნიათ პროტესტების სამწუხაროდ დიდ ჩამონათვალიდან რომელიმეს გასაპროტესტებელს) დადგეთ თბილისელ ჟურნალისტებთან ერთად და მათ გვერდით, მათთან ეღთად გააპროტესტოთ ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დარღვევები ? მე, ასეთი რამ, რამდენადაც მახსოვს არ ყოფილა (თუმცა, შეიძლება მეშლება, რაზედაც ბოდიშ მოგიხდით, თუკი შევცდი).
რატომ აგ მაოთქვამთ საჯარო პროტესტს ?
თვლით საჭიროდ მხოლოდ რადიოჟურნალისტიკის საშუალებებით იბრძოლოთ სიმართლისათვის ??
ხომ არ არის თქვენს და ხელისუფლებას შორის ასე ვთქვათ არაოფიციალური ხელშეკრულება მასზედ, რომ არც ისინი ჩაერევიან თქვენს (დამოიკიდებელ და სასარგებლო, საბოლოო ჯამში) საქმიანობაში, რის საფასურადაც ითხოვენ, ტქვენ ღიად არ ჩაერიოთ „მათ“ საქმიანობაში ქართულ მე-4 ე ხელისუფლების წინააღმდეგ?
მინდა დამარწმუნოთ რომ მე თითქმის ყველაფერში, რაზედაც ეჭვი მაქვს - ვცდები.

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
01.09.2012 01:29
ეგბ გადაგვეკითხა ილიას ,,ბედნიერი ერი"? ჩვენთვის დამახასიათებელ კიგევ ბევრ უმსგავსო თვისებას მივაწერდი ქვეშ (მაპატიეთ ილიასთან მიმართებაში თავხედობა)

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
01.09.2012 01:20
მე ,,შუაშისტი" ვარ და ალბად ამიტომ ,,მე დავიწყე ომი"! არ მინდა ქვეყნის ბედის მმართველად არც ,,გაბაშვილი", არც ,,ძიძიგური", არც ,,გრეჩიხა"... ბატონო ნიკო, თქვენს გულისტკივილს სრულიად ვეთანხმები და ეგებ მირჩიოთ, მე, არავისტმა, რიგითმა მოქალაქემ, რა ვქნა, როგორ ვიმოქმედო?! მოგვაწოდეთ რამე იდეა! ,,არავისტ რიგით მოქალაქეთა " ლიგა ხომ არ შეგვექმნა? ( ეს ისე, ხუმრობით)

ავტორი: xatkaxutki საიდან გვწერთ: Qutaisi
31.08.2012 22:45
არჩევანი გასაკეთებელია, დღეს განზე დგომა არ მიმაჩნია მართებულად. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის (არჩევანის) პატივისცემა, როგორ სამოქალაქო საზოგადოება ხომ უნდა გავიზარდოთ. სასაცილოა 21-ე საუკუნეში პარტიული ნიშნის მიხედვით დევნა და ნადირობა გამოცხადეს სამსახურეში. უბრალოდ სირცხვილიაააააააააააა

ავტორი: parlamentari საიდან გვწერთ: qutaisidan
31.08.2012 20:27
ნიკო
ძალიან ობივატელური და მთავარი შეშინებული ნაწერია
პოზიციის არქონაც პოზიციაა რა თქმა უნდა და პოზიციის ქონა თავისთავად პოზიციაა.კი რადიკალურობა ძალიან ცუდია მაგრამ ბოდიში და ქართული ბუნებისთვის რადიკალიზმი და ყველაფრის შავად და თეთრად დაყოფა დამახასიათებელია მგონი და ამას ევროპული ფილმების ყურებით ვერ შეცვლი
მაგრამ მთავარი-შენ გამოსავალი არ გაქვს ამ მესიანიზმიდან და ტუალეტებშიც კი ბელადების სურათებს რომ ვკიდებთ იქიდან
შუაშისტები როგორც ტერმინი შენამდეც იხმარებოდა.არა??
დავაცადოთ კიდე 4-8-12 წელი თუ დავანგრევინოთ ხიდი და გავასოთ პარლამენტი ვიღაც ვიღაცეებით?
ეგაა დილემა ხო?
არასწორად განიხილავ ნიკო.არ გეწყინოს ოღონდ რა არ გიცნობ მაგრამ შენს ნაწერებს რამდენიმე წელია ვკითხულობ და მომწონს და იმიტომ დავტოვე კომენტარი
მე არ მინდა უბრალოდ აი ეს სცენარი განვითარდეს:
შენც გამოხვიდე ოქტომრის ბოლოს და გამოგვიცხადო ამ შენს მკითხველებს ანუ ოფისის ვირთხების,ცხვრების,შუაშისტების,მიშისტების,ბიძინისტების და უბრალოდ ჩვეულებრივი ხალხის არმიას რომ
"აი მე ხომ ვამბობდი რომ ესე იქნებოდაო"
არ მინდა ეგრე რომ თქვა
და ერთ ქვევითა კომენტარს დავეთანხმები-ძალიან გვიანია უკვე ამაზე მსჯელობა.იმდენად შორს შევტოპეთ
და მიუხედავად ყველაფრისა:
პოზიცია ადამიანს უნდა გქონდეს.და უნდა დაიცვა ოღონდ არა დედის გინებით და იარაღის სროლით და არ შეიძლება სირაქლემასავით ყოფნა


ავტორი: nnn საიდან გვწერთ: tb
31.08.2012 15:22
დიახ ცხვრობა და რადიკალიზმი გვღუპავს ჩვენ და გ ა უ ნ ა თ ლ ე ბ ო ბა!!!!!

ავტორი: კომენტატორი საიდან გვწერთ: Mid-West, US
31.08.2012 07:04
ვეცდები მოკლედ მოგწეროთ:
ჯერ ის მიბოძეთ, ბატონო - თქვენი რადიოარხის ხ რომელი (რამდენი ?) "თბილისელი" თანამშრომელი შეერთებია ქართველ ჟორნალისტების საჯარო აქციას - ან "იმედის" დარბევის საწინააღმდეგოდ პროტესტ, ან "მაესტროს" ან/და "კავკასიის" ჟურნალისტებზე ზეწოლისას პროტესტს, პრესის ჯიხურების დახურვისას პროტესტს, ან დაჭერილ ფოტოგრაფების (გედენიძე და სხვები) დაჭერის პროტესტს, ან სატელიტური ანტენების დაყადაღების პროტესტს (კიდევ რამდენი გავიხსენო ?).
პირადად თქვენ გაგიპროტესტებიათ ?
თქვენს რომელიმე თანამშრომელს ?
.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას.
"არადა, გგონია თავად ბოკერიას მაინც სჯერა იმისა, რაც თქვა? იმედია, არა."
.
მე მგონი-კი.
რადგან ვიცნობ(დი).
*
ახლა რაც შეეხება ილფისა და პეტროვის "ოქროს კერპზე" ალუზიებს: აი ამას კი ვერ მივხვდი ბოლომდე ნათლად: ბუჩქებში მჯდომ მილიონერ კორეიკოს ადარებთ დღევანდელ ქართველების უმრავლესობას ?

ავტორი: nina
31.08.2012 01:44
ჰო, მაგრამ გამოსავალი რა არის? რა ვქნათ ჩვენ, ცხვრებმა? ხმა ამოვიღოთ, თვალში გამოვიხედოთ და მერე რა? არჩევნებზე ხმის მიცემის ან არ მიცემის გარდა რა შეგვიძლია?

ავტორი: piqria საიდან გვწერთ: tbilisi
30.08.2012 13:41
ძალიან საჭირო სტატიაა, დაგაფიქრებს ადამიანს იმაზე თუ რა ხდება და რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევითდა რომ არ უჩანს ამ ყველაფერს ბოლო.

ავტორი: მიწიერი
29.08.2012 23:38
მომეწონა, კარგია.)

ავტორი: ბიო საიდან გვწერთ: სახლი
29.08.2012 23:05
ნიკო პრეზიდენტად!

(ნიკო, ვიცი რომ არ მოგწონება ეს იდეა, მაგრამ მაინც გაასწორებდა შენ რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო, მინიმუმ კარგ მუსიკას მაინც მოვუსმენდით) :)

ავტორი: ვანო საიდან გვწერთ: გორი
29.08.2012 21:50
კარგი მცდელობაა "ცხვარს" თავის თავი დაანახო. გამოსავალზე დაწერე ნიკო რა არის? შენ შენი თქვი, მე ჩემსას ვიტყვი, სხვა სხვისას. მერე იქნებ კარგი გამოსავალიც მოვძებნოთ და ამ გამოსავალის განხორციელებაც მოგვინდეს.
"შენიანიც აკრიტიკე". ეს ერთი ნიკო. სხვა?

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2012 20:20
In Response
ავტორი: ნიკო
27.08.2012 21:54
არა, რა ფიქრი. გავაქანე და ვწყვიტე ეგრევე!
------------------------------------------------------------

... და თან კოჭები დაუხვრიტე მაგ "ნაგლებს"!
ბოლომდე თუ გინდა ქართველი იყო ეგაც უნდა გაგეკეთებინა:):):):)

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
29.08.2012 16:03
ბატონო ნიკო, თქვენც ხომ არ დაგაგვიანდათ რაღაც-რაღაცეების შემჩნევა?
მაგალითად იმის, რომ ნულოვანი ტოლერანტობის ქვეყანაშ მანცდამაინს თაკო სალაყაიას "საბუტილნიკებს" ყველაზე ტოლერანტული ვადებით აღუკვეთავენ ჭავისუფლებას და მერე კიდევ ამნისტიით ათავისუფლებენ... ვგიჟდები ამ "ქართველ ინტელექტუალთა" კასტაზე, ძალიან დროულად რომ ხვდებიან ყველაფერს და ყოველთვის ახერხებენ ხეირში ყოფნას, თან სხვებისთვის ჭკუის სწავლებას, თან არაფერში გარევას და თან ყველავერში ყელამდე ჩაფლობას... თან არაფერს რო არ წარმოადგენენ და თან არაფერს რომ არ ქმნიან...

ავტორი: ანონიმი
29.08.2012 11:15
,,არა არს ნიკო ნიკოს გარდა და ზაალია მისი მოციქული"

ავტორი: ანონიმი
29.08.2012 10:57
,,ავოიე!" ახალი ინტერნაციონალის მანიფესტი!!!

ავტორი: ანონიმი
29.08.2012 10:20
უსუსური წერილია.

ავტორი: აკიმა საიდან გვწერთ: ბათუმიდან
29.08.2012 10:19
დღევანდელი ბიძინისტები 2003 წლის მიშისტებს გვანან. 2003 წლის მისისტები კი 1992 წლის ედუარდიატებს მაგონებენ. ედუარდისტები - 1989 წლის ზვიადისტებს. გვანან მეთქი ვამბიბ, რეალურად კი ეს იგივე ხალხია. გაიხსენეთ საარჩევნო პროცენტები - ეს ქართული საზოგადოებაა. მოუთმენელი, ემოციური, უცოდინარი, აზრის ვერ გამომტანი. ყოველთვის ამაზე თამაშობს რევოლუციური იდეებით მომავალი ახალი ძალა. ამჟამად "ოცნება". რამდენ ხანში დავიწყებთ ჩვენი არჩევანის გადაფასებას? რა დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ სხვას გადავაბრალეთ ჩვენი არჩევანის იმედგაცრუება?
მე ჩემი თავი სულ პატრიოტი-შუაისტი მგონია. არჩევნებზე სულ პატრიოტულ, ახალ ძალას ვაძლევ ხოლმე ხმას: ზვიადს, ედუარდს, მიშას. ახლაც ასე მოვიქცევი, ალბათ ახალ ძალას დავუჭერ მხარს? რატომ? იმიტომ რომ ცვლილებები მინდა? მინდა ისეტი მთავრობა რომელიც არ გაექცევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემას. ვინც დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან. ვინც გზებისა და სანახაობის გარდა ხალხზე მეტს იზრუნებს. მგონი ყველა შუაისტს მაინც ცვლილებების რისკი ურჩევნია. რას იზამ არჩევანი მწირია.
ხო მართლა, ბლოგი მომწონს - ნიკო, ასე გააგრძელე.

ავტორი: ზარალა
29.08.2012 03:39
ვა, ეს გაბიანი რა მაგარი ცინიკოსია. სხვების ზრდილობაზე ლაპარაკობს ტო. მე ვიყო მხედრიონელი...

ავტორი: haeha საიდან გვწერთ: marsidan
28.08.2012 23:37
არიან ოცნებისტები, არიან ნაცპირუტყვები და არიან კიდე...დაცენტრილები ..უკაცრავად ეგოცენტრული "ტიპები" ავტორისა არ იყოს.
ოოოოდა ამ დაცენტრილებს სულ ერთ ადგილზე ახატიათ ყველაფერი ერთი რამის გარდა---რო ხალხმა შეაქოს და ტაში დაუკრას ........ვააააა ნახე ბიჯო რა ობიექტურია , რა კარქა თქვა, რაკარქა დაწერა.
მაგარი არასასიამოვნო ნაროდი ხართ ნარცისები :D

ავტორი: cicino საიდან გვწერთ: germa.net
28.08.2012 22:52
ქეთი ვინაა, ამიხსენით "ფლიიიზ". ეს "ნოუთი, ქომენთი, რესპექტი" რა უბედურებაა. რა ჰგონია ადამიანს, რომელიც ასე მეტყველებს, ვითომ "ძაან ქულია" თუ "ძააან ქლევა" თუ რა ჯანდაბა და საცოდაობაა. ფუი, გულისამრევია რა.... პრინციპში, ასეთი ადამიანის აზრი უკვე აღარ მაინტერესებს, ძალიან "ზიროუ" დონეა...

ავტორი: ჯინი საიდან გვწერთ: ბოთლიდან
28.08.2012 22:36
სწორედ იმ "შუაშისტებს" სტკივად გულწრფელად საქართველო.შიშობენ ამ ორ ერთმნეთის დამარცხების ჟინმორეულ და მთლად საღ გონებაზე ვერ მყოფ ბანაკს შუაზე არ შემოეგლიჯოს ქვეყანა.სადმე რამე არ ატკინონ მას ამ გაწევა -გამოწევაში,იმას ფიქრობენ და იმას წუხან.

გაიხარე ნიკო.

ავტორი: vazav12 საიდან გვწერთ: www.facebook.com/vajiko.iarali
28.08.2012 22:15
იმედია

ავტორი: მედი საიდან გვწერთ: აშშ
28.08.2012 22:09
რად უნდა ამას ამდენი ლაპარაკი, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი მოქმედ მთავრობას და კარგი იქნება თუ ექსცესების გარეშე მოვიშორებთ.ნუ შევადარებთ ერთმანეთს ოპოზიციის და მოქმედი მთავრობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის მეთოდებს. არ არი საჭირო ორაზროვნი და მიკიბულ– მოკიბული ლაპარაკი. სიმართლეს შევხედოთ თვალებში."არც მწვადი დაწვა და არც შამფური", ასეთი მეთოდი გამოიყენა ნიკომ. ძალიანაც, რომ უნდოდეს ოპოზიცია (ახლა ყოველთვის იგულისხმება"ქართული ოცნება") ვერ შეძლებს ის მეთოდები გამოიყენოს, რასაც იყენებენ მის წინააღმდეგ. არცაა სასურველი, ღმერთმა დაგვიფაროს ამის სურვილი , რომ ქონდეთ! მაშინ აზრი აღარ ექნებოდა იმ აღმაფრენას, რასაც ახლა განიცდის ხალხის უმეტესობა! ყველგან ასეა და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. დაჩაგრული ხალხი (ან თუნდაც წარუმატებელი, რომელიც მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს) გაღიზიანებულია სხვისი კარგი მდგომარეობით. საუბედუროდ ამჟამად პირველი კატეგორიის ხალხი ჭარბობს საქართველოში და ის იქნებოდა სამწუხარო, რომ არავის არ ამოეღო ხმა და მონის როლში დარჩენას შეგუებოდა. შეეხება იმ ქალბატონს, ბენზინის ფულის შოვნა, რომ გაუკვირდა, რანაირადაც არ უნდა ატრიალოს თავისი "შედევრი" , ეგ სიტყვები წარმოთქვა და მორჩა, აღარაფერი ქვს სალაპარაკო!
პასუხი

ავტორი: ნიკო
28.08.2012 23:17
დედა, სადმე იყო მანდ ოპოზიციის და მთავრობის საქმიანობის შედარება? მოკლე აზრი სტატიისა იყო: ”თუ ვინმეს უჭერ მხარს, დაუჭირე, მაგრამ თან იმის ცუდზეც არ დახუჭო თვალი”. არაა ძალიან ორიგინალური და ღრმა აზრი, მაგრამ ეგაა. თუ კიდე მანდ რამე იყო ორაზროვანი და რა ვიცი...

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: ჭკუით ქართველებო
28.08.2012 22:04
ნიკო კარგი სახელია შუაშისტები,აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.. დავაარსოთ რამე ორგანიზაცია ან პარტია და დავარქვათ შუაშისტები... როგორ აზრია?

ავტორი: მეწილე საიდან გვწერთ: კიდობანიდან
28.08.2012 21:32
ავტორი: ქეთა გაბიანი საიდან გვწერთ: ოფისიდან
27.08.2012 20:48-"შენ აქ საიდან გაჩნდი შე "მადლიანო" ჰააა?-თანაც ასეთი ჰონორით? სახელითა და გვარითაც კი? ეს გამოწვევას ჰგავს...ეტყობა მაგრა გაუჭირდათ შენს ნაციონალ პატრონებს...რა უნდა გეჩივლა მაესტროსათვის? რა "კონტექსტიდან ამოჭრილი" ტექსტისათვის?თავის დაწვაზე "წასული" ქალის სიდუხჭირეზე პირდაპირ ასე თქვი ბენზინის ფული ხომ იშოვაო...შენი დღევანდელი "გამოსვლის" მერე მხოლოდ ამ გამოთქმის გახსენება შეიძლება:"სინდის ნამუსი კაი საქონელიაო"-თუმცა რა სინდისი და ნამუსი, სად "ტაბულა ჯის" აქტივი და სად სინდის ნამუსი-მე ვიყო მიშა თავხელიძე თუ შენ სპეცდავალებით არ იყო ჩართული ამ ბლოგის კომენტარებში...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.08.2012 20:40
აქ ერთი კომენტატორი სახელად ცხვარი კითხვას სვამს: რომელ ჩემს საქმეს მივხედოო

ძალიან ქართულია ეს შეკითხვა, ძალიან. იმ საქმეს უნდა მივხედოთ რომლის დიპლომებიც სახლში გვიწყვია და რომლებშიც ფული გვაქვს გადახდილი და ერთი გვერდი კი არ გადაგვიშლია მისი ცოდნის გასანაღდებლად

მთელი უნივერსიტეტი, გეპეი და დანარჩენები უსაქმურობით რომ წყდებათ წელი, აი ვინ არიან ქვების და ბოთლების სროლაში და წიხლების ქნევაში მთავარი წამყვანი პირები... ბირჟებიდან აყრილი მომიტინგეები, დემოკრატიისა და იდეოლოგიის ცვლილებების მოშურნეობით რომ გაჰკივიან ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახელს

რომელი საქმე და რომელიც არ გვისწავლია და ეხლა მის სანაცვლოდ პარტიები კუთვნილებები ვხდებით, იმედით რომ რამეს ვიშოვნით ხვალ

ეგეთები არიან დღევანდელი ნაციონალები და ეგეთებითაა დაკომპლექტებული გურჯული ოცნებაც... ასე რომ არაფერი ახალი არ მოვა ბიძინას ფულის გარდა მაგათი გამარჯვების შემთხვევაში

ამდენი ხალხიც იმიტომ უჭერს ბიძოს მხარს რომ ფული აქვს და აგვშენებსო, აბა დედიმისის შვილია და შრომა მოსთხოვოს ქართველებს, 1990-93 წლები მოგონილი იქნება

კეთილი სურვილებით

შუაშისტი ტუტუცი

კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

ყველაზე პოპულარული