სამშაბათი, 18 ივნისი, 2013 თბილისის დრო 09:40

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

მაშ, e-reader-ის ყიდვა გადაწყვიტე?

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
დათოს „კინდლი“ აქვს, ლელას „კინდლ ტაჩი“, რეზოს „იოტა რიდერი“, სალომეს „ნუკი“ და დოდოს კიდევ ჩინური „ჰობაო რიდერი“. შენც გინდა, მაგრამ იტანჯები - არ იცი, რა განსხვავებაა მათ შორის - რომელი ჯობს და საერთოდ, ღირს თუ არა რიდერის შეძენა. ნუ გეშინია. მე აქ ვარ. ჩამკიდე ხელი და გამომყევი რიდერების ჯადოსნურ სამყაროში. დახე, აქ ათასწლოვანი ხეების გარშემო პიქსელები ცეკვავენ, ვირტუალური ჩანჩქერის ტალღები უსწრაფეს დომკრატებად ეცემიან და მისგან გასროლილი მოკისკისე შხეფები ანცად ასველებენ მდინარეში მოლივლივე სამძივარს, მოქუფრულ კლდეზე ჩამომჯდარი უკულტურო დევები კი ჩანგლით შეექცევიან ხინკალს. მეც შორიახლო ვიდგები და გაგათვითცნობიერებ.

1. ღირს თუ არა რიდერის ყიდვა?

თავად გადაწყვიტე. ჯერ, თუ „აიპედი“ ან ანდროიდის რამე პლანშეტი გაქვს და ზედ კომფორტულად კითხულობ და თვალს არ გიღლის, მაშინ, ალბათ არ ღირს. თუ წელიწადში ორ-სამ წიგნს კითხულობ, არც მაშინ ღირს.

თუ არც ინგლისური იცი და არც რუსული ისე, რომ წიგნი წაიკითხო, მაშინ ჯერ ვერაფერს გირჩევ, ცოტა ქვემოთ იქნება ნახო პასუხი.

თუ თვეში ერთ ან მეტ წიგნს მაინც კითხულობ, თუ გინდა, რომ წიგნი (ან ასობით წიგნი) მუდამ ჯიბეში გედოს, მაშინ მაგაზე უკეთესს ვერაფერს იყიდი.

2. ვთქვათ, მინდა ყიდვა. რა უნდა ვიცოდე?

პირველ რიგში ის, რომ რიდერები წიგნის კითხვის გარდა არაფრისთვის გამოდგება. ამიტომ არ მიაქციო ყურადღება არც ერთ ფუნქციას, რომელიც წიგნების კითხვასთან არ არის დაკავშირებული. თამაშები მოყვება? MP3-ებს უკრავს? არა აქვს მნიშვნელობა! მაგისთვის ტელეფონი გაქვს. ინტერნეტში შედის? არა აქვს მნიშვნელობა! რიდერის ეკრანი საიტების უმეტესობას ცუდად აჩვენებს.

რიდერის მთელი ხიბლი სპეციალური, „ელექტრონული მელნის“ ტექნოლოგიის ეკრანია, რომელიც ძალიან ჰგავს დაბეჭდილ გვერდს და ცოტა ენერგიას მოიხმარს - დასასვენებლად რომ წახვალ, დამტენის წაღებაც კი არ დაგჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგია დიდად არ შეცვლილა (ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც იყიდება, ამათ შორის.)  თანამედროვე რიდერების უმეტესობას ერთმანეთის მსგავსი ეკრანები აქვს - ზოგი ოდნავ უკეთესია, ზოგი ოდნავ უარესი, მაგრამ დიდი განსხვავება აქ არ არის.

განსხვავება არის ფასში, წონაში (რაც ნაკლები, მით უკეთესი. ცალ ხელში რომ კომფორტულად გეჭიროს), გამოყენებული მასალის ხარისხში (დიდხანს რომ გაძლოს), დეტალებში (რამდენად მოხერხებულადაა განლაგებული წიგნის გადასაფურცლი კლავიშები, რამდენად იოლად ეჭირება ხელი...) და რიდერთან დაკავშირებულ წიგნის მაღაზიების ხარისხში (ყველა კარგი რიდერი რომელიმე მაღაზიასთანაა კავშირში). წესიერი რიდერისთვის ნაყიდი წიგნი არ გეკარგება. ის ინტერნეტში, შენს სივრცეში ინახება და მისი წაკითხვა შეგიძლია როგორც ამ მკითხველზე, ისე პლანშეტზე ან ტელეფონზე. თუ რიდერი გაგიფუჭდა და ახალი იყიდე, შეგეძლება, ხელახლა  ჩამოტვირთო. ისე, ნუ გეშინია, მეკობრული წიგნების ჩაწერაც ყველაზე შეიძლება. ერთის ფორმატი მეორეზე არ წავა, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის - პირატული წიგნები ყველა ფორმატისთვის მრავლადაა.

ასევე, Kindle Fire, Nook Color და სხვა დღეს არსებული ნებისმიერი ფერადეკრანიანი ხელსაწყო რიდერი არ არის. ეგენი პლანშეტებია, თან არცთუ ძალიან კარგი. მაგათ სხვანაირი ეკრანები აქვთ და დაივიწყე.

ახლა უშუალოდ რიდერების ბრენდებზე გადავალ, თორემ უკულტურო დევი ხინკლების ბოლოშია გასული, ჩანგალს ლოკავს და მუშტრის თვალით მიყურებს.

3. „კინდლი“, „ნუკი“, „იოტა“ თუ რა? 

ჯერ ერთი, ამათ გარდა კიდევ არის „კობო“, ”სონის” რიდერები და უამრავი სხვა, ნაკლებად ცნობილი ბრენდი. ყოველი მათგანის პლუსებისა და მინუსების აღწერას კარგა მოზრდილი დისერტაცია დასჭირდებოდა. ამიტომ მსჯელობას გამოვტოვებ და პირდაპირ დასკვნებზე გადავალ (ჩემი ხომ გჯერა?).

თუ ქართული ელექტრონული წიგნების ყიდვას აპირებ, მაშინ არჩევანი არა გაქვს - უნდა იყიდო ”იოტა რიდერი”. სხვა რიდერები ქართულ შრიფტს კი წაიკითხავს, მაგრამ მათთვის წიგნებს ქართულ ენაზე ძნელად თუ იშოვი. ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზია არის lit.ge და მასზე ნაყიდი წიგნები სხვა რიდერზე არ წავა. თუმცა,  „იოტას“ ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევ, თუ აი, აუცილებლად უნდა გქონდე რიდერი, სადაც ქართულ წიგნებს წაიკითხავ. მე თვითონ „იოტას“ არ ვიყიდდი - ძალიან ძვირია (269 ლარი ღირს), ლიდერ რიდერებთან (პოეტი ვყოფილვარ) შედარებით მოუხერხებელია, უფრო მძიმეა, აკუმულატორი მალე ჯდება (ერთ კვირაში) და, მე თუ მკითხავ, შეუხედავია.

თუ დღესვე გინდა იყიდო, თან მაქსიმალურად იაფად და ხარისხიანად, მაშინ ჩვეულებრივ კინდლს გირჩევდი. 79 დოლარი ღირს (დღევანდელი კურსით 130 ლარზე ნაკლები) და ვირივით მუშაობს. ამ კინდლს რეკლამა მოჰყვება, მაგრამ ის, დამერწმუნე, ხელს საერთოდ არ შეგიშლის  - რეკლამას სკრინსეივერად გიჩვენებს. შეიძლება ასევე 99 დოლარიანი ნუკის ყიდვაც, რომელიც დაახლოებით ეგეთივეა, მაგრამ მე შესახედავად კინდლი უფრო მომწონს. ყოველ შემთხვევაში, თუ ნუკი უფრო მოგივიდა თვალში, მაშინ ეგ იყიდე, არ წააგებ. ასევე, თუ სახელად ნუკი გქვია, მანდაც ბევრი საფიქრალი არაფერია - ნუკის „ნუკი“ უნდა ჰქონდეს (პოეტი ვარ მეთქი! ოღონდ ბანძი).

თუ დღესვე გინდა იყიდო ყველაზე კარგი რიდერი და ფასს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ გირჩევდი 139-დოლარიან ნუკს. ამის ძირითადი ხიბლი ის არის, რომ განათება აქვს „ჩამონტაჟებული“ და კითხვა სიბნელეშიც შეიძლება. (ელექტრონული მელნის ეკრანს, წიგნის ფურცლისა არ იყოს, გარე განათება სჭირდება.)  მე თუ მკითხავ, კარგი ფუნქციაა, მაგრამ 60 დოლარით მეტის გადახდა მაგაში მეტისმეტია. მაინც, თუ პალტონენადა ტიპი ხარ, ეს უნდა იყიდო.

მთავარი რჩევა კი ესაა: თუ შეგიძლია, რომ აუცილებლად, სასწრაფოდ დღესვე არ იყიდო, მოიცადე. ახალი კინდლის გამოსვლის თარიღი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ან ამ ზაფხულს გამოვა და ან, მაქსიმუმ, სექტემბერში. „ამაზონი“ კიდევ ცნობილია იმით, რომ ყოველი ახალი კინდლი წინაზე უკეთესია და თანაც იაფი. მართალია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასი 80 დოლარზე დაბლა ჩამოვიდეს, მაგრამ, მაინც... როგორი იქნება, რიდერი რომ იყიდო და ერთ კვირაში უკეთესი გამოვიდეს იმავე ფასად?

ცუდი იქნება.

PS. წიგნისა და რიდერის შერკინება

ბოლოს, ვიდრე ვინმე იტყოდეს, რად მინდა ელექტრონული ეკრანი, ნამდვილი წიგნის ფურცლების შრაშუნი სულ სხვაა და ქაღალდის სუნს ვერ შეველევიო... ერთი მხრივ, მართალი ხარ, რადგან „ნამდვილ“, აკინძულ წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, არა ხარ მართალი. კითხვა გიყვარს? ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ახლა, ხუთ წუთში, თითქმის ნებისმიერი წიგნი შეიძლება გეჭიროს ხელში (რაღაცები ელექტრონულად არ არის. მაგალითად ეს წიგნი მინდოდა ძალიან, მაგრამ არაო. სამაგიეროდ ათიათასობით სხვა წიგნის წაკითხვა შეიძლება). ფურცლებს ვერ გადაკეცავ, სახელს ვერ დააწერ, ვერ დაყნოსავ, მაგრამ წაიკითხავ. რა ჯობია მაგას?

ასეთ ამბავს მოგიყვებით. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც საყვარელმა დეიდამ ფილიპ ფარმერის „მდინარის სამყაროს“ პირველი წიგნი მათხოვა (ცხადია, რუსულად იყო. მაშინ ფანტასტიკას ქართულად ვერ შეხვდებოდი). შეცდომა დავუშვი და შეღამებულზე დავჯექი წასაკითხად. ბოლოსკენ რომ გავედი, უკვე თენდებოდა. უძილობისგან ცოტა დარეტიანებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, ახლა, ამას რომ მოვრჩები უკვე დილა იქნება, ჰოდა, გავვარდები და გაგრძელებას ვიყიდი, ძილის დედაც, ჯეკ, და სკოლაც მოითმენს-მეთქი.

ჩემი ფეხები. ოკუპანტებს მეორე წიგნი ნათარგმნი ჯერ არ ჰქონდათ. ან, იქნებ ჰქონდათ და ჩვენთან არ ჩამოეტანათ. ასეა თუ ისე, გაგრძელება არსად იყიდებოდა. არსად! კვირაში ერთხელ დავივლიდი ხოლმე მაღაზიებს - იქნებ და სადმე მენახა. ერთხელ დამესიზმრა კიდეც, რომ მეორე წიგნი დავინახე მაღაზიაში. აი, ეგრე ვიყავი. რა ფურცლების შრაშუნი და რის მელნის სუნი! ხელმახინჯ ნიკუშას (ჩემი გამოგონილი პერსონაჟია. საშინელი ხელწერა აქვს) თავისი გადაწერილი ასლი რომ მოეცა, დავუკოცნიდი იმ მახინჯ ხელს.

ჰოდა, იცი, რამდენ ხანს ველოდე გაგრძელებას? იმდენ ხანს, რომ, როდესაც წაკითხვის საშუალება მომეცა, სულ აღარ მაინტერესებდა. მეორე წიგნის შუაში ვიყავი, როდესაც მივაგდე და დანარჩენი „ვიკიპედიაში“ წავიკითხე. განა ცუდი იყო, ან რამე ეგეთი. არა. ყმაწვილკაცობისას გადავყლაპავდი მაგას. უბრალოდ, აღარ ვიყავი მაგისი მუშტარი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ წიგნის სუნი კარგია, მაგრამ ყნოსვას ისევ კითხვა მირჩევნია.

შეცდომის გასწორება: 99 დოლარიანი ნუკის ფასი მქონდა მითითებული 79 დოლარად. მადლობა მკითხველს, რომ შეგვისწორა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: J საიდან გვწერთ: ......
19.07.2012 22:05
რამე საინტერესოს ველოდებოდი ამ ბლოგსი......რა ხდება ნიკ ეს რა თემა გააძრე.......ჰაჰ.....

ავტორი: lela საიდან გვწერთ: tiflisi
16.07.2012 14:45
დიდი მადლობა ნიკოს! საინტერესო და სასარგებლო ბლოგია...ნიკო,თუ შეგიძლიათ,ნუ დაიზარებთ და რუსულენოვან ტექსტებზეც გვითხარით ორი სიტყვით... რომელი რიდერია ამ მხრივ უკეთესი? და საერთოდ: თუკი ძირითადად ვარ რუსულ და ქართულ ენებზე მკითხველი, თუმცა ინგლისურსაც ვცდილობ...რას მირჩევთ,რომელი წამკითხველი იქნება ჩემთვის ოპტიმალური?
წინასწარ გიხდით მადლობას!

ავტორი: mia საიდან გვწერთ: berlinidan
14.07.2012 15:27
სონის რიდერ-ი არ იყიდება თბილისში, თუ რატომ არ არის თქვენს მიმოხილვაში?

ავტორი: PRS-T1 საიდან გვწერთ: Sonyland
14.07.2012 14:54
სამწუხაროა, რომ სტატიაში დაიგნორებულია სონის შესანიშნავი რიდერი - Sony PRS-T1
http://www.amazon.com/Sony-PRS-T1-Digital-E-Ink-eReader/dp/B005MIZKW8
რომელსის შესანიშნავი ხარისხის გარდა გამოირჩევა იმით რომ ანდროიდის სისტემაზეა, ანუ შეგეძლებათ ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზიიდან შეიძინოთ და იკითხოთ წიგნები (ლიტ.გე) და როგორც დაანონსდა მას უახლოეს მომავალში ბაზარზე შეუერთდება კიდევ ერთი ქართული ელწიგნების გამომცემლობა (თბს და საბას პროექტი, პირველ ეტაპზე 1500 წიგნზეა საუბარიო). რაც კინდლზე გამორიცხულია, ვინაიდან ანდროიდზე არაა. კი, ცოტა ძვირი ღირს სონი (ამ მომენტში 129$) მაგრამ ის, ვინც ირჩევს საუკეთესოს არ მოერიდება მეტის გადახდას.
ისე PRS-T2 გამოდის უახლოეს 2 თვეში, 139$ იქნება სავარაუდო ფასი, ვისაც ჯერ არ უყიდია და ძალიან არ ეჩქარება ვურჩევდი დაიცადოს :)

ავტორი: მკითხველი საიდან გვწერთ: ბიბლიოთეკიდან
14.07.2012 02:49
არსებობს app როლელიც PDF ფაილს გარდაქმნის ფაილებად, რომლებიც უმეტეს რიდერებში გამოიყენება.
http://calibre-ebook.com/

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: კახეთი
12.07.2012 23:14
ნიკო, დიდი მადლობა სტატიისთვის. მართლა ძალიან სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაა ჩემთვის. იმასაც გეტყვით, რომ ამ სტატიით ჩემს 14 წლის გოგონას კიდევ უფრო გაუმძაფრდა წიგნთან კონტაქტის სურვილი, რაც ძალიან დასაფასებელია. ვინაიდან ამ ტექნიკური ხელსაწყოების დიდად არაფერი გამეგება, ეგებ უფრო კონკრეტული რჩევა მოგეცათ, რა ტიპის რიდერი ვუყიდო, ინგლისურ ენოვანი წიგნების კითხვა ძალიან უყვარს. გმადლობთ.
პასუხი

ავტორი: ნიკო
13.07.2012 18:25
მეტი კონკრეტული რაღა ვთქვა :) თუ ახლავე ყიდულობ, 80დოლარიანი კინდლი, თუ არადა მოიცადე ერთი თვე და ახალი რაც გამოვა ის.

ავტორი: Alex საიდან გვწერთ: საქართველო
12.07.2012 23:06
ქინდლშიც შეიძლება ქართულად კითხვა, ოღონდ მარტო უნიკოდის მაგრამ ეგ არ მიშლის ხელს. გადაიყვან კომპზე ბოლობოლლო და ეგაა.
http://clouds.ge/ebook აქ არის ქართული წიგნები epub და Kindle-ის ფორმატშიც და ემატება თითქმის ყოველდღე.
თან მაქ ნებისმიერ რეგისტრირებულ წევრს შეუძლია დაამატოს წიგნი და გაუზიაროს სხვას.

ავტორი: ნიკა საიდან გვწერთ: თბილისი
12.07.2012 21:05
1."ქინდელ ფაიარ" ვიყიდე ქართულ ფონტს არ კითხულობს მაინტერესებს შეიძლება საიდანმე გადმოვიწერო ქართული ფონტი ?
2.საიდან შეიძლება პირატული წიგნების გადმოწერა ? ... და მაინტერესებს გადმოწერისთვის საჭიროა იუესბე კაბელის ყიდვა თუ პირდაპირ შემიძლია გადმოწერა ქინდლიდან?
პასუხი

ავტორი: ნიკო
13.07.2012 18:25
1. ”ფაია” პლანშეტია, რიდერი არ არის. ქართული ფონტების წესით უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ მგონი root უნდა გქონდეს. თუ არ იცი რა არის, მაშინ სავარაუდოდ შენით ვერ დააყენებ და ვინმეს უნდა სთხოლო. 2. პირატულ წიგნებს, მოდი, არ გეტყვი :)

ავტორი: Giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
12.07.2012 15:30
კინდლს ლექსიკონი ან აუდიო რიდერი აქვს? ასევე სატენი ცალკე უნდა ვიყიდო?
პასუხი

ავტორი: ნიკო
13.07.2012 18:22
ლექსიკონი ყველა კინდლს მოყვება. აუდიო 80 დოლარიანს არა აქვს, დანარჩენებს აქვთ. სატენი მოყვება - სტანდარტული მიკროUSB შესარჭობია, ყველა ახალ ტელეფონს რომ აქვს ხოლმე, ისეთი.

ავტორი: ანონიმი
12.07.2012 13:03
მაინც, თუ პალტონენადა ტიპი ხარ, ეს უნდა იყიდო."

პალტონენდა რა არის?
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 13:36
”პალტო ნე ნადა” - ძველი ანეგდოტია ტიპზე, რომელიც გადასხდელში პალტოს დატოვებს, რათა ხელგაშლილი გამოჩნდეს,.

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თბ
12.07.2012 11:14
გვანცას და ნიკოს კომენტარებში კინდლის ჩამოტანაზე იყო საუბარი - ჩამოტანა სულ არ არის საჭირო, უკვე აქვე იყიდება, ალტაში. ამასწინათ ვუყიდეთ მეგობარს საჩუქრად. ფასიც, რამდენადაც მახსოვს, 80$-თან მიახლოებულია.
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 11:43
ალტას ოფიციალურ საიტზე ფასი მითითებულია 189 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

ავტორი: მერო
12.07.2012 09:11
ძალიან კარგი პოსტია მართლა.. სანამ ვიყიდდი , მანამდე რომ წამეკითხა კამყოფილი ვიქნებოდი უფრო ალბათ:)
თავად კინდლი მაქვს კლავიატურიანი და ძალიან-ძალიან კმაყოფილი ვარ, მოსახერხებელი, მსუბუქი, დიზაინი ლამაზი, ელემენტი ხომ დიდხანს უძლებს+ ამაზონის შესაშურზე ოდნავ უფრო მაგარი მომსახურება, ერთი თვის წინ კინდლი გამიფუჭდა და სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნეს ჩემი ახალი პატარა "ტენდი"(ჩემი კინდლის სახელია;))
წიგნებს რაც შეეხება მე დისკომფორტი არ მქონია.. ნუ უშუალოდ ქართული წიგნების ნახვა რთულია ცოტა არ იყოს მაგრამ რუსული და უცხოური იმდენია დაიღლები მხოლოდ თვალიერებით(კითხვაზე რომ გადახვალ ეგ უკვე სხვა სიამოვნებაა)))
ერთი სიტყვით ნიკოს მადლობა და მომავალ ე-რიდერომანებს წარმატებები:)

ავტორი: იკა საიდან გვწერთ: პირველი დედაქალაქიდან
12.07.2012 08:51
ავტორი: ნიკო
11.07.2012 16:00
ვახ, რითი გირჩევნით კლავიატურიანი უკლავიატუროს? უფრო ძვირია, ცოტა დიდია კლავიატურაც მე ვერაფერში გამოვიყენე :)

კლავიატურას მეც ვერაფერში ვიყენებ, რასაკვირველია :) ერთი ისაა რომ ერთი წლის წინ სწორედ Kindle Keyboard მაჩუქეს და... პირველი სიყვარულია :) თან როგორი მიჩვევა იცის.
ისე კლავიატურის გარეშე რაღაც მოუხელთებელია, ისეთი შეგრძნება მრჩება, ოთკუთხედი წიგნის, აი ერლომ ახვლედიანის წიგნებს რომ გამოსცემდნენ ხოლმე... მოკლედ კლავიატურა ზედმეტია, გამოუსადეგარი, მაგრამ მთლიანობაში კომფორტულია.
წიგნის სუნის მოყვარულებმა კი აღიარეთ რომ ის სუნი აღარ აქვს წიგნებს, ადრე რომ ჰქონდა... თუ დააკვირდებით გემოდიფიცირებულ ხე-ტყის მასალას იყენებენ ამ ბოლო დროს, თურქულს რასაკვირველია და თუ კარგად შეიყნოსავთ აღმოაჩენთ, რომ დაჰკარგვია წიგნს ის სურნელი ჩვენი მამა-პაპის ბიბლიოთეკებში რომ დაჰქროდა :)))
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 11:44
აბა, პირველ სიყვარულს რა გაეჯიბრება :) ისე, ამ პატარა კინდლმაც ცოტა ხანში მიჩვევა იცის. ფოტოებზე მეც არ აღმაფრთოვანა, მაგრამ ეხლა უკვე ამას მივეჩვიე და კლავიატურიანი მეჩვენება დიდად (რეალურად სულ ოდნავაა დიდი).

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
12.07.2012 01:27
შენ კი არა მე ვერ გავიგე ნიკო

პლანშეტების და ეგეთი სათამაშოების მიმოხილვას არ მოველოდი ;)

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
11.07.2012 23:38
ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩა ნიკო. ყველა რიდერზე რომელსაც 6-იანი ან 7-იანი ეკრანი აქვს ნორმალურად ვერ წაიკითხავ დასკანერებულ წიგნებს პდფ ფორმატში. არადა ინტერნეტში მათი რიცხვი ძალზედ დიდია. დასკანერებული პდფ ფაილი აღიქმება როგორც ფოტო ფაილი და მისი გადიდება ხდება მთლიანად და არა შრიფტის სინქრონულად, ამით კი კითხვა ძალიან ძნელდება. ხელით უნდა გაწიო და გამოწიო გვერდი რაც ძალზედ მოუხერხებელია. ეს გახდა მიზეზი რატომაც არ ვიყიდე იაფიანი კინდელი. შემდეგ ჩავეძიე ფორუმებს და აღმოჩნდა რომ ყველა რიდერი რომესლაც აქვს 9,7-იანი ეკრანი პირდაპირ კითხულობს დასკანერებულ ფაილს. გაფართოება იმდენად დიდია რომ ფაილი ადვილად იკითხება, თუმცა აქაც თუ მოგინდება კიდევ უფრო გადიდება ანალოგიური პორბლემა შეგექმნება. ხოდა ეს ხსენებული 9,7 -იანი რიდერი აქვს ამაზონს და ქვია DX და საკმაოდ ძვირი ღირს 379 $. ამიტომ ვისაც ანალოგიურ ფაილების კითხა აქვს გადაწყვეტილი გაითვალისწინოს ეს გარემოება.
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 00:20
ეგ არ გამომრჩა, გამოვტოვე :) მადლობა, რომ დაამატე.

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
11.07.2012 23:35
ძალიან კარგი სტატიაა! აი, ზუსტად ახლა მჭირდებოდა.

მომიტევეთ გაუთვითცნობიერებლობა (აუჰ, რამსიგრძეა!) და ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. გერმანულენოვან ამაზონზე 79$-იანი ქინდლი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკულზე. ვიფიქრე, ამერიკულზე შევუკვეთავ-თქო, მაგრამ იმის საშიშროება ხომ არაა, რომ რაც კი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა უფასოდ აქვს ამაზონს, მხოლოდ ინგლისურად იქნება და არა გერმანულად? თუ ვინმემ იცით ამის შესახებ, ძალიან დამავალებთ და გამახარებთ პასუხით. გმადლობთ.
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 00:28
ისიც გაითვალისწინე, რომ ამაზონი წიგნების არჩევანს იმის მიხედვით გაჩვენებს, თუ რა ქვეყანაშ მცხოვრები ჰგონიხარ. მე ვატყუებ, რომ ამერიკაში ვარ და მეტს მაჩვენებს...
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 00:17
მაკო, მაგის საშიშროება წესით არ არის. ეგ ერთი კინდლია, სხვადასხვა ფასით. (ეს 99 ევრო მართლა რა უბედურებაა). თან კლასიკა მარტო ამაზონზე არ არის უფასოდ... მოკლედ, იყიდე ამერიკაში. ოღონდ, დააცადე ცოტა :)

ავტორი: Tbili საიდან გვწერთ: TBilisi
11.07.2012 22:06
uimeee! am nikom kidev maxinji nikushas xelis neka titze rom daceros, albat imasac eseti xorxocit cavikitxav rogroc amas da nebismier blogs:D:D:D nu talanti ra. vgijdebi<3

hoda niko, am yvelafris garda, fasebshi gansxvavebaze ratom ar isaubre? anu suni da rame kargia, magram realurad kindle an sxva e-reader ufro iafi jdeba. da mxatvrul ganatlebas rom tavi davanebot, studentebo, Tbilishi rom ori cignia natargmni titoeul universitetshi, e readerit bevr karg cigns gadmotvirtavt da miigebt samecniero ganatlebas! :)))

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
11.07.2012 21:00
ნიკო

ეს რა არის?
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 00:16
ტუტუცი, ვერ გევიგე?

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
11.07.2012 20:39
sony prs-T1-ის დარუთვის შემდეგ შეგიძლია ლიტ.გე-ს აპლიკაცია ჩაწერო და წაიკითხო მათი წიგნები. ქართულ წიგნების წაკითხვა თუ გინდა მაშინ სონი არის საუკეთესო.
პასუხი

ავტორი: ნიკო
12.07.2012 00:17
მადლობა, შალვა. საჭირო ინფორმაციაა.

ავტორი: დელფი საიდან გვწერთ: თბილისი
11.07.2012 17:43
უკვე წელზე მეტია ვსარგებლობ Sony PRS-650-ით და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეს მოდელი ავირჩიე და არა Amazon Kindle, ePUB-ფორმატის მხარდაჭერაა. ამ ფორმატში რამდენიმე ათეული ათასი წიგნი მაქვს რომლებიც 32 გბიატიან SD Card-ში განვათავსე და ეს ბარათი სონიში მოვათავსე.
არაჩვეულებრივია! ყველა ის წიგნი, რაზეც მრავალი წელი ვოცნებობდი და რომლებიც რომ შემეძინა, არც სახლში და არც მეზობელთან არ დამეტეოდა, ერთი ციცქნა ბარათში მაქვს მოთავსებული!
ავტორს მადლობა სტატიისათვის, ქართველ გამომცემლობებს კი ვთხოვდი, რომ „აღმოაჩინონ“ ისეთი რამ, რასაც Amazon Book Store და Apple iBook Store ჰქვია, განათავსონ ქართულენოვანი წიგნები ამ მაღაზიებში და ამით მოგვცენ საშუალება ყოველგვარი დაბალხარისხოვნაი იოტების გარეშე იმ მოწყობილობაზე წავიკითხოთ წიგნი, რომელზეც ჩვენ გვსურს!
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 18:27
თავიდან მეც ეგრე ვქენი (ჩემს კინდლზე ათასობით არ ეტევა, მაგრამ ასობით ჩავწერე). მერე რა დამემართა იცი? ვერ ვკითხულობდი. ერთს დავიწყებდი, მივაგდებდი, მეორეს დავიწყებდი, მივაგდებდი და, მოკლედ, გავიტანჯე. მერე წავშალე ყველა და ეხლა 10-ოდე მაქვს. რომ ვამთავრებ მერე ვწერ ახლებს და ვარ უკეთესად.

ავტორი: Lord Vader საიდან გვწერთ: პლანეტა კორიბანიდან
11.07.2012 17:17
იოტა ლიტ.ჯიდან ნაყიდ წიგნებს ინახავს სერვერზე. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს იოტას ეფლიქეიშენი Кindle Fire-ზე და ასე იქცევა. სხვა წიგნების შენახვის ფუნქცია არ აქვს.
მართალია, ქინდლის მსგავსად სხვა რიდერებიც გჩუქნიან სივრცეს სერვერზე - ნიუქიც, კობოც... მაინც ვფიქრობ, ქინდლს აქვს პლიუსი, ჯერ ერთი ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაზეა მიბმული. თან ამაზონი ზოგადად არაჩვეულებრივი კომპანიაა, რაც შეეხება მომსახურებას და შეთავაზებულ სერვისს. ამასწინათ ერთ ქინდლომანს თავისი რიდერი მატარებლიდან გადაუვარდა. :) მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო ვადა გასული იყო - ამაზონის სერვიც ოფიცერმა თავად შესთავაზა, საფოსტო ხარჯები დაფარეთ და უსასყიდლოდ გამოგიცვლითო.

მეც ქიბორდიანი ქინდლი მაქვს. მე-3.
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 17:25
ხო, ამაზონის სერვისი განთქმულია. საკუთარის აშენებას, Death star რომ გეყიდა მაგათგან უფასოდ გამოგივლიდნენ. (ხუმრობის მცდელობა იყო ჩემი მხრიდან). http://laughingsquid.com/wp-content/uploads/depressed-stormtrooper-20080528-084411.jpg

ავტორი: იკა საიდან გვწერთ: პირველი დედაქალაქიდან
11.07.2012 15:55
რასაკვირველია Kindle Keyboard :) შესანიშნავია... მაპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ ჯადოსნური flibusta.net
დაივიწყეთ განათებაც და ჩასადებიც, ზედმეტია ეგ ყველაფერი
ასევე დაივიწყეთ (დიდი ბოდიში) იოტა, სამწუხაროდ ქართული პროდუქცია ყოველთვის არ გამოდის ხოლმე ,,ისეთი"...
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 16:00
ვახ, რითი გირჩევნით კლავიატურიანი უკლავიატუროს? უფრო ძვირია, ცოტა დიდია კლავიატურაც მე ვერაფერში გამოვიყენე :)

ავტორი: GERMANE
11.07.2012 15:37
უკაცრავად მაგრამ, ასე ყველა ანკესებზე როგორ უნდა წამოვეგოთ ქართველები?
ეს რაიდერ-კინდელები საქართველოში ისე ვერბოვკდება, თითქოსდა უცხოეთში, დასავლეთში ეს მოდა იყოს და ისე გიჟდებოდნენ ამ "ნუკებზე", ვითომდა წიგნის სახელიც დავიწყებოდეთ.

მაშ ასე - რეალობას გაუმარჯოს:

უცხოეთში ახალგაზრდობას აქვს აიფონი, სმარტ-ფონი, ტაბლეტი და ამგვარები და წიგნი.
ბავშვებს აქვთ ნინტენდო 3 დეესი ან მისი საძმო ნორმალურ წიგნთან ერთად.
დანარჩენები ფლობენ ამ ზემოხსენებულებსაც ყველაფერს და წიგნს.
კინდელ-მინდელები და ნუკა-ბუკები აქ არაა INN,
მე მხოლოდ ფილოსოფოს-, ფსიქოლოგ და სოციალპედაგოგ სტუდენტებთან თუ მინახავს, თანაც ისე, სპორადულად.

ვისაც აუცილებლად სურს ელექტრონული წიგნების კითხვა, ყველაზე უფრო მოდერნულია ტაბლეტზე ჩამოტვირთვა - იაფია, სწრაფია, არ გინდა არაფრის ჩაკვეხებ-ჩამოკვეხება.

რატომ უნდა ვუსაღებდეთ დასავლეთს იმ აპარატურას, რომელმაც ბაზარზე შემოსვლამდე უკვე თავის დრო მოსჭამა და ახლა აღარ იციან რა უყონ უკვე წარმოებულ ნაგავს და არ იციან როგორ გაამართლონ ჩინური მცდარი ინვესტიციები?

და საერთოდ - შავ-თეთრებისა და დანაწევრებული მედიების დრო წავიდა - ახლა უკვე კარგა ხანია დადგა დრო - ერთში ყველაფერი: ან ტაბლეტში, ან სმარტ- და ან აიფონში (ან კონკურენტებში).
გაქვს ერთი ხელსაწყო, სხვადასხვა პორტაბელური ნაწილებით, რომლითაც ყველაფერს აკეთებ - ტელეფონირებ, გუგლაობ, კითხულობ, წერ, აკარტოჩკებ, კომუნიცირებ და შემოქმედებ რა ერთი სიტყვით.

ნუ იყიდით ნურც ნუკებს, ნურც რადერებსა და ნურც კინდელებს - დაკარგული და გაბანძებული ინვესტიციაა.
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:55
აი, რა შუაშია "ქართველების ანკესზე წამოგება"? ტელეფონშიც წამიკითხავს წიგნი და პლანშეტზეც, მაგრამ რიდერს მოსახერხებლობით მხოლოდ ნამდვილი წიგნი ჯობნის.

ავტორი: პაატა საიდან გვწერთ: თბილისი
11.07.2012 15:18
მთლიანობაში კარგი სტატიაა, ავტორს ალბათ არ ეწყინება თუ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ. ნუკი 79 დოლარი არ ღირს. ის ნუკი, რომლის ბმულიც ყავს ავტორს მოყვანილი, სინამდვილეში 99 დოლარიანია. მე საკმაოდ დიდი ხანი ვტესტავდი ნუკსას და ქინდლსაც და მიმაჩნია, რომ ნუკი ანალოგიურ ქინდლთან (რომელსაც უკაბელო ინტერნეტის მხარდაჭერა აქვს) გაცილებით უკეთესი რიდერია, სხვა მრავალთან ერთად მისი უმთავრესი უპირატესობა ანდროიდის ოპერაციული სისტემაა, რომელიც კასტომიზებულ ლინუქსს ყოველთვის აჯობებს :) იმავე უპირატესობა აქვს სონი რიდერსაც, რომელიც გაყიდვებით მსოფლიო სამეულშია და რატომღაც გამორჩენილია ამ განხილვაში.
იოტა რიდერს დატენვა ერთ კვირაზე გაცილებით დიდხანს ყოფნის, თუ რა თქმა უნდ ამთელი დღე ინტერნეტი არ გაქვს ჩართული და საიტებზე არ დადიხარ, რაც, როგორც ავტორი აღნიშნავს ნებისმიერი რიდერის შემთხვევაში წარმოუდგენელია :)
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:44
არა, რატო მეწყინება :) ფასის შესწორებაზე მადლობას გეტყვი. რატო მომეჩვენა 79-ად არ ვიცი (კაი ხნის წინ ქონდა ნუკს სეილი და 79-ად იყიდებოდა და ეტყობა ის ჩამრჩა). ტექსტს ჩავასწორებ. იაფიანი რიდერის შემთხვევაში ოპერაციული სისტემის უპირატესობას ვერ ვხედავ და მომკალი - წიგნს ჩართავ და ჩართულია. ფუნქცია მაინც ბევრი სხვა არა აქვს. სონი გამოვტოვე, იმიტომ რომ პირდაპირ დასკვნებზე გადავედი და მეგობას მაინც კინდლს ვურჩევდი. იოტას ერთი კვირა ოფიციალური ხდკ-დან ავიღე (http://lit.ge/%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/), სადაც კი აღნიშნულია, ერთი კვირა სტილუსის ხშირი გამოყენების და ინტერნეტის შემთხვევაშიო, მაგრამ სხვა ვადა არ ეწერა და ეგ ავიღე.

ავტორი: Lord Vader საიდან გვწერთ: პლანეტა კორიბანიდან
11.07.2012 14:47
ნიკო, ქინდლი არ გაქვთ ხომ? :)
იმიტომ რომ ქინდლის შემთხვევაში ინტერნეტთან კავშირი ძალიანაც მნიშვნელოვანია. ქინდლს მოყვება წიგნების კარადა ამაზონის სერვერზე, სადაც მე პირადად მთელ ჩემს ბიბლიოთეკას ვინახავ.
როცა გინდა ჩამოქაჩავ, რასაც გინდა ჩამოქაჩავ. წაიკითხავ - წაშლი. ამაზონი იმახსოვრებს სად გაჩერდი და შემდეგ ჩამოქაჩვაზე ისევ იმ ადგილას გადაგიშლის წიგნს... და თუ რამე კომენტარები ან აღნიშნვები დაუმარტე, ან სანიშნეები ჩააწყე ფურცლებს შორის - მაგასაც იმახსოვრებს.
მოკლედ ქინდლის შემთხვევაში - ინტერნეტთან კავშIრი და ამაზონის სერვერთან სინქრონიზაციის უნარი ძალიანაც საჭირო და სასარგებლო ფუნქციაა.
თუ ინგლისურ წიგნებს კითხულობ და ამაზონიდან ქაჩავ - მითუფრო.
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:42
მე თვითონ 80 დოლარიანი კინდლი მაქვს და სახლში კიდევ Kindle 3 გვაქვს (ახლა Keybordად წოდებული). ეგ ფუნქცია მნიშნელოვანია, მაგრამ მარტო კინდლისაც არაა, ქლაუდთან კავშირი ნუკსაც აქვს და ზუსტად იმავეს აკეთებს. (იოტისა არ ვიცი).

ავტორი: lali საიდან გვწერთ: თბილისიდან
11.07.2012 14:40
ნიკო, მართალია, მე ისევ წიგნის ფურცვლა და ასე კითხვა მირჩევნია, მაგრამ დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს პუბლიკაციებს და გისმენთ. ამ გვერდის ერთ-ერთ საინტერესო ავტორად მიმაჩნიხართ. წარმატებებს გისურვებთ. . .

ავტორი: Sally საიდან გვწერთ: aqedan
11.07.2012 13:18
aaaawww aren't you sweet Niko? :D

ავტორი: იაგო ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისი
11.07.2012 13:02
ამ თემაზე, ყველაზე კარგი პოსტია, რაც ქართულ ენაზე დაწერილა... თუმცა მაქვს შენიშვნები:
1. კინდლის 79 $ –იან აპარატს და 120$ აპარატს (რომელიც საერთოდ არაა ნახსენები) შორის არის განსხვავებები მაგალითად 120$ –იანი ტექსტს კითხულობს (აუდიო), რაც მნიშვნელოვანია.
2.,,სხვა რიდერები ქართულ შრიფტს კი წაიკითხავს, მაგრამ მათთვის წიგნებს ქართულ ენაზე ძნელად თუ იშოვი. " – არ არის ეგ სწორი.... დღეს ყველაფერს იშოვი, გადაიყვანე ვორდში გააგზავნე ,,რაღაცა@KINDLE.СOM" ზე და მოგივა სასურველი ფორმატით, ქართულაცად მათ შორის, აკუთარი ნაწერები მაქვს შესაბამის ფორმატში.
3. ჩვეულებრივი 79$ კინდლი (კლავიატურის გარეშე) ბანძ ვიდზეა,ჩემი აზრით :)
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:38
მადლობა შექებისთვის. შენიშვნებს რაც შეეხება - 1. ხო, სხვებიც არ მიხსენებია (ტაჩი მაგალითად). შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ აუდიოს ხიბლი საერთოდ არ მესმის. ვინც მაგას მნიშვნელობას ანიჭებს, ალბათ მიაგნებს კიდევაც. 2. კინდლის მაილზე ი გააგზავნი ნებისმიერ ფაილს, მაგრამ თავად წიგნი სად უნდა ნახო? ლიტ.გე-ს წიგნები drm-ითაა დაცული და, რამდენადაც ვიცი, არ ტყდება. ისეც, დავძებნე ქართული ელექტრონული წიგნები და ბევრი ვერაფერი ვნახე. 3. ეგ, კაცი ადა გუნება :) ისე, ეკრანზე მეც კლავიატურიანი მერჩივნა, მაგრამ ხელში რომ დავიჭირე ეს უფრო მომეწონა.

ავტორი: ბიო საიდან გვწერთ: home
11.07.2012 12:55
Kindle Keyboard - ჩემთვის ყველაზე კარგი რიდერი სწორედ ეს არის.

ავტორი: Isaac Clarke საიდან გვწერთ: Biopunk Lab
11.07.2012 12:50
ქინდლი ჩემი ფავორიტია. ბარს ენ ნობლს ორგანულად ვერ ვიტან, ვერც მაგათ ინტერნეტ მაღაზიას და შესაბამისად მათი შექმნილი პროდუქტის დანახვაც არ მინდა. რაც შეეხება იოტას. ის წიგნები რომელთა კითხვა მე მომწონს და მიყვარს (საი-ფაი, კიბერპანკი, დარქ ფენტეზი, ბიზარო) ქართულად ნათარგმნი არ არის (ეჭვი რამოდენიმე ათეული წელი კიდევ არ ითარგმნება ისეთ პოლიტიკას აწვებიან გამომცემლები), შესაბამისად იოტაში 120 ლარით მეტის გადახდა არც კი მიფიქრია. თან ქინდლი მჩატეა, მუშაა (ბოლოს როდის დავტენე არც კი მახსოვს) და + ამას წიგნის ფანარიც მაქვს, რომელიც მშვენივრად მაგრდება ქინდლზე.

ჩემი პლიუსი და დიდი პატივისცემა ამაზონს და ქინდლს. :)
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:53
დაგიშავეს რამე ბარნსმა და ნობლმა? :)

ავტორი: სალომე
11.07.2012 12:47
"ელ-მკითხველის" მინუსებში შემდეგს მივამატებდი: მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა და მსუბუქია, პრაქტიკულად დამატებითი ხელსაწყო დაგაქვს მაინც და გულახდილად - ბოლოს როდის კითხულობდი პლიაჟზე? რიდერში ვერ ჩატვირთავ წესიერ სათარგმნ პროგრამებს ა ლია ლინგვო და ა.შ. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი,ა როცა წიგნებს სხვადასხვა ენებზე კითხულობ. რაც შეეხება ფურცლის და ტექნიკის შერკინებას იმო წიგნი უპასუხისმგებლო ფუფუნებაა, რომელზეც საერთო საკაცობრიო ინტერესებში უარი უნდა ვთქვათ, ისევე როგორც გაზეთებზე და ხე-ტყის სხვა ირაციონალურ განადგურებაზე.

ავტორი: გვანცა
11.07.2012 12:25
იოტას ფასი კი შეიძლება დიდი აქვს, მაგრამ ყდა მოყვება, ქინდლისგან განსხვავებით, რომელიც ქინდლისთვის $20-60ის ფარგლებში მერყეობს. პლიუს ჩამოტანა. პლიუს ლოდინი. პლიუს ქართული წიგნების არარსებობა. ამიტომ მარტო შეუხედავობისთვის დაწუნება ცოტა არი იყოს, არასწორია.
პასუხი

ავტორი: ნიკო
11.07.2012 15:36
იოტას კი არ ვერჩი რამეს, მაგრამ მარტო შეუხედავობისათვის არ დამიწუნებია - მძიმეა, მალე ჯდება და ძვირია. კინდლის ჩამოტანა ასე, 6-7 ლარი ჯდება და ლოდინიც ერთი კვირა უნდა.

ავტორი: kea
11.07.2012 11:55
იოტას ფასი არ ითქმის, საქართველოში თუ არ ხარ :))

ავტორი: გვანცა
11.07.2012 11:38
მე ჩემი იოტა ყველაფერს მირჩევნია <3 . ცოტა დიდი ზომისაა, ვიდრე ქინდლი, მაგრამ უფრო ნამდვილ წიგნს გავს ზომებით :) ერთადერთი, რაც თავიდან მეხამუშებოდა, ის იყო, რომ ახალ ფურცელს წინასწარ ვერ ვშლიდი, არადა როცა ჩვეულებრივ წიგნს ვკითხულობ, მომდევნო ფურცელი სულ ხელში მიჭირავს. და იოტას წყალობით ჩემი ჩანთა ერთი-ორი კილოგრამით მსუბუქი მაინც არის. მიხარია.

ყველაზე პოპულარული