ორშაბათი, 28 ივლისი, 2014 თბილისის დრო 10:15

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

კიბოს უჯრედები? არა, მეტასტაზები!

x
ავტორი ნიკო ნერგაძე
1. ოფიციალური ვერსია ასეთია: დანაშაულს ჩადიოდა რამდენიმე კაცი (პრეზიდენტის თქმით, ”კიბოს ცალკეული უჯრედები”), რომლებიც ამაში ფულს იღებდნენ. დამკვეთები კი ისინი იყვნენ, ვინც არჩევნების მოსაგებად ყველაფერს იკადრებს.

ამას არავინ ჭამს. რა ”ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი?” რის ”სისტემური პრობლემა?”

არანაირი სისტემური პრობლემა არ ყოფილა. სისტემას პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვიდეოები გამოაქვეყნეს. მანამდე გამართულად მუშაობდა. ზუსტად ისე, როგორც შემქმნელებს უნდოდათ.

თუ ვინმე ამაზე დავობს, მაშინ ის ან გონებაჩლუნგია და ან, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ნაძირალა.

არაოფიციალური ვერსია ასეთია: პატიმრების წამება ციხეში ბაჩო ახალაიას დროს დაიწყო, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის საბაბით (იმიტომ, რომ ქურდების გაუპატიურება ”შეიძლება”.) შემდეგ ამან მალევე მიიღო სისტემური ხასიათი, იმიტომ, რომ კაცს რომ ხელში „დუბინკას“ დააჭერინებ და ეტყვი - აი, იმას გაურჭეო, მერე აღარც შენ ხარ ადამიანი და აღარც ის. რა გააჩერებს მერე იმას? მით უმეტეს, როცა არც არაფერი აჩერებს. პირიქით - მერე აღმოჩნდა, რომ წამება ეფექტიანი იარაღია. კაცი რომ გიძალიანდება და გეუბნება, ჩამსვი ციხეში, არ მოგცემ ფულსო, მაშინვე უფრო დამყოლი ხდება, როდესაც ვიდეოს აჩვენებენ და ეუბნებიან - აი, ეხლა ეს დაგემართებაო.

ბაჩო ახალაიას მერე ეს პრაქტიკა ჯერ დიმა შაშკინის დროს გაგრძელდა, მერე კი იმ ქალის. ეს არ ყოფილა ”კიბოს ცალკეული უჯრედები”. ეს იყო გაქანებული მეტასტაზები.

საქართველო წლების განმავლობაში ძუძუს აჭმევდა და სასათბურე პირობებს უქმნიდა ქვეწარმავლებს და ტარაკნებს, რომლებიც ციხეში ყოველდღე აწამებდნენ ჯერ ქურდებს, მერე კი ბავშვებს და ფსიქიურად დაავადებულებს.

2. მოხსნეს მინისტრები? არა! ახალაია ”შეძრწუნებული” გადადგა და თქვა, შემაწუხა ამ სინდისმა, ვერ აღვკვეთე ის, რაც ჩემს მერე მოხდებოდაო. წავალო.

მანამდე კი ის ქალი გადადგა - მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერიო. იცი რა? აი, ძალიან, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ვისი ორგანიზებულიც იყო, ის კი არ უნდა გადადგეს ”შეძრწუნებული” და ”შეწუხებული”, არამედ პასუხი უნდა აგოს.

ის, რომ ”ამიერიდან ტუღუში და ზღულაძე დაამყარებენ წესრიგს”, არ ნიშნავს იმას, მანამდე წლების განმავლობაში მიმდინარე უსასტიკესი დანაშაულების გამო მხოლოდ პატარა ტარაკნები უნდა გაიჭყლიტონ.

და იმ სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ზოგადად დანაშაულის, და მით უმეტეს ასეთი ამაზრზენობის და კიდევ უფრო მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილი და ანგარიშებში მითითებული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა ევალებოდათ? ეგ სისტემა კარგად მუშაობს? რეაგირება მოახდინეს? თავის ადგილზე უნდა იყვნენ?

3. რამდენჯერმე წავიკითხე - ”აქამდე რატომ არ იღებდით ხმას, ეხლა აღშფოთდით, ხო? რა, არ იცოდით აქამდე?” იცი რა? ციხეში რომ ხალხს აწამებდნენ ყველას სმენოდა, მაგრამ ”სმენოდა” ერთია და ის მეორეა, სახეზე რომ გაუპატიურებულ ბავშვს აგაფარებენ. ხო, ადამიანის ბუნებაა ეგეთი, სანამ არ ნახავ, ვერ ხვდები ბოლომდე რაზეა ლაპარაკი. აქამდე რომ არ იღებდა ხალხი ხმას, ცუდია, მაგრამ რა, ეხლაც არ ამოიღოს?

4. და კიდე ”რაც ვნახეთ საშინელებაა, მაგრამ...” რა მაგრამ? არავითარი მაგრამ. ”მაგრამ, თუ პატიმრების ბედი ადარდებდათ, თვეების განმავლობაში რატომ არ გამოაქვეყნეს?” შეიძლება არ ადარდებდათ. მაგრამ, ვინც ამას ამბობს, არც მათი უმეტესობა დარდობს პატიმრებზე და უფრო მეტს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მოწმინდოს დამნაშავეებს პირიდან სისხლი.

5. აუ, და კიდე საუბრები იმაზე, რომ ”აჰ, ნეტავ ამან კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნება არ გამოიწვიოს”. მაგის ნიშნები ჩანს სადმე? იმ აქციაზე მყოფი ახალგაზრდა ”მეტალიკის” მაისურს გაიხდის და განაბობას დაიწყებს? და, საერთოდ, წამება სპობს ქურდებს? კრიმინალს სწორედ ისეთი ჰუმანური სასჯელაღსრულების დაწესებულებები კლავს, საჩვენებლად რომ ჰქონდათ ამათ აფარებული. ნორვეგიის გაპრიალებულ ციხეებს, ბათუმის ოჯახური სასტუმროების დიდ ნაწილს რომ ბევრად ჯობია, რეციდივიზმის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ქურდები კი სტალინის საპყრობილეებში გაჩნდნენ.

კიდევ იცი რა? რამდენიმე წლის წინ ბინა გამიქურდეს. არც დავფიქრებულვარ, ისე დავრეკე პოლიციაში. რომ ეპოვნათ და ციხეში ჩაესვათ, კმაყოფილი ვიქნებოდი. ახლა? არც დავრეკავდი და თავისით რომ მოეყვანათ და სახეზე მცოდნოდა ვინაა, ვეტყოდი - არაა ეგ, შეგეშალათ-მეთქი. შხამადაც შეერგოს ჩემი წვალებით ნაყიდი კომპიუტერი და მაშინდელი ჩემი საყვარელი მინიდისკ პლეიერი. მაგისთვის, რაც იმ ჯოჯოხეთში ხდება, მე ადამიანს ვერ გავწირავ. გამოდის რომ მენტალიტეტი ქურდული გამიხდა, არა?

6. აჰ, და კიდევ ”ვიღაცეები ამ ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით იყენებენ”. ბებიათქვენისამ! აბა, რას იზამენ?!

7. და ბოლოს. ტყუის ყველა, ვინც ამბობს, რომ რამე ძალიან გაუკვირდა. ციხეში რომ საშინელებები ხდებოდა, ამის შესახებ გაეგო მთელ საქართველოს. კი, ერთია ”გაეგო” და ”სმენია” და მეორეა, ვიდეოებს რომ ნახავ. კი, ბევრი ვერც წარმოიდგენდა არაადამიანობის იმ დონეს, რაც კადრებშია ნაჩვენები, მაგრამ გაოცებას მხოლოდ სისასტიკის და სადიზმის დონე იწვევს და არა ის, რომ თურმე ეს ხდებოდა.

8. სააკაშვილმა თქვა: ”მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამას აფინანსებდა: ხომ არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებში გაიცვალოს და ყველაფერი ხომ არ შეიძლება პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს".

მიმართვა თუ უნდა, ჩვენ რას გვეუბნება? მიმართოს! ”იმ ადამიანების” სანახავად წასვლა შორს არ მოუწევს.

Tags: ბლოგი,მიხეილ სააკაშვილი,ციხე,ბაჩო ახალაია,პატიმრების წამება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: jongliori საიდან გვწერთ: de
18.10.2012 13:59
...კარგი მნიშნველობა არ აქვს მანამდე რას ვაკეთებდით და რატომ ვიყავითო ჩუმად იტყვის მავანი, ასევე დასძენს სანამ ფაქტს ცხვირთან მომიტანდე მანამ ჩუმად ვარ და ასეთი არისო კაცის ბუნება…

...და მქუხარეა ტაში როცა ეს სიტყვები ისმის...

მაგრამ იქნებ ეს არის ტაში უპასუხისმგებლოთა, რომელთაც მთელი ამ ხნის უპასუხისმგებლობის ჩამორეცხვის შანსი გაუჩნდათ…

დიახ, იქნებ ეხლა გაჩნდა შანსი არ გაწუხებდეს სინდისის გრძნობა იმაზედ რაც აქამდე მძიმე ჯვარივით გედო გულზე, და ეს იქნებ კარგია, იქნებ ეს არის გათავისუფლება, იქნებ ეს არის განწმენდა, იქნებ ეს არის სიმსუბუქე რაც აუცილებელია ღირსეული ქმედებისთვის…

თუმცა საკითხი არც ესე მარტივია. თუ ქმედებას სიმძიმე არ ახლავს, მაშინ კვალს ვერ ტოვებს, როგორც პლასტმასის გუთანი რომელიც ზედაპირზე ფარფატებს და მიწას ვერ მოხნავს...

ქმედების სიმძიმე კი ფიქრი და გააზრებაა სიტუაციის… სიტუაციის გააზრების ხარისხი დამოკიდებულია რამდენად გააზრებულია სიტუაცია ხმაურს გარეთ, ანუ მაშინ როცა სისტემა არ ქუხს და ხმაურობს, რამდენად გრძნობს სისტემას მოქალაქე როცა სისტემა მუშაობს უხმაუროდ, საათივით…

თუ მოქალაქე, ასეთ მდგომარეობაში მყოფი სისტემის მაჯის ცემას ვერ გრძნობს, თუ მოქალაქე ასეთ მდგომარეობაში ვერ ახერხებს სუნთვის შეკვრას და შეგრძნებას მათი ვინც უხმაუროდ ქრებიან, თუ მოქალაქე ტაშს უკრავს უსაფრთხოებას და არ ფიქრობს მიზეზ შედეგობრივობაზე, თუ მოქალაქე იკვებება მედია პროდუქციით რომელიც მასში …

მოკლედ თუ ინდივიდი, ასე სჯობს, ვერ ახერხებს სისტემის გულის ცემის დადგენას და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მაშინ როცა სისტემა 'საათივით მუშაობს' და ხმაურობს მხოლოდ მაშინ როცა სისტემა ჩერდება, ან ჩეპეში ვარდება, მაშინ ესეთი მოქალაქე ფუნდამენტურად ამ სისტემის ნაწილია და ის პასუხისმგებელია სისტემის მუშაობაზე…

ასეთი მოქალაქის ღაწვებიდან მხოლოდ და მხოლოდ ისმის:

-'გასაგებია რომ საჭიროა რომ ადამიანის უფლებები ცოტა ხნით უკან გადავდოთ, როცა საქმე უსაფრთხობეას ეხება და იმას რომ ქუჩაში შემიძლია თავისუფლად ფარფატი, მაგრამ მაინცდამაინც ცხვირზე ნუ ამაფარებ, თორემ ხომ იცი რა რეაქცია მაქვს და უნდა მქონდეს როგორც სამყაროს ნაწილს… ხომ ხვდები რომ გამოსავალს არ ტოვებს ეს ქმედება…'

დაახლოებით ასე ჟღერს იმ ყოველი მოქალაქის პროტესტი, რომელიც გუშინ შიზოფრენიულად გაჰკიოდა: მეც გამაუპატიურეთო!

შენ სისტემა დიდი ხანია...

ერთადერთი პრობლემა შენი ისაა რომ შენ არ მოგწონს სექსი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე…

ავტორი: ნიკული საიდან გვწერთ: მას. კომუნიკაციებიდან
17.10.2012 02:32
ასე მახსოვდა რომ აქ კომენტარი დავტოვე, თავის დროზე, მაგრამ დღეს ვეღარ ვიპოვე.... ბატონო შიო რა იყო და ნიკო, გეძებდით ჩემს ფრენდ ლისტში და ვეღარ გიპოვეთ... იმ აქციის პაპარაცული სურათი მინდოდა ამეტვირთა... (რაღა დროს ეგაა)... ეს ის არის რასაც ველოდი, საერთოდ ზოგადად იმას წერ რაც ჩემთან ახლოსაა უბრალოდ თქვენგან განსხვავებით გადმოცემის და "ჩაკვარახჭინების" ნიჭი არ მაქ!!! ყოველი ახალი წინადადების წაკითხვისას ჩემთვის ვბუტბუტებ: ბრავო ნიკო, ბრავო....

ავტორი: ანონიმი
05.10.2012 14:14
ვითომ არ იცით რომ ვინც იხდის, ის უკვეთავს?!

ვითომ ვერ ხვდებით, იმ საშინელი კადრების გამო პასუხი ვის მოეთხოვება და შეკვეთა ვისგან მოდიოდა.

უჰ, უჰ ვითომ რა პაწია მიამიტები ხართ :))

ავტორი: nino საიდან გვწერთ: istanbul
27.09.2012 18:06
ვერ დავასრულე ჩემი კომენტარ. სამწუხაროა რომ like-ს და share-ს გარდა თითქოს სხვა გზა არა დამრჩენია რა. ამის მრცხვენია. მრცხვენია რომ ეს არ ვიცოდი, მრცხვენია რომ ეს ჩემს სამშობლოში ხდება, მრცხვენია რომ ჩემმა სამოქალაქო უფლებებმა და პოლიტიკამ ერთმანეთი გლდანის ციხე-გეტოში გადაკვეთეს, მრცხვენია რომ ვაღიარე მაკიაველიზმი. მიზანი ამართლებს საშუალებას, როცა ვეთანხმები, ბებიამაგისან გამოიყენებენ აბა რას იზამენ და მე ეს მომწონს, მრცხვენია პირველ რიგში იმათი ვინც ეს თავის თავზე იწვნია, ერთ დღეს ჩვენთვის ეს ფურცელი ასე თუ ისე დაიხურება, მოგონებად და ისტორიად იქცევა, მაგრამ ის ადამიანები როგორ შეძლებენ ამ ტკივილით ცხოვრებას, ვერც კი წარმომიდგენია. შეძლებენ კი.............. როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი ერთი ღამის კოშმარული ზმანება იყოს.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: istanbul
27.09.2012 12:49
ყველაზე მეტად იმან გამაოცა როცა ამ საზარელი კადრების მერე ძალიან ბევრი კომენტარი ხომ ვიცოდით რა ხდებოდა. მე არ ვიცოდი, არათუ არ ვიცოდი ვერ წარმომედგინა რომ 21 სააუკუნეში ოსვენციმზე უარესი საწამებელი ადგილები იარსებებდა. და მიკვირს მათ ისედაც რომ იცოდნენ, როგორ ეძინათ. საერთოდ როგორ ცხოვრობდნენ. მე "გაუპატიურებული ბავშვი სახეზე ამაპარეს" მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. დღემდე ასე დავდივარ. გაუპატიურებულბავშაპარებული. და ძალიან მრცხვენია.

ავტორი: lili საიდან გვწერთ: germania
27.09.2012 00:51
ეს დღები ვერ ვიძინებ და სხვა ვერაფერზე ვფიქრობ გარდა ამ საშინელებისა...მრცხვენია როცა მიყვებიან ჩემი უცხოელი მეგობრები შენს ქვეყანაში თურმე რეები ხდებაო. საშინელ სიზმარს გავს ეს ყველაფერი, გამოღვიძება მინდა და ვერ ვიღვიძებ. მეზიზღებით თქვე ნაგვებო, უღმერთოებო, არაკაცებო. როგორ გაუნადგურეს ყველას ვინც ეს გამოსცადა ფსიქიკა...

ავტორი: blablabla საიდან გვწერთ: saxli
26.09.2012 07:33
სად გაქრა კონფრომიზმი,შემგუებლობა,"მერე რა"-ს ძახილი,არაუშავს-ის ფიქრები და რა თქმა უნდა ტერმინი "შუაშიზმი" ???
მაინცდამაინც ეს საშინელება უნდა გვენახა?
ნიკო,შენი წინა სტატიის შემდეგ ეს ახალი რაღაცნაირად შენივე სიტყვებით ცუდ გემოს ტოვებს პირში:)
დაგვიანებული პროტესტია ეს,პოსტ ფაქტუმ პროტესტი

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: NY
26.09.2012 06:53
სამწუხაროა ეს ყველაფერი

ავტორი: anri საიდან გვწერთ: amerika
26.09.2012 02:10
მაკას
ეხლა რა არ იცოდი სანამ ეს მოხდებოდა თუ ვერ იჯერებდი თუ რა დაგემართა გამოგეთქვა პროტესტი მერე არჩევნებს ელოდებოდი? ვიდეო უნდა უყურო მანდამაინც ვიღაცის ფულგადახდილი ვიდეო რომელშიც ვერ გაიგებ რა ფულის გამო გაკეთდა და რა სინამდვილეა? ფული როა მაგ ვიდეოში გადახდილი ეჭვი გეპარება? აყაყანდა გულაჩუყებული ხალხი დირიჟორის ჯოხის აქნევაზე. ასე ძაფებით როდემდე უნდა იმართებოდეთ ხალხო ხან პოზიციის და ხან ოპოზიციის მიერ? შეხედეთ რა იყო და რა არის და გამოიტანეთ გადაწყვეტილება იმის მიხედვით.

ავტორი: თამთა საიდან გვწერთ: თსუ
25.09.2012 21:05
ძალაინ კარგი წერილია.
თავს ვიდანაშაულებდი, მეც ხო "მსმენოდა" ამ საშინელებების შესახებ, მაგარამ რომ "ვნახე"...

შეურაწყოფილი,გულნატკენი ვარ... და კიდევ უფრო მძიმე სიტყვა უნდა არსებობდეს რომ ის გრძნობა თუ ემოცია გამოხატოს რასაც ვგრძნობ ეს ერთი კვირაა...

ავტორი: თსუ საიდან გვწერთ: სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
25.09.2012 20:17
ნიკო ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი სტატიისთვის და კიდევ იმისთვის რომ ყოველ აქციაზე სტუდენტების გვერდით ხარ! ნამდვილად ნიჭიერი და გაბედული პიროვნება ხარ! სიამოვნებით დავესწრებოდი შენს ლექციებს..ძალიან გვიყვარხარ სტუდენტებს და ძალიან გაფასებთ! მადლობა..

ავტორი: nino საიდან გვწერთ: izmiri
24.09.2012 21:22
გული მეწვის. სული მტკივა. მეც პატიმრის მეუგლე ვარ. მაოცებს მინისტრების გამოსვლა და კომენტარები რომ საქმე უნდა გადაეცეს პროკუტარას და გამოდზიება უნდა დაიწყოს...რას იდზიებენ რელური 100 % -იანი ფაკტები აქვტ ტვალწინ....ახალაია სად არი??? რატო არ დააპატიმრეს??? კალმახელიდზე სად არის? რატო არ დააპატიმრეს??? ააა...გადადგნენ..და ეს საკმარისიააა...????? ბატონმა პრეზიდენტმა ბრდზანა რატო აქამდე არ გამოაქვეყნეს ეგ ფაქტები და ვიდეობიო რატო არ მოიტანეს პროკურატურასჰიო...ბატონო პრეზიდენტო როგორ ფიქრობტ ეს ფაქტები რო პროკურატურასჰი მიეტანატ იმ ადამიანს აცოცხლებდიტ??????? მეამაყება რომ ქარტველი ვარ...მაგრამ მრცხვენია რომ ტქვენს მიერ გადაგვარებულ საქარტველოსჰი ვცხოვრობტ

ავტორი: kristina საიდან გვწერთ: axmeta
23.09.2012 19:24
ნიკო გეთანხმები ყველაფერში!

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 18:05
დასამატებილიც არაფერია. შემაძრწუნებელ რეალობაში ვცხოვრობთ! ჩვენთან მართლაც ომი მშვიდობაა, თავისუფლება- მონობა, უცოდინრობა კი - ძალა!!!

ავტორი: eliso საიდან გვწერთ: tbilisi
23.09.2012 17:59
შეუძლებელია არ დაეთანხმო განსაკუთრებით მე7 პუნქტს მახსოვს პატრიარქმა არცთუ დიდიხნის წინ თავის ერთ ერთ ქადაგებაში თქვა; უშველეთ პატიმრებსო, როცა ნათქვამი რჩება უყურადღებოდ მაშინ ფაქტები უნდა ნახო და იმის ძახება რომ ეს ყველაფერი უნდა მიჩქმალულიყო მინიმუმ უზნეობაა და დასტური რომ ყველაფერი ნანახი ქონდათ

ავტორი: achi საიდან გვწერთ: qobuleti
23.09.2012 17:28
yvelaze magari dges tqva amerikashi yovel me4 dges xdeba msgavsio.ragac sayvedur narevi xma qonda ras gadamayolet vigac kriminalebis camebaso tu rac iyo...gvapatiet batono mixeil rom ar gvesmis reformebi rom mtkivneuli procesia,gansakutrebit mashin am reformas cocxit rom gtenian...

ავტორი: ფლამინგო საიდან გვწერთ: ქვეყნიდან სადაც ქუჩაშიც ციხეა
23.09.2012 15:29
იცით რა? სერიოზულად არ მესმის რაში მდგომარეობს არსი კითხვისა: აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეს?
აქამდე იმიტომ არ გამოაქვეყნეს ალბათ რომ ერთი წლის წინ ის საზოგადოებრივი პროტესტი რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, დაპატიმრებებით და დასჯით მადთავრდებოდა და ახლა სწორედ მოახლოებული არჩევნების შიში არ აძლევს ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება, მასობრივად ხალხის მიმართ ძალის გამოყენება კარგს არაფერს მოუტანთ და ამიტომაც მასობრივი წამებები მხოლოდ არჩევნებისშემდგომ პერსპექტივაში გადაუდეს პატიმრებს და თითოოროლა წამება-დაკავების ფაქტით კმაყოფილდებიან.
რაც შეეხება სისტემურ შეცდომას, იგი სისტემური ცვლილებით უნდა გამოსწორდეს და არა ცალკეული ჭანჭიკის შეცვლით.

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
23.09.2012 14:10
ახლა სირბილი და გულში მჯიღის ცემა ზედმეტია. რუსთავში უკვე ბავშვები დარბიან ცოცხებით ხელში და ხალისობენ. ადამიანების ტრაგედიას შოუდ ნუ გადავაქცევთ.(ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს სანახაობა. ერთ კვირაში მაინც არჩევნებია და პარლამენტიც შეიცვლება და შესაბამისად, მთავრობაც. რა აზრი აქვს ახლა აქციების გამართვას?! მთელი ყურადღება არჩევნების ცივილურად ჩატარებისკენ უნდა მივმართოთ. თანაც არ არის საჭირო აგრესია გამოვხატოთ იმათ მიმართ ვინც განსხვავებულად ფიქრობს. უკვე ოცი წელია მხოლოდ დაუნდობლობას ვუყურებთ. გვეყოფა. ჩვენ გვჭირდება გონიერება და რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა. სახელმწიფო სტრუქტურებშიც ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს. რომ გადაეკიდეთ ამ ტუღუშს,უარი უნდა ეთქვა ამ თანამდებობაზეო, მადლობა გადავუხადოთ რომ დათანხმდა. აბა ციხეს ხომ არ დაკეტავდნენ? ვიღაცამ ამ ეტაპზე მაინც ხომ უნდა გააკეთოს საქმე? თანაც პატრულსაც ნუ ჩავაყენებთ ცუდ დღეში, იქაც ხომ ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ. თუკი ერთმანეთზე ვიზრუნებთ, სირთულეებსაც იოლად გადავლახავთ. არეულობები უკვე ვნახეთ და შემდეგ ამ არეულობებით ყოველთვის მედროვეები იხეირებდნენ ხოლმე. ძალიან ბევრს უნდა ახლა ქულები დაიწეროს, ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას.

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
23.09.2012 10:59
ახლა უკვე ვხვდები, მიშა რომ ტრიპაჩობდა: ისეთი სისტემა ავაწყე, ხალხი ჩვენი გამოცდილების გასზიარებლად ჩამოდისო. რამდენიმე დღის შემდეგ, მისმა რუპორმა, რუსთავი-2-მა აჩვენა ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც "ჩვენები" არიგებდნენ ჭკვაზე, თუ როგორ უნდა დაემარცხებინათ კრიმინალი... საინტერესოა, თავისი "ნოუ-ჰაუ" ბოლომდე გაანდეს ყირგიზებს, თუ "მთავარი საიდუმლო"--"ცოცხი სწორ ნაწლავში"--ჩვენი ქვეყნის "აყვავების" მთავარი ფაქტორი, ჩვენთვის შემოინახეს?? ხომ არ დაგვღუპეს და დაგვაქციეს? წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა გერმანიის (და, შესაბამისად ევროკავშირის!) ეკონომიკას, რუსეთს რომ გერმანიაზე, საფრანგეთზე და იტალიაზე უკეთესი ავტომობილების გამოშვება დაეწყო? ჩვენი ვარდკოკორა სადისტი მთავრობა მაპატიებს ამ ირონიას და არ დასვამს საკითხს მაროკოს მეფე ჰუსეინის წინაშე ჩემი დეპორტაციის შესახებ.
ახლა სერიოზულად: ნაცთა მიკროფიურერს ცოტა მეტი წიგნი რომ ჰქონოდა წაკითხული, ეცოდინებოდა, რომ ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრა ასეთი მეთოდებით, პრაქტიკულად შეუძლებელია...ზოგი მაგათი მოწონებული დასავლეთელი მკვლევარი, კლეპტომანიას გენეტიკით ხსნის...მე კი ყველაფერს აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებით ავხსნიდი... ვიდრე ჩვენი ქალები ლუკმაპურის საშოვნელად ევროპელების ბავშვებისა და მოხუცების ღამის ქოთნებს დაატარებენ, ხოლო მათი შვილები ქუჩაში არიან, ქურდული მენტალიტეტის გაქრობას ნუ ელოდებით!
რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, ძალიან ჭკვიანი ნაბიჯია ოპოზიციის მხრიდან, (თუ მათი ხელი ურევია!) სხვანაირად, მიშავიზიების მიერ გამოთაყვანებულ ხალხს, ვერაფერი გამოიყვანდა აბსოლუტური გარინდების მდგომარეობიდან! ნაცებმა ისეთი დარტყმა მიიღეს, რომ წესიერად ჩატარებული არჩევნებისას, ბარიერსაც ვერ გადალახავენ! არ მეგულება არცერთი ნორმალური კაცი, რომელიც, ძალადობის გარეშე, ამათ მისცემდა ხმას! გილოცავთ ქართველებო!!!! აბა შენ იცი ნიკო, კაი ბიჭი იქნები, თუ არ დაბლოკავ!

ავტორი: ნინო
23.09.2012 01:22
ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: დედაქალაქი
22.09.2012 10:42
(საზოგადოების გამოჩენილი სახეებიდან საით დგას უმრავლესობა? საითაა ელიტა? საით დგანან: ხალხისთვის საყვარელი მსახიობები, აღიარებული რეჟისორები, ტიტულოვანი სპორტსმენები, ზოგადად ინტელიგენცია) ბატონო გიორგი, 90-იან წლებში რომ იდგნენ ის ელიტა დგას ეხლაც, მაშინაც იდგნენ მსახიობები, სპორტსმენები და ზოგადად ინტელიგენცია, სამწუხაროდ სწორედ ისინი შევიდნენ შეცდომაში მაშინაც და თუ იმ ასაკის არ ხართ რომ გახსოვდეთ, გადმოცემით მაინც გეცოდინებათ შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.
და რაც შეეხება თქვენს ნათქვამს - საით იხრება ეკლესია? ეკლესია არასოდეს არ იხრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარეს.

ავტორი: aravin საიდან გვწერთ: arsaidan
23.09.2012 00:21
რა აზრი აქვს ამ გულის ფხანას, არ ვიცი, ვიცი რომ ყველა უსუსურები ვართ, რა არჩევნები, 29 წლის ვარ და რამდენნადაც ვიცი არჩევნები სახელმწიფოში ტარდება ხოლმე, ამ ყველაფერს არაფერი აქვს სახელმწიფოსთან, ამ სირაქლემებს ქვიშაში რო აქვთ თავი ჩაყოფილი, პოლიტიკა მაგრად მკიდია, არ მაინტერესებს არჩევნები, ესენი არიან კრიმინალები, და ციხეშია ამათი ადგილი, ოღონდ იმ ციხეში კი არა ნიკო რო ახსენებს ნორვეგიაში გაპრიალებულ ციხეს, დილეგში, დილეგში უნდა ამოხადო სული, დახვრეტაც ბაირამობაა ამათთვის, ყველას ვგულისხმობ მთელ მთავრობას, არ იცოდნენ თურმე ბიჭებმა, ამათი ადგილი პოლიტიკაში და არჩევნებში არაა, თუ მაინცდამაინც უნდათ კენჭისყრა თუ არ ვცდები ამის გაკეთება ციხეში შეუძლიათ თავის კამერაში, იქ გადაწყვიტონ ვინ პატიმარი იქნება, ვინ ბადრაგი, ვინ მინისტრი და ვინ კიდევ საკნის პრეზიდენტი.!!!!

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: თბილისი
23.09.2012 00:13
ანრი, მე არაფერს ვახტები და არ ვამბობ, რომ ის, რასაც შენ ამბობ არ ყოფილა, უბრალოდ არა მგონია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ადრეც იყო, ამართლებს იმას, რომ ეს ახლაც იყოს... შევარდნაძის დროს მე იმ ასაკში არ ვყოფილვარ, რომ პროტესტი გამომეთქვა, მე ახლა მაქვს ამის შესაძლებლობა და ახლა ვაკეთებ...

ავტორი: ანონიმი
22.09.2012 23:56
ანრი, გეთანხმები,
ყბედობა, ყბედობა, თეორიები, თეორიები, ოცნებები, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა მაგრაი პოლიტიკოსია, ოღონდ პასუხისმგებლობის აღება არავის არაფერზე არ უნდა. ოჯახებისთვის ვერ მიუხედიათ, შვილის სკოლაში წაყვანა ეზარებათ და დიდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. რატი ამაღლობელი, ირაკლი კაკაბაძე, ბასა ჯანიკაშვილი და მაგათი მსგავსი მწერალ-პოეტები, მაგონებენ იპოტენტ კაცებს , რომლებსაც არასდროს ჩაუტარებიათ სქესობრივი აქტი, ქალისთვის სიამოვნება არ მიუნიჭებიათ, მაგრამ ლექციებს უკითხავნე ამ თემაზე სტუდენტებს.
გეყოფათ, წერეთ რა , წერეთ და გაანებათ თავი პოლიტიკას, გამსახურდიაზე ხომ ამბობდნენ ლიტერატორი იყო და არა პრეზიდენტიო, ხომ უკვე ვნახეთ რომ თქვენი ვითომდა "ჰუმანური" მედოდებით სახელმწიფო, სახელმწიფო ოოოოო...... ვერ შენდება,
ტუღუში მეორე დღეა მინისტრია და უკვე ტონს უწევს, გააგიჟეს კაცი, უკვე გადადგომაზე საუბრობს, მოდით თქვენ, მოდით, მოუარეთ ქვეყანას...
"განათლებული " ხალხი ხართ და მარტივი ჭეშმარიტება გავიწყდებათ : თეორია და პრაქტიკა არ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს.

ავტორი: mari საიდან გვწერთ: foti
22.09.2012 22:47
ჩემი დროის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ,,ფეისი'' ლექტორებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ვისაც სიმართლის თქმა შეძლებია, კიდევ კარგი . . .

ავტორი: ნინა
22.09.2012 21:51
ნიკო, არასდროს არც ერთ ბლოგს ასე მთლიანად არ დავთანხმებულვარ, როგორც ახლა შენ გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში, რაც დაწერე.

ავტორი: anri საიდან გვწერთ: amerika
22.09.2012 17:28
მაკა ან არ იცი და ლაპარაკობ ან იცი და იმას ლაპარაკობ რაც გაწყობს. კომუნისტების დროს მარტო დაკავებისას ურტყავდნენ და აწამებდნენ და ციხეში არა? ყველამ იცის და იცოდა რაც ხდებოდა ციხეში ქურდები რომ კალგოტკებს აცმევდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს ეხლა გაიგე? შენ ციხეში რა ხდებოდა თუ არ იცი ჯერ იკითხე ეგ იყო კოშმარი კიდე გეუბნები პოლიციისგანაც და კიდევ ქურდებიგანაც. ან უნდა ყოფილიყავი ქურდული სამყაროს ამღიარებელი ან უნდა ჩაგეცვა კალგოტკები. თუ იყავი შავი გეშველებოდა თუ არა და გართმევდნენ, გცემდნენ, გაუპატიურებდნენ... ათასი საშინელება იყო. კიდე გიმეორებ 2 მეგობარი მე შევარდნაძის დროს პოლიციელებმა მომიკლეს ციხეში.
შენ ზვიადის და შევარდნაძის დროს სულ გადაახტი და არაფერი თქვი რა არ იყო უარესი მაგათ დროს? მანდამაინც ვიდეოები უნდა განახონ ხალხო რა დაგემართათ 100 წელია თითქმის საშინელებებს ყვება ხალხი საპატიმროებზე. ზვიადი გამოვაცხადოთ დამნაშავეთ და შევარდნაძეც დავიჭიროთ და ის მინისტრებიც რომლებსაც ამ უწყებებში უმუშავიათ.

ავტორი: marina საიდან გვწერთ: germaniidan
22.09.2012 14:51
მესიამოვნა თქვენი აზრების წაკითხვა, ასე თანმიმდევრულად და სწორად რომ შეაფასეთ არსებული მდგომარეობა. შეიძლება მართლაც ზოგი ამ სიტუაციას იყენებს მთავრობაში მოსასვლელად, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩვენ იმის შიშით ,,ვინმე უარესი არ მოვიდესო" ამ საზარელი ფაქტების ჩადენა უნდა ვაპატიოთ დღევანდელ ხელისუფლებას.

ავტორი: me
22.09.2012 13:14
ნიკო ან გეშლება ან ფარისევლობ! იმედია გეშლება. 99,99999% სწორია მარა 0.000001% არის "უზუსტობა" და იქედან უნდა პრეზიდენტს თვითრეაბილიტაცია ზუსტად - "მიშამ არ უნდა მიმოიხედოს" ნიკო, მიშას ჩვენ უნდა მივხედოთ!!!!!!!!!!!!!!!!! და კიდე, როცა მას მიმართავ როგორც "პრეზიდენტს" არ გეშინია?

ავტორი: ucnobi საიდან გვწერთ: espaneti
22.09.2012 11:54
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
22.09.2012 02:34
6. აჰ, და კიდევ ”ვიღაცეები ამ ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით იყენებენ”. ბებიათქვენისამ! აბა, რას იზამენ?!

ბებიაჩვენის რამ? დააზუსტე ნიკო!
/////////////////////////////////////////////
რამაც გინდა.რაც მთავარია,ბებიათქვენისამ და რამ,არ აქვს დიდი მნისვნელობა.მართალს ამბობს ეს კაცი ყველაფერს

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: დედაქალაქი
22.09.2012 10:42
ვისაც ივანიშვილის "რუსეთუმეობის" ეშინია იმის საყურადღებოდ მინდა დავწერო: საზოგადოების გამოჩენილი სახეებიდან საით დგას უმრავლესობა? საითაა ელიტა? საით დგანან: ხალხისთვის საყვარელი მსახიობები, აღიარებული რეჟისორები, ტიტულოვანი სპორტსმენები, ზოგადად ინტელიგენცია, ბოლოსდაბოლოს, საით იხრება ეკლესია? ვერ ვხედავთ? დავბრმავდით? გამოდით სატანის გავლენიდან, გამოდით!

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: თბილისი
22.09.2012 10:08
ანრი, ასეთი მოპყრობა კომუნისტების დროიდან დაიწყო, მაგრამ იმ პერიოდში ადამიანებზე ძალადობა, მათი წამება სჭირდებოდათ აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად, რათა გადაერჩინათ "სახელმწიფოებრიობა", გაიხსენეთ "მონანიება" და კახი კავსაძის პერსონაჟის "აღიარება", მაგრამ როდესაც შენ აწამებ პატიმარს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღო სიამოვნება, აწამებ არასრულწლოვანს მხოლოდ იმიტომ, რომ ათქმევინო "ქურდებს რაა? - დედის ....", ეს ათმაგი დანაშაულია, მე ძველ სისტემას არ ვამართლებ და ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ წამება მაშინ "გამართლებული" იყო, მაგრამ დაფიქრდით კომუნისტებს და ნაცისტებს არ ჰქონიათ დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პრეტენზია, მაშინ ყველამ იცოდა სად ცხოვრობდა, გამოგვიცხადონ ახლაც, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც განსხვავებული აზრი კრიმუნალია, სადაც ციხეში პატიმარს აწამებენ სასურველი ჩვენების მისაღებად, რომ მე, იმის გამო, რომ რაღაც არ მომწონს ქვეყანაში, რუსეთის აგენტი და რუსული ფულით ნაყიდი ვარ და ყველა გაჩუმდება (ან არ გაჩუმდება, ქართველების გაჩუმება ასე ადვილი არაა)....

ავტორი: ნინო
22.09.2012 10:07
4. და კიდე ”რაც ვნახეთ საშინელებაა, მაგრამ...” რა მაგრამ? არავითარი მაგრამ. ”მაგრამ, თუ პატიმრების ბედი ადარდებდათ, თვეების განმავლობაში რატომ არ გამოაქვეყნეს?” შეიძლება არ ადარდებდათ....
შეიძლება??? არა ბატონო ნიკო, ნამდვილად არ ადარდებდათ, თვეები კი არა წლებია სარფიან გარიგებას ელოდნენ და დღეს აქეთ გვმოძღვრავენ.
ეხლა ვხვდები ჯაბა იოსელიანი რატომ გვყავს დასაფლავებული საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მანაც "წარმატებით" ამხილა ჩვენი საზოგადოების მანკიერი მხარეები და მას შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად ვართ. რისთვისაც უნდა "ვუმადლოდეთ" და ვუფასებთ კიდეც.
აქამდეც კარგად გვიცნობდნენ მთელ მსოფლიოში, ხშირად მოვიხსენიებით ასე "საამაყოდ:" "ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი", განსაკუთრებით ესპანეთსა და იტალიაში. ჩვენი "უნიკალური" ქურდულ-ყაჩაღური მოხერხებულობითა და გამჭრიახობით ბადალი არ გვყავს, ეხლა საერთოდ ვინც არ გვიცნობდა, მათაც გაგვიცნეს.
მართლა "ბედნიერი ერი" ვართ, რომ ილიას ეს სიტყვები ყოველწლიურად კი არა, ყოველ დღე გვახსენდება.

ავტორი: anri საიდან გვწერთ: ამერიკა
22.09.2012 05:01
პატიმართა ასეთი მობყრობა ახალაიას არ დაუწყია ეს კიდე კომუნისტების დროიდან დაიწყო, მან გააგრძელა და ჩემი აზრით ახალაიას დროინდელი სისტემა სისასტიკით გაცილებით ლმობიერი იყო ვიდრე მისი წინამორბედები. რასაც ადრე პოლიციელები და კიდევ დამატებით ქურდები სჩადიოდნენ ის მართლა კოშმარი იყო, მარა ეს ცხოვრების სტილი გახდა. ასე იყო ზვიადის დროსაც და ასე იყო შევარდნაძის დროსაც. მე პირადად ციხეში 2 მეგობარი დავკარგე შევარდნაძის დროს. თუ მიშა და ბაჩო ციხეში უნდა იყვნენ, მაშინ ვაზეიმოთ სამართალი ბოლომდე და ზვიადის ვეღარ დავიჭერთ მკვდარია მარა შევარდნაძეც უნდა დავიჭიროთ იმ მინისტრებიანად ვისაც ეს სამინისტრო ებარა. რადგან დრო გავიდა დანაშაული გაქრა თუ რაშია საქმე? ეხლა რომ გული აუჩუყეს ამ ხალხს წინასაარჩევნოთ "ბებიათქვენისამ აბრა რა უნდა ექნათ?" -და ეხლა რომ გაახსენდა პატიმრები ამ თავად ტვინით პატიმარ საზოგადოებს ეხლა რა ვქნათ? პუტინის და ივანიშვილის შემოგორებული კომპრომატების მიხედვით იქით გადაუხვიოთ საითაც ამის გამავრცელებელს უნდა? ვიდეომასალიდან რეგულარულ და რეალურ მასალად უნდა ჩაითვალოს "კარანტინის დაშლა" სხვა მასალები გადაღებულია თავად ყველაზე დიდ დამნაშავე და ეხლა "წმინდანად" შერაცხული ლადო ბედუკიძის მიერ ანგარების მიზნით. ამიტომ ძნელი გასარკვევია და საკამათოა იყო თუ არა ეს რეგულარული სიტუაცია.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
22.09.2012 02:34
6. აჰ, და კიდევ ”ვიღაცეები ამ ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით იყენებენ”. ბებიათქვენისამ! აბა, რას იზამენ?!

ბებიაჩვენის რამ? დააზუსტე ნიკო!

ავტორი: მათუსალა საიდან გვწერთ: საქართველო
22.09.2012 01:12
გულწრფელი, თამამი და მართალი სტატიაა. თქვენნაირი საზოგადო სახეები დღეს სწორედ ასე, სიმართლის თქმის საყვირებად უნდა იყოთ ყოველთვის. ამას პირმოთნეობით არ გეუბნებით. ცოტა არ მომეწონა თქვენი წინ სტატია "ავოე" და გაგაკრიტიკეთ კიდეც "შუაშიზმის" აპოლოგიის გამო, როგორც მაშინ კრიტიკაში ვიყავი გულწრფელი, ისე ახლა შექებაში. გმადლობთ ამ ჯიგრიანი სტატიისთვის!

ავტორი: nata საიდან გვწერთ: tbilisi
22.09.2012 00:59
რა მაინტერესებს იცით. რატომ გებულობთ ქურდულ გაგებას მარტო იმ გაგებიტ რომ ადამიანი აუცილებლად უნდა მოინათლოს ქურდულად თუ რაც ქვია ... ჩემტვის ქურდული გაგებაა ისიც რაც დგეს მოხდა უნივერსიტეტის ეზოში.. როცა ჩაქოლვა დაუპირეს ახალგაზრდას, იმიტომ რომ ის ამას იმსახურებდა.. ასეტი ახალგაზრდებია უფრო მეტად საშიში ვიდრე ის კანონიერი ქურდები.. ეს ახალგაზრდა არც ნარკომანია და არც დამნაშავე.. უბრალოდ "გაგება" აქვს ისეთი, ქურდული.. ის სამართლიანად სჯის, ვიღაც უსამართლოს მისი გაგებით.. ასეთი ადამიანი რომ მოვა ხელისუფლებაში სწორედ ის მოგვევლინება ჯალათად, იტყვის რომ ის იმსახურებს ...

ავტორი: kea
22.09.2012 00:04
გეთანხმებით ამ ყველაფერში, მაგრამ თუ სამართალია, ყველას თანაბრად შეეხოს და ამ ვიდეოების შემნახველებმაც აგონ პასუხი მაისიდან 18 სექტემბრამდე ჩადენილი წამებებისთვის. თუნდაც ერთი ასეთი სისაძაგლის ასაცილებლად უნდა გამოექვეყნებინათ რაც შეიძლება სწრაფად! მაგრამ ასე არ მოიქცნენ, ნეტა რატომ??! იმიტომ, რომ იციან, ამ ქვეყანაში ყველაფერი ემოციებით იმართება (და ეს ემოცია, ვიცით ყველამ, საარჩევნოდ სჭირდებათ). ასე რომ არ იყოს, ჯაბა იოსელიანი პანთეონში არ იქნებოდა დასვენებული, ვითომ რა, ხალხს არ უნახავს ვიდეოები საამაყო "მხედრიონის" მიერ ნაწამებ ხალხზე? ცხელ გულზე ავბობოქრდით ახლა, თორემ რამდენმა მოიკითხა მათ მიერ წამებულთა და დახოცილთა ოჯახები? მაგალითად, ჩემი კლასელის მამამ, მას შემდეგ რაც ციხიდან გამოუშვეს, თავი ჩამოიხრჩო... 20 წელი შესრულდა წელს მათი "გმირობებიდან", მაგრამ, მგონი, გვახარიას გარდა არც არავის გახსენებია ამ ოჯახების უბედურება. თუმცა, ბოდიში, "პროფილში" ხომ იმღერა ქალბატონმა დოდომ!
მოკლედ რააა. ღმერთმა ქნას, ამ დაგვიანებულმა აღშფოთებამ მაინც გამოიღოს შედეგი.

ავტორი: თამთა საიდან გვწერთ: თბილისი
21.09.2012 22:56
ხალხოოო! მე დავძლიე ავადმყოფობა, რომელსაც ჰქვია ავთვისებიანი სიმსივნე, და გარწმუნებთ, ეს, რაც ახლა გვჭირს ბევრად უფრო უარესია.....

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: გორი
21.09.2012 22:34
ძალიან ბევრის სათქმელი თქვით, ბატონო ნიკო. ყველაფერში გეთანხმებით! კარგი იქნებოდა ყველას წაეკითხა... ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიისთვის!

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 22:33
ავტორი: zura
21.09.2012 19:45
ბაჩო როდესაც დათვრებოდა, ციხეში რეკავდა სამი პატიმარი დამახვედრეთო, მიდიოდა ციხეში, ამ პატიმრებს სცემდა და ამის მერე მშვიდად მიდიოდა დასაძინებლად. ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: Paris68
21.09.2012 21:55
ძალიან კარგი სტატიაა. რამდენჯერმე წავიკითხე. შეუძლებელია არ დაგეთანხმო, ყველა პუნქტში. რაც შეეხება მე-3 და მე-7 პუნქტებს... „სისასტიკის ამ დონეს ვერ წარმოიგენდნენო“... საინტერესოა როგორ ქონდათ წარმოდგენილი, კოცნით და სანთლების შუქზე? ჩვენ უფრო იმ კაცს ვგავართ საღამოობით ცოლი ცირკთან რომ მიყავს -ღამის გმირთა მოედანი უყვარსო... მაგრამ სახალხოდ რომ აჩვენებენ ვიდეოს, უბრალოდ იძულებული ხდება დაშორდეს, სახე როგორმე რომ შეინარჩუნოს...

ავტორი: Natia საიდან გვწერთ: USA
21.09.2012 20:04
მაინტერესებს რატომ ვადარებთ საქართველოში მომხდარ ამბებს ამერიკას. ამერიკაში რაც ხდება საქართველოში აუცილებელია მოხდეს? ამერიკაში წელიწადში ასი ათასობით არასრულწლოვანი ბავშვი იკარგება შემდეგ აუპატიურებენ და კლავენ. ეს ყველაფერი საქართველოშიც უნდა მოხდეეს? ამერიკაში კერძოდ ჯორჯიის შტატში როდესაც მოხდა ასეთი ფაქტები ეს არ იყო ამერიკის პრეზიდენტის და მისი მინისტრების დაკანონებული სისტემა, ეს იყო მხოლოდ იმ ციხეში მომუშავე არაადამიანების დანაშაული რომელთაც 25 წელი მიუსაჯეს. შევადაროთ ამერიკას საქართველო, დავიმშვიდოთ თავები და ვიყოთ ბედნიერები...თუ აუცილებელია რომ შედარება გავაკეთოთ,შევადაროთ ინგლისს, ნორვეგიას, შვეციას და ასე შემდეგ. ნუთუ თავის დასამშვიდებლად გვაქვს საქმე?

ავტორი: zura
21.09.2012 19:45
კარგით რა... საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ესე იყო... ედიკას დრო მაინც არ გახსოვთ? რა დაიწყო ბაჩომ?
ბჩომ შეიძლება გააგრძელა მარა დაწყებით ნაღდად არ დაუწყია

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 19:30
ყოჩაღ ნიკო,კარგი ბიჭი ხარ.ასეთი რეაქცია რომ ჰქონდეს ყველას იმედი გამიჩნდებოდა,იმისთვის,რომ შეაფასო მდგომარეობა,საჭიროა ოდნავ ისინდისო,მეტი არაფერი,თვალებიც აქვთ ახელილი და ყურსიც კარგად ესმით,სინდისი არ აქვთ მხოლოდ იმათ,ვინც ამ რეალობას სათანადოდ არ აფასებს.ვერ გაიგო ამ ხალხმა ,რომ სამართლიანობა და ქვეყნის კეთილდღეობა რომ გინდოდეს ,არ არის აუცილებელი რომ მიშისტი ან ბიძინისტი იყო,საკმარისია გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი.მე ტი რა უნდა მოხდეს,რომ აღიარო ამ წყობის უვარგისობა,ქვეყანაში ათასი სისასტიკე ხდება,რაც პრეზიდენტმა არ იცის.რა სასაცილოა,აბა რას და ვის პრეზიდენტობს,თუმცა არც გამიკვირდებოდა რომ არ ცოდნოდა,ღრუბელსია ან კონცერტზე რაც გაპრეზიდენტდა და როგორ გაერთოს იმას ფიქრობს.

ავტორი: beka საიდან გვწერთ: Tbilisi
21.09.2012 19:09
მართლა სრული სვლით მივიჩქარით დედა რუსეთისაკენ თუ რადიო თავისუფლების ფორუმზე დაგროვდით რუსული ოცნების მომხრეები? ყოჩაღ პუტინს, სერიოზულად უმუშავია.

ავტორი: DABNEULI საიდან გვწერთ: qalaqi anara
21.09.2012 18:49
ნიკო ძალიან ნიჭიერად წერს. მართალი და გულიდან წამოსული წერილია.ისე ის ქალი საიდან გადადგა ნეტა, პრარაბობიდან თუ შეფ-მზარეულის საპატიო თანამდებობიდან,მეტი ფუნქცია მაგას არ ჰქონებია, თუმცა ვერც თავმოყვარეობის ჰქონით დაიკვეხნის. მეცოდება, აწი მაგის ქალობაც დამთავრდა.

ავტორი: პასუხი V_ს საიდან გვწერთ: თბილისი
21.09.2012 18:41
შენც ნიკო! ასე თუ გააგრძელე ია ანთაძეს აჯობებ. აშშ ციხეებში ათეულ ათასობით გაუპატიურება ხდება ყოველ წელს, შენი ლოგიკით ამერიკას გაქანებული სარკომაა აქვს ბოლო სტადიაში. <<< იმხელა ამერიკას თუ ადარებთ 4 მილიონიან ქვეყანას, სადაც მთავრობამ ყველაზე ყველაფერი იცის, სადაც ყველა ციხეში კამერები აყენია და სადაც 900 ფაქტია სადიზმის მთავრობის მიერ გამოვლენილის, საღოლ მაშინ და მე-2: ამერიკაში რადგან გაუპატიურებები ხდება, ჩვენთანაც რომ მოხდეს, ე.ი. არაუშავს?

უკაცრავად, მაინტერესებს თქვენთვისაც რო ცოცხი გაეკეთებინათ უკანალში, მაშინაც ასეთ სიბრძნეს თუ დაპოსტავდით.

ავტორი: ნატო საიდან გვწერთ: თბილისი
21.09.2012 18:19
მართალია ყველაფერი, რაც წერია. რაც მოხდა, არის ერის სირცხვილი და ალბათ წლები დაგვჭირდება ეს ცოდვა და სირცხვილი რომ მოვიშოროთ. და არა მარტო ეს, ქუჩაში დახოცილები და გაუპატიურებულები არ უნდა დაგვავიწყდეს. ქართული სულის ჩაკვლა სურთ. მერე რა რომ სხვაგანაც ხდება. განა ამიტომ ჩვენც მათ უნდა დავემსგავსოთ?
ასეთ ცხოვრებას და ასეთ მოქცევას ხომ სიკვდილი სჯობია. არც ამერიკაა დემოკრატიის მამა და სიმბოლო, ამერიკა, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილით დასჯა არ გაუქმებულა. ცოტა გაგვიმართლა, თორემ ნახევარი საქართველო დახვრეტილი იქნებოდა; მაგრამ გაგვიმართლა კი? იმ ბიჭებმა როგორ უნდა იცხოვრონ, რომლებსაც სულში ჩააფურთხეს, როგორ უნდა იცხოვრონ: ბოღმით და სამაგიეროს გადახდის სულისკვეთებით? თუმცა ვინ იცის, ვინ უფრო საცოდავია?ნეტავ რას ფიქრობენ დამკვეთების და შემსრულებლების დედები და ცოლები. ღმერთმა შეუნდოთ ცოდვები.

ავტორი: ვანო საიდან გვწერთ: გორი
21.09.2012 17:40
ამ "ჯოჯოხეთში"ვინ არის მთავარი დამნაშავე და პასუხისმგებელი?
ცალსახად ხელისუფლება.
როგორ უნდა აგოს პასუხი?
უნდა წავიდეს. შემდეგ, მხოლოდ ობიექტურმა სასამართლომ გაასამართლოს ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა ამასთან. დაწყებული შემსრულებელი ოპერით, დამთავრებული ვითომ დღეს გამოფხიზლებული პრეზიდენტით.
ახლა, რაც შეგვეხება ჩვენ, ვინც არც ხელისუფლებაშია და ვისაც თავის მოტყუება არ გვსურს. ჩვენც ვართ ირიბად დამნაშავე და პასუხისმგებელი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვიყავით ამის დამკვეთი.
ვიცოდით თუ არა ჩვენ ყველამ, რაც ხდებოდა პენიტენციალურ სისტემებში? ყველამ ვიცოდით. იცოდა თუ არა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ ეს ვიცოდით? რათქმაუნდა იცოდა. ჩვენ ხმას არ ვიღებდით, ხელისუფლებაც თვლიდა, რომ ასე ყველას გვაწყობს. საბოლოოდ მივიღეთ, ის რაც მივიღეთ.
გარეთ, ღამით მანქანა ღია კარებითაც დამრჩენია ამ ბოლო დროს და დილით ყველაფერი ადგილზე დამხვედრია. ეს მაგარია, მაგრამ არ მინდა ასეთი უსაფრთხოება იმ ჯოჯოხეთის ფასად, რასაც პატიმრები იხდიან ჩემს კომფორტში.
რა არის გამოსავალი? ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ მას, ვისაც აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მომავალში შეასრულოს ყველა თავის დანაპირები.
ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ!

ავტორი: nana
21.09.2012 17:13
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს ტექსტთან: რატომ იხსენიებთ ყველას გვარებით და კალმახელიძეს არა?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული