Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავებული მიდგომა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისადმი


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 მარტს გამართეს შეხვედრა, რომელზეც აღმოსავლეთის პარტნიორებზე, ასევე პოტენციურ წევრებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებები მიიღეს - ამასთანავე, შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში შესაძლო სამშვიდობო მიისთვის მოემზადონ. ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ივნისამდე ლატვიაა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა,შეხვედრის დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ევროპის კავშირი ამ გაერთიანების რიგის სამიტზე გააფორმებენ შეთანხმებას სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას რინკევიჩმა განაცხადა:

„უნდა დაველოდოთ ევროპის კომისიის შეფასებას და ამ შეფასების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ მჯერა, რომ შეფასება დადებითი იქნება და სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმება საქართველოსთან რიგის სამიტზე გაფორმდება“.

ამავე თემაზე აზრი გამოთქვეს სხვა მინისტრებმა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულებისთანავე გამოიტანა ჟურნალისტებისთვის განსაზღვრული ინფორმაცია, რომ დღის წესრიგშია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნისადმი განსხვავებული მიდგომა: არავინ უარყოფს, რომ ეს ექვსი ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათ მიმართ ასეთივე მიდგომაა საჭიროო. ლაიჩაკმა თქვა, ამ თემაზე გადაწყვეტილება, შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში, რიგის სამიტმა უნდა მიიღოსო. მან აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში ახსენა ბელორუსია, რომელმაც თავი გამოიჩინა ბოლო პერიოდში უკრაინის მიმართ პასუხიმგებლობის გრძნობით აღსავსე ქმედებით და თქვა, მინსკისა და ბრიუსელის ურთიერთობაზე ეს უნდა აისახოს უფრო მაღალი ხარისხითო. ევროკავშირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, ფიქრობს სლოვაკეთის მინისტრი, სომხეთისა და აზერბაიჯანის ღია განცხადება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება არ მიაჩნიათ თავიანთ მიზნად, და მათ საგანგებო პროგრამა შესთავაზოს. მან კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინაზეც ილაპარაკა:

ახლა ცხადია, რომ ქვეყნებისადმი განსხვავებული მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის მოვამზადოთ ერთმანეთისგან განსხვავებული პაკეტები...
ლუბომირ ზაორალეკი

„ვფიქრობ, კონკრეტული მიზნები უნდა დავისახოთ. მნიშვნელოვან წინსვლას ვხედავთ ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის - შემთხვევაში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხრივ. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, გადალახავენ თუ არა რიგის სამიტის დაწყებისთვის ეს ქვეყნები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ზღუდეს. ისინი ჩვენ უნდა წავახალისოთ. სამიტამდე კიდევ ორი თვეა“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუბომირ ზაორალეკმა, ბრიუსელში 16 მარტს თავისი - და, საფიქრებელია, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის - პოზიცია გამოხატა ამ განსხვავებული მიდგომისადმი:

„ახლა ცხადია, რომ ქვეყნებისადმი განსხვავებული მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის მოვამზადოთ ერთმანეთისგან განსხვავებული პაკეტები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორია, თავისი მიზანი აქვს და მათთვის განსხვავებული პაკეტები უნდა შევიმუშაოთ“.​

უნდა გამოვნახოთ გზა - საერთო გზა - ევროკავშირისა და ამ ქვეყნებისთვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება ამ სამი ქვეყნისადმი - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისადმი - უნდა განსხვავდებოდეს...
გჟეგოჟ სხეტინა

ევროკავშირის მეზობლებისადმი დიფერენცირებული მიდგომის მომხრეა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა. მისიაზრით, ევროპის კავშირმა უნდა გამონახოს საშუალება, რომ განსხვავებულად განავითაროს თავისი ურთიერთობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან:

„უნდა გამოვნახოთ გზა - საერთო გზა - ევროკავშირისა და ამ ქვეყნებისთვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება ამ სამი ქვეყნისადმი - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისადმი - უნდა განსხვავდებოდეს იმ დამოკიდებულებისგან, რომელიც გვაქვს დანარჩენი სამი ქვეყნისადმი: სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისადმი. ეს სავსებით ბუნებრივია“.

ბრიუსელის შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ბოსნია- ჰერცეგოვინისათვის. ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა - ჩანს, ბლოკის მოთხოვნით - რეფორმების გატარების მზადყოფნა დაადასტურეს. მინისტრებმა 16 მარტს ბრიუსელში დაამტკიცეს ბოსნიის შემდგომი ნაბიჯი წევრობისკენ გზაზე. ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა, სერბებმა, ხორვატებმა და მუსლიმებმა, ჩანს, მოახერხეს გადაელახათ აზრთა სხვადასხვაობა მათთვის შეთავაზებული ბრიუსელთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების გარშემო. ამით გზა გაეხსნა ბოსნიას, განაცხადოს ევროკავშირის წევრობის სურვილი. ის ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ბალკანეთში, რომელსაც ოფიციალურად არ მოუთხოვია ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ახლა ამოქმედდება, მაგრამ გააფრთხილეს ბოსნია, რომ მან უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, თუ ბლოკში გაწევრიანება სურს. აი, რა თქვა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა:

„გადავწყვიტეთ, სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის ეტაპი გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების გატარების პროცესი შეინარჩუნებს იმ ენერგიას და იმპულსს, რომელიც სარაევოში ყოფნისას ვიხილე“.

ფედერიკა მოგერინიმ განცხადება გააკეთა უკრაინის შესახებ ყირიმის ანექსიის წლისთავის კონტექსტში და თქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც ერთგული რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. ბრიუსელში საუბარი იყო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება-არდაწესების შესახებ და ჩანს, რომ ბევრი ქვეყანა კლავაც თვლის, რომ ამ ეტაპზე, ივნისამდე, სანქციები არ უნდა შეიცვალოს. დაბოლოს, ბრიუსელში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დაიწყოს მზადება ლიბიის სამშვიდობო მისიისთვის. ბრიუსელში მომავალ კვირებში უნდა მომზადდეს ევროკავშირის სამხედრო მისიის იქ შესაძლო მივლინების გეგმა. ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრების 16 მარტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ევროკავშირი ლიბიაში ეროვნული ერთიანობის მთავრობისა და უსაფრთხოების ზომების გარშემო შეთანხმების მიღწევისთანავე მზად არის ლიბიას დამატებით დაეხმაროს. ევროკავშირის ჯარისკაცები, სავარაუდოდ, საზღვრებისა და სამრეწველო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ობიექტების დაცვაში მიიღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG