Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეხბურთის სამყარო აქამდე ასეთ რამეს არ იცნობდა“


“ახალი ევროპის” თემა ფეხბურთი და ძალადობაა, ძალადობა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. დღეს გამოაცხადა უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა 150 ათასი ევროთი. თუ რუსი გულშემატკივრები განმეორებით დაარღვევენ კანონს, რუსეთის ნაკრები გამოეთიშება ტურნირს.

მარსელში რუსი და ინგლისელი გულშემატკივრების შეტაკების დროს 30 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მძიმე მდგომარებაშია. მარსელის პროკურატურა აცხადებს, რომ საფრანგეთში რუსეთიდან ჩავიდა 150 საფეხბურთო ხულიგანი. პროკურორმა ბრის რობინმა პასუხისმგებლობა მომხდარისთვის დააკისრა სწორედ ამ პირებს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ზოგიერთ „პოგრომში“ ინგლისელებიც მონაწილეობდნენ.

დაკავებულ 20 პირს შორის, როგორც პროკურატურა იტყობინება, არიან ინგლისელები, ფრანგები და ავსტრიელები. ათ ივნისს, ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთის და ინგლისის თამაში გაიმართებოდა, საინტერნეტო გვერდი „გულშემატკივართა სრულიად რუსეთის გაერთიანება“ იტყობინებოდა, „ეროვნული გუნდის მხარდაჭერის მიზნით“, საფრანგეთში სპეციალური რეისით 220 ადამიანის ჩაფრენის შესახებ. როგორც ითქვა, რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმეს და გააფრთხილეს. უეფამ საქმე აღძრა და რუსეთის გულშემატკივრები დაადანაშაულა რასიზმში, არეულობაში მონაწილეობასა და პიროტექნიკის გამოყენებაში.

ინგლისს, ვინც ფეხბურთს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ადრე ჰქონდა გულშემატკივრების გამო პრობლემები. ინგლისელი გულშემატკივარი გამორჩეული იყო უხეშობით და უტიფრობით, მაგრამ რაც რუსმა გულშემატკივრებმა გააკეთეს, ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

„ისინი შესანიშნავად არიან ორგანიზებული და მზად იმყოფებიან ისეთი აგრესია გამოავლინონ, როგორიც არ მინახავს ბოლო ათი წელიწადი. ზოგიერთი ინგლისელი დამნაშავეა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, მაგრამ რუსი დამრღვევების რაოდენობა ბევრად უფრო დიდი იყო - ჩვენი შეფასებით, 300-მდე. მათ სამიზნედ აირჩიეს ინგლისის გულშემატკივრები, რომელთა უმეტესობა მშვიდად იქცეოდა, სვამდა და ფეხბურთით ტკბებოდა“, - ასეთი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პოლიციის უფროსის ასისტენტმა მარკ რობერტსმა, რომლის სიტყვები „გარდიანს“ მოჰყავს,

რუსი გულშემატკივრები
რუსი გულშემატკივრები

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომლები ესაუბრნენ ლონდონში მცხოვრებ დამოუკიდებელ პოლიტოლოგს ანდრეი ოსტალსკის, რომელიც სწორედ ამ ბრიტანელი პოლიციელის განცვიფრებაზეც ლაპარაკობს:

„მოეწყო ძალიან კარგად ორგანიზებული თავდასხმა, რომელსაც ბევრი თვითმხილველი ახასიათებს, როგორც სამხედრო აქციას. ამ კაცებს სამხედრო მომზადება ეტყობოდათ. სულ მცირე, იყვნენ კარგად გაწვრთნილი, ნავარჯიშები, სპორტული ახალგაზრდა კაცები. სხვადასხვა შეფასებით, მათი რიცხვი 150-დან 300-მდე იყო. მათ ნამდვილი კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს ბრიტანელ გულშემატკივრებზე. ეს ადრევე იყო დაგეგმილი. მათ იცოდნენ, საით უნდა ევლოთ, რომ საგანგებო მაჩვენებლები იყო მიმაგრებული, რომლებიც მათ მიუთითებდა ადგილებზე, სადაც უნდა მისულიყვნენ. ეს რაღაც სრულიად ახალია, ბრიტანელი გულშემატკივრებისთვის ჯერ არნანახი. მე ბევრი მინახავს ასეთი, გლუვი, უაზრო სახეები, რაღაცას ველურებივით რომ გაჰყვირიან. როცა ისინი ერთად გაჰყვირიან ხოლმე, ეს მე და ჩემს ოჯახს არაერთხელ გვინახავს ტრანსპორტში, საშიში სანახავია. მაგრამ ისინი მშვიდობიან ადამიანებს არ ეკარებიან, თუმცა ვითარებას ძაბავენ. რუსული სახეები, რომლებიც ვიხილეთ სხვადასხვა რეპორტაჟსა და ფოტოებზე ყველა ბრიტანულ გაზეთში, ეს სულ სხვა რამ არის“, ამბობს ოსტალსკი, რომლის აზრით, ამ ტიპებს ფეხბურთი არც ადარდებთ, საჩხუბრად, უფრო სწორად, ვიღაცის გასალახად ჩამოვიდნენო.

ცხადია, ბრიტანელი გულშემატკივრები, შუახნის კაცები, როგორც წესი, ღიპიანები, მოჩვარული კუნთებით, ასეთ თავდასხმას ვერ გაუმკლავდებოდნენ. ბრიტანელი პოლიციელი, რომელიც კოორდინირებას უწევდა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ძალებს მარსელში, ამბობს, რომ მისი სპეციალობაა ფეხბურთში ხულიგნობასთან ბრძოლა, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს უნახავს. ეს სრულიად ახალი რამაა, ხარისხობრივად ახალი, რასაც ფეხბურთის სამყარო აქამდე არ იცნობდა“.

გულშემატკივრების ჩხუბი
გულშემატკივრების ჩხუბი

ოსტალსკის ნაამბობით, ამას ადასტურებს საფრანგეთის სამართალდამცავების მიერ ოფიციალურად გავრცელებული მასალები, რომ ეს 150 რუსი გულშემატკივარი იყო ის, ვინც დაიწყო ჩხუბი და დაიწყო ის უკვე ტრიბუნებზე, რომ ტრიბუნებზე მათ გაუშვეს პირველი პეტარდა, რაც კატეგორიულად აკრძალულია სტადიონებზე. საფრანგეთის პოლიციამ, სხვათა შორის, ნაწილობრივ იკისრა პასუხისმგებლობა, რომ პეტარდების სტადიონზე შეტანა დაუშვა.

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, იგორ ლებედევი არ დაეთანხმა რუსეთის გულშემატკივრების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ტვიტერით გაავრცელა პოზიცია:

„ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ გულშემატკივრების ჩხუბში. პირიქით, ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს. ასე გააგრძელეთ! რაც შეეხება იმას, რაც მოხდა მარსელსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, ეს არაა გულშემატკივრების ბრალი, ეს პოლიციის უუნარობაა ასეთი ღონისძიებები ჩაატაროს. არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა და მოხელეების, ჩვენს გულშემატკივრებს რომ ადანაშაულებენ. მათი დაცვაა საჭირო, ჩამოვლენ და გავერკვევით საქმეში“.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი წმინდა საფეხბურთო მხარეზეც ლაპარაკობს და აქედანაც დაასკვნის, რომ მოჩხუბართა მოტივი ფეხბურთს არ უკავშირდებოდა.

„ბრიტანეთში, ამბობს ოსტალსკი, მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ვინც გნებავთ, იქით იხრებიან, რომ ეს იყო თავდასხმა, რომელიც წამოიწყეს რუსმა გულშემატკივრებმა და არა ბრიტანელებმა, რაც უცნაურია, იმიტომ რომ ბოლო გოლს, რომელიც რუსეთის ნაკრებმა გაიტანა, უნდა გამოეწვია სიხარული, დადებითი ემოცია. ამაში არის რაღაც არანორმალური. მე პირადად ვფიქრობ, ასეთი არანორმალური მოქმედება გულშემატკივრებისა იმას უკავშირდება, რაც წინა დღეს ხდებოდა. იქმნებოდა ბოროტი მტრობის ატმოსფერო, რომელშიც ვეღარ გაარჩევდით, ვინ გაიტანა გოლი და ვის კარში, ვინ თამაშობდა და ვინ მოიგო, ვინ წააგო. „დაჰკარი უცხოელებს!“ - ეს იყო მთავარი ლოზუნგი, ამბობს ანდრეი ოსტალსკი ჩვენს კოლეგასთან საუბარში.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG