Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის ვიზიტი: რომში ვახშამი უღვინოდ 


იტალიაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით დაიწყო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, ევროპაში მოგზაურობა. რომში ყოფნისას როჰანი ვატიკანში პაპსაც ესაუბრა. როჰანის სტუმრობა სახელმწიფო ვიზიტია, ანუ ის მიიღეს დიდი ამბით, როგორც მაღალ სტუმარს შეშვენის - მიაგეს სამხედრო პატივი და მიიწვიეს სახელმწიფო ბანკეტზე, სადაც, ისლამური ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრის პატივსაცემად, არ იყო ღვინო, ალკოჰოლიანი სასმელი, რაც სტუმრის მიღების იტალიურ ტრადიციას ეწინააღმდეგება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატიეო რენციმ ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებები მხოლოდ დასაწყისია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. იტალიაში ყოფნის განმავლობაში როჰანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტთა - მათი რიცხვი 14-ია - საფინანსო მოცულობა 17 მილიარდ ევროს უდრის. გავრცელებული ცნობებით, მათ შორისაა დოკუმენტი სწრაფმავალი მატარებლების შესახებ, ასევე ირანის გაზის თაობაზე. ეს ამ რანგში როჰანის პირველი ვიზიტია ევროპაში და ბოლო 16 წლის მანძილზე ის არის ირანის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყანას სტუმრობს. სულ ბოლოს, 1999 წელს, მოჰამად ხათამი იყო ჩამოსული ევროპაში. საგულისხმოა, რაც 26 იანვარს თქვა პრესკონფერენციაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ:

„ჩვენ შევინარჩუნეთ კონტაქტების კარგი დონე. ვერ ვიტყვით დღეს, რომ იტალია უბრუნდება ირანს, რადგან ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს კომპანიებს, სინამდვილეში არასოდეს დაუტოვებიათ ეს ქვეყანა, თვით ირანისა და დასავლეთისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი“.

ირანელი სტუმარი დარწმუნებულია თავისი ქვეყნის პოტენციაში და იმაშიც, რომ უცხოეთში ისლამური რესპუბლიკის პროდუქტზე მოთხოვნლება იქნება: „ახალ პირობებში, გვსურს ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის 30 პროცენტი უცხოეთში გავიტანოთო“, თქვა რომში სტუმარმა თეირანიდან, პრეზიდენტმა ქვეყნისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გავლენით სარგებლობს და, სულ მცირე, სირიის კონფლიქტში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. როჰანი მასპინძლებს ტერორიზმზეც ესაუბრა და თავისი აზრი ასე გამოხატა:

„თუ გვსურს მსოფლიოში დავამარცხოთ ექსტრემიზმი, თუ გვსურს ტერორიზმთან ბრძოლა, ამ საქმის დაწყების ერთ-ერთი გზა ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფაა. ზრდის შეფერხება ტერორიზმს უქმნის საფუძველს. უმუშევრობა წარმოშობს ტერორიზმის ჯარისკაცებს“.

ირანის პრეზიდენტმა ევროპაში სტუმრობა იტალიით დაიწყო. იქვე, რომში, მას, როგორც სასულიერო პირს, ჰოჯათოლესლამის წოდებით, შესაძლებლობა მიეცა ვატიკანში სტუმრობისა: როჰანი შეხვდა და 40 წუთს გასტანა რომის პაპთან, ფრანცისკესთან, მისმა პირადმა საუბარმა. პაპს უთქვამს, რომ ემხრობა ირანის ინიციატივებს სირიაში რეგიონალურად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამა თუ იმ არეალში ჰუმანიტარული დახმარების მიტანის მიზნით. იტყობინებიან ასევე, რომ როჰანიმ ფრანცისკეს სთხოვა, ჩემთვის ილოცეო. ირანის პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად მიართვა სპარსული, რელიგიურ ქალაქ ყუმში ხელით მოქსოვილი, ხალიჩა, როჰანიმ კი პაპისგან მიიღო წმინდა მარტინის მედალი, რომელზეც გამოსახულია როგორ აძლევს მარტინი თავის მოსასხამს უქონელ კაცს. საჩუქარი, პაპის თანახმად, ძმობის ნიშანია. ირანის პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტის თაობაზე შემდეგი უთხრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს აშშ-ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა მოჰსენ მილანიმ:

„ევროპელები რომ ფიქრობდნენ, ხვალ ირანთან ურთიერობა ისევ გაფუჭდებაო, ისინი თეირანთან მილიარდობით დოლარის ხელშეკრულებებს არ გააფორმებდნენ. ამდენად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული თვით ირანის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. იქ ბევრი ჯერ კიდევ იმ აზრისაა, რომ ირანს შესწევს ძალა სამრეწველო სამყაროსგან იზოლირებულიც გადარჩეს, რაც შეუძლებელია. ირანისთვის უმჯობესი იქნება, თუ გააცნობიერებს, რომ გარე სამყაროსთან - განსაკუთრებით, ევროპელებთან და აშშ-თან - კარგი ურთიერთობა რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის უკეთესია“.

ჰასან როჰანი 27 იანვარს უკვე პარიზში იქნება სტუმრად. ზემოთ ითქვა, რომ იტალიის დედაქალაქში როჰანი სახელმწიფო ვიზიტად ჩავიდა. მსგავსი ვიზიტი საფრანგეთში ვერ შედგება, რადგან საფრანგეთს არ სურს შეცვალოს ტრადიცია და სახელმწიფო სტუმარს სადილი თუ ვახშამი უღვინოდ გაუმართოს. ამასთან, ფრანგებს სურთ თავი მოიწონონ თავიანთი სამზარეულოთი, რომლის მაჰმადიანურ წესზე - „ჰალალის“ მიხედვით - გარდაქმნა, ჩანს, რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით, ამ დეტალის გამო, როჰანის ვიზიტი საფრანგეთში მაღალი დონის ვიზიტის თითქმის ყველა კომპონენტს შეიცავს, ფრანგულ ყაიდაზე გამართული სადილ-ვახშმის გარდა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG