Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ეძებს ახალ მყიდველს „მისტრალებისთვის“


მისტრალის კლასის გემები
მისტრალის კლასის გემები

გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას მოსკოვისთვის კომპენსაციის გადახდაზე „მისტრალის“ ტიპის ხომალდებისთვის. ახლა, როგორც იუწყებიან, საფრანგეთი ახალ მყიდველს ეძებს.

5 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია ფრანგული წარმოების ორი საბრძოლო ხომალდის შესახებ კონტრაქტის გაუქმების თაობაზე.

საფრანგეთი რუსეთს სრულად აუნაზღაურებს თანხას, რომელიც მოსკოვმა უკვე გადაიხადაო, იუწყებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ოთხშაბათს, თანხის ოდენობის დაკონკრეტების გარეშე.

კონსერვატიული ორიენტაციის გაზეთ „ფიგაროს“ ინფორმაციით, საფრანგეთი რუსეთს 1 მილიარდ ევროზე ოდნავ ნაკლებს გადაუხდის. ეს თანხა ნაკლებია მოსკოვის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილ ოდენობაზე, 1.2 მილიარდ ევროზე, თუმცა მეტია 800 მილიონ ევროზე, რომლის გადახდაზეც პარიზი თანახმა იყო საწყის ეტაპზე.

ეს თანხა მოიცავს კრემლის მიერ პარიზისთვის უკვე გადახდილ ფულს უშუალოდ ხომალდებისთვის, ისევე როგორც რუსეთის მეზღვაურთა წვრთნის საფასურის ნაწილს.

კრემლიც და საფრანგეთის მთავრობაც აცხადებს, რომ ეს საქმე უკვე დახურულია.

კონტრაქტს ხელი 2011 წელს მოეწერა რუსეთსა და საფრანგეთს შორის - მაშინ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო. 2014 წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, უკრაინის ომში შესრულებული როლის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა - უკვე პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეაჩერა პირველი ხომალდის მიწოდების პროცესი. საფრანგეთში აგებული მეორე საბრძოლო ხომალდი რუსეთში მიმდინარე წლის ბოლოსკენ უნდა ჩაეტანათ, იმავე კონტრაქტის პირობებით.

კონტრაქტი 1.2 მილიარდ ევროს მოიცავდა და იყო ნატოს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა.

„მისტრალის“ ტიპის ხომალდი 16 ვერტმფრენს, 50 დაჯავშნულ მანქანასა და 700 სამხედროს იტევს.

ხუთშაბათს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მედიით გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა ხომალდებისთვის ახალ მყიდველს ეძებს.

„ეს კარგი ხომალდებიაო“, თქვა მინისტრმა და განმარტა, რომ მათ რამდენიმე ფუნქციის შესრულება შეუძლიათ - საბრძოლო ფუნქციის გარდა, მათი გამოყენება მცურავი საავადმყოფოების ფორმითაცაა შესაძლებელი.

ლე დრიანის თქმით, ხომალდების შეძენის ინტერესი უკვე გამოხატა რამდენიმე ქვეყანამ. თუმცა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს ლონდონში მცხოვრები თავდაცვის სფეროს ექსპერტის ბენ მურსის მოსაზრებას, რომ ახალი მყიდველის ან მყიდველების პოვნა შესაძლოა არ იყოს სწრაფი ან ადვილი პროცესი და საფრანგეთს საამისოდ შესაძლოა შეთანხმებების გაფორმების პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომის შემუშავება დასჭირდეს.

მურსს სააგენტოსთვის თავისი პროგნოზიც უთქვამს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში „მისტრალის“ ტიპის ხომალდის შესყიდვაზე დაახლოებით 26 განაცხადი გაკეთდება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებთან ვაჭრობაც საფრანგეთს კანონიერად შეუძლია.

პოტენციური მყიდველების სია მოიცავს როგორც საფრანგეთის ნატოელ მოკავშირეებს, თურქეთს და კანადას, ისე ინდოეთს, ავსტრალიას და სინგაპურს.

ექსპერტის აზრით, საფრანგეთს შეუძლია ხელსაყრელი ფასი ან კრედიტის პირობები შესთავაზოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც თავიანთი ფლოტებისთვის ხომალდების დამატება სურთ - თუნდაც უფრო დიდი ან პატარა ხომალდების. მაგრამ, მისი თქმით, საფრანგეთს მნიშვნელოვან პრობლემას ის გარემოება შეუქმნის, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობას ხომალდების მიწოდება არ დასჭირდება 2022 წლამდე. შედარებით სწრაფად ხომალდების მიწოდება მხოლოდ ინდოეთს და თურქეთს შეიძლება დასჭირდესო, აცხადებს ბენ მურსი.

ეს კი ნიშნავს, რომ „მისტრალის“ ტიპის ორი ხომალდი, რომელთაგან ერთი ჯერაც დაუსრულებელია, შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს სამხრეთ საფრანგეთში. ეს კი საფრანგეთს იძულებულს გახდის მათი შენახვისა და მოვლისთვის საჭირო საკმაოდ დიდი თანხები გაიღოს.

ყველა შემთხვევაში, ვინც უნდა აღმოჩნდეს საბოლოო მყიდველი, მას ხომალდების გადაღებვა დასჭირდება. არშემდგარი მყიდველი ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალურმა პირებმა „ვლადივოსტოკი“ და „სევასტოპოლი“ დაარქვეს ხომალდებს, რომლებსაც რუსეთის ფლოტის ნიშნები და შესაბამისი წარწერები ამშვენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG