Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა და რატომ გამოფინა პრაღის „კარგად ცნობილმა მხატვრულმა გალერეამ?“


ოდესის პროფკავშირების სახლი ხანძრის შემდეგ
ოდესის პროფკავშირების სახლი ხანძრის შემდეგ

დღეს გიამბობთ ერთი გამოფენის შესახებ, რომელიც პრაღაში მოეწყო. ერთი დიდი სახელმწიფოს მედიამ ეს გალერეა „კარგად ცნობილად“ მოიხსენია, მაგრამ პრაღაში მყოფებმა შეიტყვეს, რომ, სინამდვილეში, კომუნისტური პარტიის შენობის მეხუთე სართულის დერეფანზე იყო ლაპარაკი. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ პრაღის ამ, როგორც ის ამბობს, „კარგად ცნობილ“ გალერეაში უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების მხარდასაჭერად ფოტოგამოფენა იმართება. ტელეარხი „როსია 24“-ის თანახმად, ეს გამოფენა იქცა, როგორც ორგანიზატორებს უთქვამთ, „მცდელობად, გადალახულიყო ევროპის მასმედიის საშუალებების შეთქმულება, არაფერი თქვან იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში“.

გალერეაში გამოფენილია ფოტოსურათები, რომლებიც ოდესის პროფკავშირების სახლში გადაიღეს ხანძრის შემდეგ. ამ ხანძრის შედეგად 40-მდე სეპარატისტი დაიღუპა. თვალშისაცემია ის, რომ რუსეთის ტელევიზიამ ამ თავის რეპორტაჟში პრაღის გალერეის ზუსტ დასახელებას გვერდი აუარა. გალერეებს, როგორც წესი, სახელი აქვთ და, მართალია, პრაღაში ბევრი გალერეაა, უცნობი და ცნობილი, როგორებიცაა „ლეიკა“, „ახალი რატუშა“, „პრაღის სახლი“ და სხვა და სხვა, და მათ, კაცმა რომ თქვას, შეიძლებოდა კიდეც გამოეფინათ ოდესის საზარელი ხანძრის ამსახველი ფოტოები, მაგრამ ასე, უსახელოდ, ხსენება გამოფენის ადგილისა, ეჭვს ბადებდა. საქმე ისაა, რომ გამოფენა იმართება არაფრით გამორჩეულ დერეფანში, ჩეხეთის კომუნისტური პარტიის შენობის მეხუთე სართულზე. ამ პარტიას ოფიციალურად ჰქვია „ჩეხეთის და მორავიის კომუნისტური პარტია“. ის წარმოიშვა ჩეხოსლოვაკიის გაყოფის გამო, ერთიანი კომპარტიის დაშლის შედეგად. ჩეხეთში ამ პარტიას თავისი ამომრჩეველი და მიმდევარი არცთუ მცირე ჰყავს. კომპარტიის წევრი კანონმდებლები შესული არიან სენატშიც და დეპუტატთა პალატაშიც. მოკლედ, ამ პარტიის შენობის მეხუთე სართულზე გამართულ გამოფენას ეწვია ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რათა ენახა, რა ვითარებაში იმართება იქ გამოფენა ოდესის ხანძრის გარშემო. დერეფანი იმ დროს ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით იქ მჯდომ ორ ხანში შესულ ადამიანს, კომპარტიასთან დაკავშირებული „ჩეხეთის მესაზღვრეთა კლუბის“ წევრებს. გამოფენაზე იხილავთ 20 ფოტოს, რომლებიც ინტერნეტითაა მოძიებული და დაბეჭდილია თაბახის სტანდარტულ ქაღალდზე. ამ საზარელი ფოტოების დიდი ნაწილი ინტერნეტით გავრცელდა. გამოფენის ორგანიზატორი, ჩეხეთის კომპარტიის გაზეთ „ჰალო ნოვინის“ რედაქტორი მონიკა ჰორენი ამბობს:

„ჩვენი სურვილია ვაჩვენოთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იხოცება უბრალო ხალხი, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი. ისინი არც სეპარატისტები არიან და არც ტერორისტები. ისინი არიან უკრაინის უბრალო მცხოვრებნი, რომლებსაც უკრაინის არმია ხოცავს. ეს კი საშინელებაა!“

მონიკა ჰორენის თანახმად, ამ ფოტოების გამოფენა ითხოვა ერთმა უკრაინელმა, რომელიც უკრაინის მთავრობის პოზიციას არ ეთანხმება. კომპარტიის ორგანოს რედაქტორი სინანულით ამბობს, რომ ჩეხეთის მედია უკრაინის მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს:

„სამწუხაროდ, ჩეხეთის მოქალაქეები არ იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩეხეთის მედიისგან, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გაზეთის საშუალებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინაში კარგი ამბები არ ხდება. უკრაინის ახლანდელი მთავრობა „პუტჩისტების“ მთავრობაა, „პუტჩისტებისა“, რომლებიც ხელისუფლებაში არ მოსულან დემოკრატიული გზით“.

48 წლის მონიკა ჰორენი სამკერდე ნიშანს ატარებს, წარწერით: „გახსოვდეს ოდესა, შეაჩერე ფაშიზმი“. ის ამბობს, ამ გამოფენის გახსნაზე 20-30 ადამიანი მოვიდა და შემდგომ უკვე მათი რიცხვი ძალიან შემცირდაო.

XS
SM
MD
LG