Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი მეგობრობის ხელშეკრულების 50-ე იუბილეს აღნიშნავენ


ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი
ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი
სამშაბათს, 22 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ისტორიული თარიღი აღნიშნეს - ელისეს ხელშეკრულების გაფორმების 50-ე წლისთავი. სწორედ ამ 1963 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ საბოლოოდ გაამყარა მშვიდობა ევროპის ამ ორ ძველ მეტოქე სახელმწიფოს შორის.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს არ შეუშინდნენ „უტოპიას“ და იოცნებონ ევროპის ფედერალურ სახელმწიფოზე, რომელშიც გადასახადების საერთო სქემა იმოქმედებს. როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, ამ მოწოდებით ლიდერები ბერლინში გამოვიდნენ, ელისეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების 50-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დაწყებისას.

„50 წლის წინ, ელისეს ხელშეკრულების გაფორმებისას, ჩვენ ორივენი 8 წლისები ვიყავით. მაშინ მე აღმოსავლეთ გერმანიაში ვცხოვრობდი. ვინ იფიქრებდა, რომ დღევანდელი დღე დადგებოდა“ - ასეთი სიტყვებით გამოვიდა მერკელი შეხვედრაზე, რომელსაც ფრანგი და გერმანელი სტუდენტები და ახალგაზრდა სამხედროები ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც, რომელმაც აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საფრანგეთ-გერმანიის მეგობრობა არჩევანს წარმოადგენს. ჩვენ მეგობრებად არ დავბადებულვართ - მეგობრებად ვიქეცითო“.

ბევრის აზრით, ოლანდმა ამ განცხადებით, ორი ქვეყნის ისტორიული უერთიერთობის გარდა, მისი და მერკელის კავშირებიც იგულისხმა. დღესდღეობით ორ ლიდერს მეგობრული ურთიერთობა აქვს - ოლანდი მერკელს, უბრალოდ, სახელით, „ანგელათი“ მოიხსენიებს. თუმცა შარშან მათ შორის დაძაბულობა იყო - საფრანგეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას მერკელი ღიად უჭერდა მხარს ოლანდის წინამორბედს და მის საარჩევნო მეტოქეს, ნიკოლა სარკოზის.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის მოქმედ ათობით გაცვლით პროგრამაში ჩართული ბევრი ახალგაზრდისგან განსხვავებით, მერკელი და ოლანდი ერთმანეთის ენებზე არ საუბრობენ. „ანგელა და მე ერთმანეთს ხშირად ინგლისურად ველეპარაკებით, ოღონდ ეს არავის უთხრათო“, - გაეხუმრა საფრანგეთის პრეზიდენტი აუდიტორიას.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდი ასეთი განცხადებით გამოვიდა: „საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობა და მეგობრობა გამორჩეულია. საფრანგეთს ასეთი ურთიერთობა არც ერთ სხვა ქვეყანასთან არ აქვს არც მსოფლიოში და არც ევროპაში“.

1963 წლის 22 იანვარს ელისეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გერმანიის და საფრანგეთის მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ლიდერებმა - კონრად ადენაუერმა და შარლ დე გოლმა. ამ ხელშეკრულებით საბოლოოდ გამყარდა მშვიდობა გერმანიასა და საფრანგეთს შორის - საუკუნეების მანძილზე გაგრძელებული ომებისა და კონფლიქტების შემდეგ . სწორედ ელისეს ხელშეკრულებით დაიწყო საფრანგეთ-გერმანიის ალიანსის სახელით ცნობილი კავშირი, რომელიც შემდგომში ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ ძალად იქცა.

სამშაბათს ფრანსუა ოლანდს ბერლინში სრული სამხედრო პატივით დახვდნენ. შემდეგ გაიმართა საფრანგეთის და გერმანიის მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც, გავრცელებული ცნობებით, მალიში მიმდინარე კონფლიქტსა და ევროს მოქმედების ზონაში არსებულ კრიზისზე ისაუბრეს.

ეკონომიკური კრიზისი და მისი გადაჭრის გზები ორ ლიდერს შორის მთავარი უთანხმოების საგანია. საფრანგეთის სოციალისტური მთავრობა გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის, გერმანია კი ხელფასების შემცირებას უჭერს მხარს. ოლანდი მხარს უჭერს ხარჯვის გააქტიურებას, რათა ეკონომიკის ზრდას შეეწყოს ხელი. მერკელი კი, პირიქით, საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის აქტიური მომხრეა, რის გამოც მას ძალიან აკრიტიკებენ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებსაც მწვავე ეკონომიკური პრობლემები აქვთ, თუმცა საკუთრივ გერმანიაში მას ამ პოლიტიკამ მოუმატა ამომრჩევლის მხარდაჭერა.

სამშაბათის შეხვედრების საზეიმო ინტონაციისა და ორი ქვეყნის მეგობრობის შესახებ განცხადებების ფონზე, ეკონომიკასთან მიმართებით ლიდერების შეხედულებები კვლავ განსხვავებული დარჩა. „ჩვენ არ შეგვიძლია გერმანიის მოდელის, უბრალოდ, გამეორება. ჩვენს მეგობრობაში ქვეყნების განსაკუთრებულობა არ უნდა დაგვავიწყდეს. ორივე ქვეყანას თავისი სპეციფიკა და თავისი ძლიერი მხარეები აქვსო“, - განაცხადა ოლანდმა.

მერკელმა, თავის მხრივ, მკაფიოდ თქვა, რომ არც გერმანია აპირებს საფრანგეთის მოდელის გამეორებას, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის გზით. „მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემაში სამართლიანობა გვქონდეს. გერმანიაში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთა 10 პროცენტზე მოდის მთელი საგადასახადო შემოსავლის 50 პროცენტი. ჩვენი სისტემა სამართლიანად მიგვაჩნია და მის შეცვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ოლანდიც სწორედ „სამართლიანობის“ ცნებას იშველიებს, როცა საუბრობს თავისი მთავრობის ინიციატივაზე, მილიონერებს მაღალი - 75-პროცენტიანი - გადასახადი დაუწესდეთ. თუმცა მან იქვე დასძინა - ჩვენ, ამავე დროს, ღია საზოგადოება ვართ, რომელშიც კაპიტალი თავისუფლად მოძრაობს და ადამიანები მას ტოვებენო. როგორც ვარაუდობენ, ამ განცხადებით ოლანდმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეზე მიანიშნა, რომელმაც ახლახან გადასახადებისგან გაქცევის მიზნით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

თუმცა, უთანხმოებების მიუხედავად, მერკელი და ოლანდი შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის გადასახადები ჰარმონიაში უნდა მოვიდეს.

ამასთან, ლიდერების განცხადებით, ეკონომიკის სფეროში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაშიც იგეგმება, ევროპის სავალუტო გაერთიანების გაძლიერების მიზნით. ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ დაგეგმილი ზომების დეტალები მაისში გახდება ცნობილი - ივნისში დანიშნულ ევროკავშირის მნიშვნელოვან სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. როგორც ვარაუდობენ, ეს ზომები მიმართული იქნება ეკონომიკური კონკურენციის ხელშეწყობაზე ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებს შორის.

შეკითხვას, „უტოპიური“ ხომ არ ეჩვენება ერთიანი ფედერალური ევროკავშირის ჩამოყალიბების პერსპექტივა, ოლანდმა უპასუხა, 50 წლის წინ დღევანდელი ევროკავშირიც უტოპიურად მოეჩვენებოდა ბევრსო.
XS
SM
MD
LG