შაბათი, 30 აპრილი, 2016 თბილისის დრო 20:53

რუბრიკები / მუსიკა, მუსიკა

ნენე ჩერი - The Cherry Thing

ნენე ჩერი ნენე ჩერი
x
ნენე ჩერი
ნენე ჩერი

მულტიმედია

აუდიო
გასულ წელს, როცა საქსოფონისტ ორნეტ კოულმანზე ვსაუბრობდი, მისი სადებიუტო ალბომი Something Else ვახსენე - მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის დისკი, რადგან ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების, "ფრი ჯაზის", დაბადების ადგილად ითვლება. რა თქმა უნდა, "თავისუფალი ჯაზის" შექმნა ორნეტ კოულმანის ახირებულ საქსოფონს მიეწერება, თუმცა ზემოხსენებულ ალბომს მონათესავე სულების გარეშე რომ ვერ გაახერხებდა, ესეც უტყუარი ფაქტია. მონათესავე სულებში კონტრაბასისტ ჩარლი ჰეიდენს, დრამერ ბილი ჰიგინსსა და კორნეტისტ დონ ჩერის ვგულისხმობ. ამ უკანასკნელს კი არანაკლები წვლილი მიუძღვის ჯაზ-ავანგარდის განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, ისიც ორნეტივით დარტყმული ბრძანდებოდა, მასაც საქსოფონისტივით ლანძღავდნენ წინაპართა მუსიკალური ტრადიციების შეურაცხყოფისათვის და ჯაზური ენის წაბილწვაში ადანაშაულებდნენ.



დონ ჩერი კორნეტზე უკრავდა, უჩვეულო ზომის, ერთ ციცქნა ინსტრუმენტზე, რომელსაც თავად ჯიბის საყვირს ეძახდა. ორნეტთან ერთად მიზანმიმართულად ანგრევდა სტანდარტულ ჰარმონიულ თუ რიტმულ ფორმულებს და ე.წ. "ჰარმოლოდიკის" პრინციპს აყალიბებდა, სადაც ჰარმონია, რიტმი და მელოდია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჯებოდნენ, თუმცა თანასწორობასა და თანაარსებობასაც ახერხებდნენ. დონ ჩერის  ერთი ჩვევა ჰქონდა - რეპეტიციებსა თუ ტურნეებში თავის გერს მუდამ თან დაატარებდა. პატარა გოგონა მუსიკის სიყვარულში ჰყავდა შემჩნეული და ფიქრობდა, რომ უფროსი თაობის მუსიკოსთა გარემოცვაში გაცილებით უკეთ დაეუფლებოდა ჯაზურ აზროვნებას, ვიდრე ნებისმიერ კოლეჯსა თუ აკადემიაში. ჰოდა, როცა ბავშვობაში ორნეტ კოულმანის, არჩი შეპის ან, თუნდაც, სონი როლინსის მიერ მოყოლილ ჯაზურ ზღაპრებს ისმენ, როცა მაილს დევისი კისერზე შემომჯდარს დაგასეირნებს, ერიკ დოლფი და ფარაო სანდერსი მუსიკის ანა-ბანას გიხსნის, დიდი უნამუსობა იქნება მუსიკას არ გაჰყვე. გოგონაც ასე მოიქცა, თუმცა რატომღაც ჯაზური გზით არ წასულა - რეპში, ჰიპ-ჰოპსა და სოულში ტრიალებდა. მას ჩვენც კარგად ვიცნობთ 90-იანი წლების ამ ჰიტით: 7 seconds.



დიახ, სიუჟეტს მერიან კარლსონზე, იმავე ნენე ჩერიზე, საუბრით გავაგრძელებ. ვერ ვიტყვი, აღტაცებული ვიყო ამ ქალბატონის შემოქმედებით. იუსუ-ნ-დურთან ერთად ჩაწერილი ეს უცნაური სიმღერაც 20 წლის წინანდელია და მას მერე არც იმოდენა უქნია რამე, ყურადღებად რომ ღირდეს. თუმცა ამას წინათ ერთი საინტერესო პროექტი - The Cherry Thing - გამოსცა, რომელიც 8 თხზულებას აერთიანებს. უფრო სწორად, ისეთი თემების "ფრი-ჯაზ" ვერსიებს, როგორიცაა, მაგალითად: ნორვეგიელი საქსოფონისტის მატს გუსტაფსონის აღმოსავლური ინტონაციებით სავსე Sudden Moment, იგი პოპის 1970 წლის  ბლუზი "Dirt", პანკჯგუფ "რამოუნსის" სიმღერა "Too Tough to Die", დონ ჩერის "The Thing" და ორნეტ კოულმანის "What Reason Could I Give". მართალი გითხრათ, პირველი მოსმენისას არ მომეწონა. ბგერათა ვიბრაციის, მელოდიური სვლებისა თუ მოტივის მოხელთებაც გამიჭირდა, კრიზისში მყოფი მუსიკოსების ბოდვაა-მეთქი. ნორვეგიულ-შვედური ტრიო კი, რომელიც ნენე ჩერის აკომპანირებას უწევს, ალაგ-ალაგ აჩენს მუსიკალურ სტრუქტურებს, შემდეგ დისონანსური აკორდებითა თუ ალოგიკური აქცენტებით უმოწყალოდ ანგრევს, ბოლოს კი, კვლავ აშენებს სრული ანარქიის ფონზე. ჰოდა, ბოლოს გემოც ამაში ვიპოვე - ჰარმონიულ, რიტმულ თუ მელოდიურ ქაოსში, ნგრევისა და შენების იმ დინამიკაში, გასულ საუკუნეში ნენე ჩერის ზემოხსენებულმა მამინაცვალმა და მისმა საძმაკაცომ რომ იქადაგა. 

The Cherry Thing ნენე ჩერის ბავშვობის მუსიკალური შთაბეჭდილებების გაზიარებისა და "ფრი ჯაზის" შემქმნელთა პატივის მიგებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუ როგორ გამოუვიდა, ინდივიდუალური გემოვნების საქმეა. ასე რომ, გამგებ-დამფასებელიც გამოუჩნდება და, რა თქმა უნდა, აუგის მთქმელიც. ჩემთვის კი  The Cherry Thing იმედის მომცემი განაცხადია, ნენე ჩერის პირველი ნაბიჯებია "ფრი-ჯაზის" ტერიტორიაზე, იმ სამყაროში, სადაც ტრადიციული ჯაზური ფორმები დესტრუქციის საგანს წარმოადგენს, სადაც მთავარი გამოხატვის თავისუფლებაა და სადაც ყველა მუსიკოსი, წინასწარი მონახაზის გარეშე, ერთდროულად იმპროვიზირებს. ასე რომ, არა მხოლოდ მივუტევე ოცწლიანი პოპნაცოდვილარი, არამედ მუსიკოსთა იმ მარაქაშიც გავრიე, მოწიწებასა და პატივისცემას რომ იმსახურებს.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო შენიშვნები და რეკომენდაციები აჭარის ტელევიზიის მისამართით

აჭარის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2015 წლის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
გაგრძელება

აუდიო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და მთავრობის ოპტიმიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შდა პროდუქტი 2.3 პროცენტით გაიზარდა.
გაგრძელება

აუდიო “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო სიახლე

30 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა და პარტიის წინასაარჩევნო სიის ფორმირების პროცესი წარმოადგინა.
გაგრძელება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავი და დონალდ ტრამპის გამოსვლა ვაშინგტონში, სადაც მან საგარეოპოლიტიკური ხედვა წარმოადგინა - დღეს ამ თემებს ეთმობა უცხოეთის პრესის მიმოხილვა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)